ღირსი სვიმეონ ძველი (+390) – 26 (08.02) იანვარი
ღირსი სვიმეონ ძველი (+390) – 26 (08.02) იანვარი
ღირს სვიმეონს (+დაახლ. 390) ძველს უწოდებენ სვიმეონ მესვეტისაგან (ხს. 1 სექტემბერს) განსასხვავებლად.

იგი ბავშვობაში გავიდა სირიის უდაბნოში, ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და აქ ატარებდა დღეებს განუწყვეტელი ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით: წმინდა მამა მხოლოდ გამოქვაბულის ირგვლივ მობიბინე ბალახით იკვებებოდა. როცა მარტომყოფის მოღვაწეობის ამბავი გახმაურდა, მასთან სულიერი დამოძღვრის მსურველებმა იწყეს სიარული. განმარტოების მაძიებელმა მამამ რამდენჯერმე გამოიცვალა დაყუდების ადგილი.

ერთხელ გადაწყვიტა, სინას მთაზე წასულიყო. გზად სოდომის უდაბნო გაიარა, თხრილში ველურივით ნახევრად შიშველი ადამიანი ნახა. უცნაურმა კაცმა სვიმეონს მოუთხრო, რომ ერთხელ ისიც მასავით სინას წმინდა მთისკენ მიდიოდა მეგობართან ერთად. მეგობრისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ სიკვდილის შემდეგაც არ მიატოვებდა.

სამწუხაროდ, მგზავრობისას მისი მეგობარი მოულოდნელად გარდაცვლილა და მას აქ დაუმარხავს, გვერდით თხრილი გაუკეთებია და იქ აპირებდა მთელი ცხოვრების გატარებას ლოცვაში. თხრილში მჯომი კაცისთვის საკვები ლომს მიჰქონდა ყოველდღე. გაგონილი ძალიან შთამბეჭდავი იყო სვიმეონისთვის.

მან, როგორც იქნა, მიაღწია სინას მთას, ავიდა იმ ადგილზე, სადაც მოსეს უფალი გამოეცხადა, მუხლი მოიყარა და სწორედ ამ დროს მოესმა უფლის ხმა, რომელიც ამცნობდა, რომ ამ მდგომარეობაში დარჩენილიყო, ვიდრე უფალი არ უბრძანებდა ადგომას. სვიმეონმა მუხლმოდრეკილმა და მშიერ-მწყურვალმა ერთი კვირა გაატარა სინას მთაზე.

შემდეგ უფალმა უბრძანა, ამდგარიყო და ეჭამა სამი ვაშლი, რომელიც მის სიახლოვეს იყო. სვიმეონი ასეც მოიქცა. ღირსმა მამამ გახარებულმა დატოვა სინას მთა.

დასაყუდებელი ადგილის მაძიებელი სვიმეონი ბოლოს ღვთის მინიშნებით, ამანის ქედის ერთ-ერთ მთაზე დაემკვიდრა, აქ ორი სავანე ააგო და კეთილად განაგებდა მის მკვიდრთა ცხოვრებას. ღირსმა სვიმეონმა კეთილმსახური ცხოვრებისათვის ღვთისაგან სასწაულქმედების ნიჭი მიიღო.
...........................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1