მართლმადიდებელი და მართლგამომეტყველი
მართლმადიდებელი და მართლგამომეტყველი
მადლმოსილი ადამიანები
მადლი წინასწარმეტყველებისა. უდიდეს ათონელ მამას, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჰაჯი გიორგის, გულში მოწამეობის სურვილი გაუჩნდა. 60 დღე ილოცა, კვირაში ერთხელ იღებდა საჭმელს და ასე "განმზადებული", რჩევისა და კურთხევისთვის წმინდა ილარიონ ქართველთან მივიდა. მამა ილარიონმა უთხრა: - მე ეკლესიისგან არ მიმიღია უფლება, რომ ასეთ შეკითხვებზე გიპასუხო. თუ ღვთის ნების შეტყობა გსურს, წადი მამა ბენედიქტე ქართველთან (ქიოტიშვილი, +1862), მოუყევი შენი ამბავი. რასაც გეტყვის - აღასრულე, რადგან ეს იქნება ღვთის ნება და შენთვის სასარგებლოო. მამა ბენედიქტე მიხვდა, რომ ყმაწვილი ილარიონმა გაუგზავნა და სანამ რამეს ურჩევდა, თავისი თავი "განაქიქა" - ბენედიქტე, რამდენი წელია აქ ცხოვრობ და ახალმოსული წარგემატება. განა ოდესმე მასავით ასე დიდხანს გილოცია, გიმღვიძარია ანდა გიმარხულია? ჰაჯი გიორგი მიხვდა ყველაფერს და დიდ მოძღვარს მუხლებში ჩაუვარდა. მან კი ბრძანა: - რომც გითხრა რამე, მაინც არ დამიჯერებ და ეცდები სურვილის ასრულებას, თუმცა ბევრს დაითმენ, მაგრამ მოწამის გვირგვინს ვერ მიიღებ. ნამდვილი მოწამეობა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გეწვევა ათონზე, ახალგაზრდა ძმათაგან, შენს გარშემო რომ შეიკრიბებიანო. მართლაც, ჩავიდა ჰაჯი გიორგი კონსტანტინოპოლში, აღიარა ქრისტე, თურქებმა საშინლად სცემეს და ქალაქიდან გააგდეს. ასე ასრულდა მამა ბენედიქტეს წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი, დანარჩენი კი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ახდა - მამა გიორგის ახალგაზრდა ბერები აუჯანყდნენ, წინააღმდეგნი იყვნენ მისი მკაცრი ტიპიკონისა.

ათონელ მამა ბესარიონ ქიქოძეზე (+1893) ამბობდნენ: იმნაირი მოწიწებით აღასრულებდა მნათის მოვალეობას, კაცი კი არა, ანგელოზი გეგონებოდათო. მრავალ სათნოებას მალავდა მამა ბესარიონი, მათ შორის - წინასწარმტყველების მადლს. ეს ერთადერთხელ, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გამოამჟღავნა. 7 ოქტომბრის საღამო იყო. უცებ თქვა: დეკანოზი გიორგი მოვიდაო. გიორგი იყო მისი მოწაფის, ქრისტეფორე ახვლედიანის უფროსი ძმა და ნათესავად ერგებოდა. სად არისო, - ჰკითხეს. ნუთუ არ იცით, რომ ათონზე სხვებთან ერთად მოვიდაო? ბოდვასო, იფიქრეს... სინამდვილეში ამ დღეს საქართველოდან ათონზე მართლაც ჩავიდა დეკანოზი გიორგი ორ ქართველთან ერთად. მეორე დღეს, დილით, ისინი მივიდნენ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ქართულ სავანეში და მაშინვე გაემართნენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის კელიისკენ, სადაც ბერი ქრისტეფორე და მამა ბესარიონი ეგულებოდათ. მამა ბესარიონის ნახვის უსაზღვრო სურვილი არ მაყენებსო, - უთქვამს მამა გიორგის. ბერს აცნობეს, გიორგიმ შენი ძმის, იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის, წერილი მოგართვაო. მამა ბესარიონმა გამოართვა ბარათი, ეამბორა და უკან დაუბრუნა, არც უკითხავს, რას სწერდა ძმა. ამის შემდეგ სიტყვა აღარ უთქვამს, "უფალო, უფალოს" ლოცვით ჩააბარა სული უფალს. მაშინ ის 86 წლის გახლდათ, წინასწარმეტყველების მადლი კი ათონზე 58-წლიანი მოღვაწეობით მოეპოვებინა.

ლეგენდად ქცეული. მამა ბესარიონ ფავლენიშვილმა ფიცხელი მოღვაწეობით ღვთის დიდი მადლი მოიპოვა, მრავალი სული მოაქცია ქრისტესკენ. მისი სახელი ლეგენდად იყო ქცეული, იგი იქცა პროტოტიპად ალექსანდრე ყაზბეგის მოძღვრისა - მღვდელ ონოფრესი. ის სიბერეში სოფელ ერედვის მოშორებით, მთაში, წმინდა ელიას საყდრის მახლობლად, მღვიმეში ცხოვრობდა. 1824 წლის 19 ივნისს ოსმა ყაჩაღებმა, ვითომდა გაძარცვის მიზნით, მამა ბესარიონი თავის სადგომში მოკლეს. ერედვის მოსახლეობამ მისი წამებული სხეული წამოასვენა და წმინდა გიორგის ეკლესიაში, ამბიონის წინ, დაკრძალა. XX საუკუნის დასაწყისამდე იქვე ინახებოდა ბესარიონის ჯაჭვის პერანგი, ლითონის სარტყელი და ლითონისავე კუნკულა, რომელსაც შიგნიდან წვეტიანი ლურსმნები ჰქონდა. "ყველა ცდილობდა, წმინდა კაცის ტანისამოსის ნახევი ან მისი თმის ბეწვი შეეძინა და თაყვანს სცემდა, როგორც წმინდა ნაწილებს. ამ ნეტარ მოღვაწეს ახლაც კურთხევით იხსენებენ მოხევენი და ბევრი გადმოცემაც არის დარჩენილი მის წმინდა ცხოვრებაზეო," - წერდა 1903 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე სოსიკო მერკვილაძე.

წვიმა. ალავერდელ ეპისკოპოსზე, დავით ბურდილაძეზე (+1963), ჰყვებოდა მისი შვილიშვილი: ერთ წელიწადს თურმე დიდი გვალვა დაიჭირა. გადიოდა დრო. წვიმის წვეთი არ დასცემია მიწას. გლეხობა შეწუხდა, ენანებოდა ნაამაგარის ასე ერთბაშად მოსპობა. პაპას ერთი პატარა მდინარის პირას საეკლესიო წესი აღუსრულებია. უამრავი ხალხი დასწრებია ამ ამბავს. პაპა ღმერთს შესთხოვდა წვიმას. მოხდა სასწაული. იმ ღამეს მოვიდა კოკისპირული წვიმა და რამდენიმე დღე არ გადაუღია. ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა თურმე. ეს მადლიანი მღვდელმთავარი აღდგომის დღეებში გარდაიცვალა, გადასახლდა ზეციურ საქართველოში.

მეორე წვიმის ამბავს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტზე, გაბრიელ ჩაჩანიძეზე (+1956) ჰყვებიან. იმერეთში დიდი გვალვის დროს მასაც მდინარე უკურთხებია და ისეთი თქეში მოსულა, ხიდები წაუღია, ნათესები გაუფუჭებია. ამისთვის დაუპატიმრებიათ და თბილისში, უფროსებისთვის შეუტყობინებიათ: მღვდელი დავიჭირეთ, რადგან მისმა ლოცვამ საშინელი წვიმა მოიყვანა და დიდად დაგვაზარალაო. იქიდან დაუტუქსავთ: - ჩვენ ხალხს ვუმტკიცებთ, ღმერთი არ არსებობსო, თქვენ კი მაგისთვის კაცს იჭერთ. ამის მერე ხომ მღვდლებს ადვილად დაუჯერებენო. და მღვდელმთავარი გაუთავისუფლებიათ.

მარტო მყოფი. 40 წლის იყო უთუთი ფაჩულია, როცა ამ სოფელს განუდგა და ბერი ონისიფორე მარტომყოფი შეიქნა. მისი სულიერი მოძღვარი, წმინდა ალექსი შუშანია, მამა ონისიფორეზე ამბობდა: "ამგვარ მკაცრ მოღვაწესთან, როგორც კამეჩთან პატარა მოზვერი, ეგრე ვჩანდი და მის შედარებასთან გული მწყდებოდა, რადგან მისებრ გაწირვა არ შემეძლო თავისა, თუმცა კი მსურდა". 1900 წელს დიდმარხვა, სულიერი მამის კურთხევით, ბერ ონისიფორეს მხოლოდ მჭადით გადაუტანია, თანაც დღეში ერთხელ ტრაპეზობდა. აღდგომას ეზიარა და მამა ალექსის გაუმჟღავნა, - რაღაც უჩვეულოდ ვხედავ თავს, ადამიანურ ვნება-სურვილებისგან ყოვლადვე თავისუფალსო. "მამაო ალექსი, კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან ესრეთ შემიბრალა და სიგლახაკე ჩემი აღამაღლა... ამაღლდა გრძნობანი ჩემნი სრულიად სოფლისაგან და ვგონებ, რომ ვარ სამოთხესა შინა... სრულიად შეიცვალა ჩემი მდგომარეობა, ახლა გული, გონება და სული გამოუთქმელ ნეტარებაშია. აწ ისიც უნდა განგიცხადო, მოძღვარო, რომ ვიცოცხლებ ორი წელი, ე.ი. აღდგომიდან მესამე აღდგომის ამაღლებამდეო". წმინდა ალექსის უკითხავს, - ეს საიდან იციო. ონისიფორე ბერს უპასუხია: - ერთხელ ზეციდან მომესმა ხმა: "მოვედით ჩემდა, კურთხეულნო მამისა ჩემისანო", ავიხედე და ვიხილე "ღრუბელსა ზედა მჯდომარე ჯვარგადმოსახვით მაცხოვარი". მეორედ კი ვევედრებოდი ღმერთს, გაემჟღავნებინა ჩემთვის, როდის გარდავიცვლები და ვისთან მექნება საუკუნო სავანეობა. ერთ ღამეს მესმა ხმა: "წმინდა მამების პირველ საყოფელში ხარ და მესამე აღდგომის ამაღლებამდე დარჩები სოფლადო". ამ დროს ცოტა შეუძლოდ ვიყავი და ვიწექი. უეცრად მზეზე უბრწყინვალესმა სინათლემ მომიცვა. სამი დღე და ღამე ვუცქერდი ხატის კუთხეში მოელვარე ნათელს, გამოუთქმელი სიხარულით აღტაცებულიო. მოიწია რა მესამე აღდგომის ჟამი, მამა ონისიფორე მძიმედ დასნეულდა და თეკლათის მონასტერში ააყვანინა იღუმენია დედა ათანასიამ. ამაღლების მესამე დღეს განისვენა დიდსქემოსანმა ონისიფორემ და გვამი მისი გაბრწყინდა. ამის შემსწრე იყო მონასტრის კრებული და წმინდა ალექსი. ოთხი დღე მაისის სიცხეში ესვენათ და "იქ მყოფთ ყოვლადვე სურნელება ტკბილი და საამო ეყნოსებოდათ". 1903 წლის 24 მაისს დაუკრძალავთ ეს მადლმოსილი ღირსი მამა.

ჯვრის ძალით. თეკლათის მონასტრის დედებს თავდაპირველად მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში უღვაწიათ. მათ წინამძღოლობდა დიდად მოღვაწე დედა სალომე თავდგირიძე (+1880წ.). ერთხელ ახალმოსული სამონაზვნე ქალი ეშმაკეული შექმნილა, რომელსაც ბაწრით ძლივს ამაგრებდნენ დები. დედა სალომე ამ დროს მონასტერში არ იყო. დედა ათანასიამ (სალაყაია) კაცი გაუგზავნა და შეატყობინა ეს ამბავი. დედა სალომეც დაუყოვნებლივ წამოვიდა, იხილა რა სამონაზვნე, თქვა: ეშმაკს გაუტაციაო. შემდეგ შევიდა მთავარანგელოზის ეკლესიაში და ილოცა რამდენიმე ჟამს. იქიდან გამოსულმა აავსო ჭიქა წყლით, გადასახა ჯვარი, მისცა ეშმაკეულს და უბრძანა, დაელია. მანაც შესვა წყალი და მაშინვე დაუტევა სულმა ბოროტმა. განკურნებული შეუვრდა დედა სალომეს და ადიდება ღმერთს ასეთი გულმოწყალებისთვის.

თაფლის სანთელი. დიდად მოღვაწენი იყვნენ თეკლათელი დედები, მადლიანი ლოცვა იცოდნენ და ღმერთიც ყოველთვის მათ გვედით იყო. მოაკლდებოდათ საზრდო, დარჩებოდნენ მშივრები. ამ მდგომარეობაში მყოფთ ხშირად უხილავთ მათი სენაკის წინ სანოვაგითა და ფქვილით სავსე ტომარა. ერთხელ, წმინდა სტეფანეს ხსენების წინა დღეს, ღამისთევის ლოცვა მოისურვეს, მაგრამ არც სანთელი ჰქონდათ და არც ზეთი კანდელისთვის. იფიქრეს და გადაწყვიტეს, სიბნელეში მდუმარედ ელოცათ "იესოს ლოცვა" კუბოსკვნილზე. როცა ლოცვის დრომ მოაწია, სენაკის წინ ცვილის გროვა იხილეს. დედებმა სიხარულით მადლობა შესწირეს ღმერთს, საჩქაროდ ჩამოქნეს სანთლები და დიდი აღტაცებით აღასრულეს ღამისთევის ლოცვა.

კურნების ნიჭი. დიდი მღვდელმთავარი იყო ზენონ ალავერდელი (XVIII ს.), მართლმადიდებელი და მართლგამომეტყველი. ამბობენ, ერთ კაცს თვალთ დააკლდა და ბოლოს სულმთლად დაბრმავდაო. მეუფე ზენონი ახლობელი იყო მისი, თანაც მღვდელმთავარს ძალზე მოწყალე გული ჰქონდა. შეეცოდა სნეული, ილოცა მისთვის, თავზე ხელი დაასხა და მრავალი ლოცვის შემდეგ ჯვარი გადასახა. მეყსეულად აეხილა ბრმას ორივე თვალი და ღმერთს ადიდებდა. ძალზე მოწყალე გული ჰქონდა მღვდელმთავარს, გასცემდა - ფულს, სამოსს, ჭურჭელს. ერთხელაც თავისთან მიიხმო უფალმა. მისი გარდაცვალების ღამეს ვინმე თერძს დაუნახავს "შარავანდი რაიმე დიდი ლამპრისა". მისი სენაკის სახურავიდან ამავალი დიდი "სანთელი მეგონა და ახლა ვხვდები, რა ნათელიც იყოო", - ამბობდა თერძი. დაკრძალვიდან 15 წლის შემდეგ მისი საფლავის ახლოს თხრიდნენ საფლავს ვინმე დიდებულისთვის. ერთ ადგილას მამა ზენონის კუბო გამოჩნდა, რომელიც თითის სიმსხოზე იყო გატეხილი, საიდანაც ისეთი საკვირველი კეთილსურნელება ამოვარდა, რომ მისი ყნოსვით ვერ განძღებოდნენ.

ლოცვის შარავანდედი. წმინდა გაბრიელ მცირეს მოუთხრო ერთმა მღვდელმონაზონმა: კვირა თენდებოდა. წირვისთვის ვემზადებოდი. სასწრაფოდ სანთლის ანთება დამჭირდა. ერთი ღირსი და პატიოსანი ძმის სენაკიდან სანთლის ბრწყინვალება მოჩანდა. მივედი სენაკის კართან და ვთხოვე, ჩემთვის სანთელი აენთო. გამიღო კარი და მითხრა, - არ მინთია, მამაო, სანთელიო. დაკეტა კარი და ლოცვა განაგრძო. მე კი სარკმლიდან სანთლის შარავანდედს ვხედავდი. განცვიფრებული ვიყავი, რომ ამ ბნელ ღამეს მისი წმინდა ლოცვით აგრერიგად ბრწყინვალე სინათლით აღვსებულიყო მისი სენაკი.

მადლმოსილება. დაბოლოს, ისევ ჩვენი დროის მამის მადლმოსილება ვახსენოთ. მრავალი სულიერი ნიჭი ჰქონდა მამა გაბრიელს (ურგებაძეს) - ლოცვისა, მარხვისა, წინასწარმეტყველებისა, ენებზე საუბრისა (რასაც ადასტურებენ მისი სულიერი შვილნი), კურნებისა, ქადაგებისა. ღმრთივგანსვენების შემდეგ იგი უფრო მეტად შეეწევა თავის ერს, ახლაც მოაქცევს ხალხს ქრისტესკენ თავისი მადლით.

ერთ წყვილს, მაშინ არაეკლესიურთ, მცხეთაში ჯვარი დაუწერია, შემდეგ კი მამა გაბრიელის საფლავთან ულოცია და შეწევნა უთხოვია. ზუსტად ჯვრისწერის წლისთავზე ქმარს მამა გაბრიელი გამოსცხადებია და უსაყვედურია: "თქვენ რომ ქორწილის დღეს ჩემს საფლავთან ილოცეთ და შეწევნა მთხოვეთ, არ დამვიწყებია. აქამდე არ მეცალა, ახლა კი მოვიცალე, მოვედი, რომ შეგეწიოთ და მაინტერესებს, ეკლესიურად რატომ არ ცხოვრობთო". საგულისხმოა დედა პარასკევას მონათხრობი: "ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი: მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი, დასიებული ფეხები მაჩვენა და მითხრა: - იცი, როგორ დავიღალე? ახლა საავადმყოფოებიდან მოვდივარო".

ჩვენი მკითხველი ალბათ შენიშნავდა, რომ ზემომოთხრობილი ამბები იმ ქართველ მამათა და დედათა ცხოვრებიდან არის მოტანილი, ვინც დედაეკლესიას ჯერ წმინდანად არ შეურაცხავს, მაგრამ როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ უხვად გასცემენ მადლს, ღვთისგან ბოძებულს...

სურათი მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ
ბეჭდვა
1კ1