ნახე, როგორი ტკბილია ქრისტე?
ნახე, როგორი ტკბილია ქრისტე?
იღვაწე, რომ ეს მადლი შენი საკუთარი გახდეს და ვერ მოგტაცოს იგი დაუდევრობამ
* მამა გაბრიელი (ზირინიანოვი, +1914) ერთხანს ავადმყოფობდა. ცოტა რომ მოიკეთა, ექიმმა ხალხის მიღების ნება მისცა. მამა გაბრიელს არ უნდოდა, მოსულთა ყურებით გონება განფანტვოდა და ღმერთი აღარ ეჭვრიტა. ამიტომ თვალდახუჭული ესაუბრებოდა მოსულთ. თუმცა სტუმრები დუმდნენ, მათი ფიქრები მოძღვარს ლაპარაკივით ესმოდა. ამის შემსწრენი თავდაპირველად შეშინდნენ, ატირდნენ კიდეც. ამის შემდეგ მამა გაბრიელი ცდილობდა, თავისი ღვთაებრივი ნიჭი დაეფარა კაცთაგან. ვიდრე ვინმეს რამეზე უპასუხებდა, ყურადღებით შეხედავდა ხოლმე - მართლა მეკითხებიან თუ არაო. ასეთი შემთხვევა კი მრავლად იყო. ხშირად ეტყოდა მორჩილს, - იოსებ, გამომიცვალე თეთრეული, კელიაც მიალაგე, სტუმრები მოდიანო. მართლაც, იოსები საქმეს მორჩებოდა თუ არა, მამა გაბრიელის დასახელებული პირნიც ეწვეოდნენ.

* მამა იაკობ ევბეელი (+1991) ამბობდა: ღმერთს შევევედრე, რომ მოეცა ჩემთვის ნიჭი დაფარულთმცოდნეობისა, რათა კაცთათვის სახეზე შეხედვისთანავე მივმხვდარიყავი, რა უჭირდათ და დავხმარებოდი. ღმერთმა ყველა ნიჭი და პატივი მომცა (მღვდლობა, სულიერი მამობა, იღუმენობა და სხვა), მაგრამ ისინი კუბოს კარამდე მიმყვება, მერე კი ახალი, სხვანაირი ცხოვრება დაიწყებაო.

* წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის სულიერი შვილი ჰყვებოდა: ხშირად მინახავს, შუაღამისას მლოცველი წმინდა ნექტარიოსი ბრწყინვალე ნათელს მოუცავს და ცეცხლი შესამოსელივით შემოხვევია მის წმინდა სხეულს. ეს იყო ცეცხლი მადლისა.

დედა მაგდალინა ამბობდა: წმინდა ნექტარიოსი წირვისას ხშირად ტოვებდა მიწას და ჰაერში აიწეოდა ხოლმე. ერთხელ, "ქერუბინთას" გალობისას, მღვდელმთავარი ჰაერში ამაღლდა. მის გვერდით მდგარი მგალობელი იძულებული შეიქნა, მეორედ ეგალობა, მაგრამ წმინდა ნექტარიოსი არ ჩამოდიოდა მიწაზე. მაშინ მგალობელი მღვდელმთავარს ხელზე შეეხო. ის თითქოს გონს მოვიდა. შემდგომ წმინდა ნექტარიოსმა უთხრა ამ კაცს: როცა ღვთიურ საგნებს ვჭვრეტ, ნუ შემაწუხებ, მხოლოდ თითით მიჩვენე ის ლოცვა, სადაც გავჩერდი და დამელოდეო.

"ნექტარია, გინდა, შენი მფარველი ანგელოზი იხილო?" - ჰკითხა თურმე ერთხელ სულიერ შვილს. "მინდა", - მიუგო მონაზონმა. "შეხედე, ის შენს წინაშეა", - ბრძანა წმინდა ნექტარიოსმა. ახალგაზრდა მონაზონი ისე შეაკრთო ანგელოზის ბრწყინვალებამ, წმინდა ნექტარიოსმა ინანა კიდეც, რომ ანგელოზი ანახა.

* მცირე აზიის სოფელ ფარასას ერთადერთი "ექიმი" ჰყავდა - მამა არსენი (+1924), რომლის ლოცვით მრავალი იკურნებოდა სულიერ თუ ხორციელ სნეულებათაგან. მამა არსენი საცეცხლურის ნაცარს ბუხრის კუთხეში ყრიდა. ზოგიერთი ავადმყოფი თურქი ჰაჯი ეფენდის (ასე ეძახდნენ მამა არსენს) ლოცვის ღირსად არ მიიჩნევდა თავს და მხოლოდ ამ ნაცარს სთხოვდნენ, წყალში ხსნიდნენ, სვამდნენ და იკურნებოდნენ. ერთხელ ერთმა თურქის ქალმა მამა არსენის კელიის ზღურბლიდან აიღო მიწა, მტკივან ხელზე წაისვა და განიკურნა. მის მიერ მოხდენილ სასწაულთაგან ერთმა განსაკუთრებით განმაცვიფრა. ვინმე ფარასელი მდიდარი, სახელად ანასტასი, ბათუმიდან სამშობლოში მობრუნებულიყო და ათეისტური ქადაგებით ტვინს უმღვრევდა მორწმუნეებს. მამა არსენი გაბრაზდა და მკაცრად უთხრა ათეისტს: - ანასტასი, საიდანაც გამოგვეცხადე, უკანვე უნდა მიგავლინოო. შემდეგ განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. უეცრად ამოჭრილმა საშინელმა ქარბორბალამ აიტაცა ანასტასი და სადღაც გააქანა. შეწუხებული ნათესავები მამა არსენმა დაამშვიდა: - ნუ ღელავთ, ანასტასი ჯანმრთელია და ბათუმში თავის ფარდულში ზისო. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ. პირშერცხვენილი ანასტასი თავის თანასოფლელებს აღარ სწვევია. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ სასწაულსაც კი არ მოუყვანია გონს.

* ღირსი მამა ფილოთეოს ზერვაკოსი თესალონიკში წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის დღესასწაულს დაესწრო. იმ ღამეს სულიერი შვილის ოჯახში დარჩა. ცალკე ოთახში მოასვენეს. მეორე დღეს კი თესალონიკში წავიდა. იმავე საღამოს მის სულიერ შვილს დიდმოხელე მეგობარი ეწვია. მასპინძელმა ის იმ ოთახში მოასვენა, სადაც მამა ფილოთეოსმა გაათია ღამე. დილით სტუმარმა ჰკითხა მასპინძლებს: მთელი ღამე მშვენიერი გალობა მესმოდა. გამიკვირდა, ასე კარგი გალობა როდის შეისწავლეს-მეთქი. განძრევისა მეშინოდა - განთიადამდე დიდი სიხარულით ვუსმენდი ტკბილ მუსიკასო. მასპინძელმა უთხრა, - წუხელ არავის უგალობიაო. მაგრამ შეახსენეს, რომ სტუმარი იმ საწოლში იწვა, სადაც მოძღვარს ეძინა. ამ ოთახში იღებდა მამა არსენი აღსარებებს მონანულ კაცთაგან, რის გამოც ანგელოზნი დიდად იხარებდნენ ცათა შინა.

* მამა იოსებ ათონელის (+1957) მოწაფე ჰყვებოდა: ერთხელ მამა იოსებმა ღიმილით მითხრა, - ამაღამ ამანათს გამოგიგზავნი და ეცადე, არ დაკარგოო. დაღამდა. ლოცვისთვის ვემზადებოდი და მოძღვრის "ამანათი" სულ გადამავიწყდა. დავიწყე ლოცვა, რამდენჯერმე წარმოვთქვი ქრისტეს სახელი და გული ღვთის სიყვარულით ამევსო. ეს სიყვარული უეცრად ისე გამრავლდა, რომ ამ ნამეტნავი სიყვარულის გამო განცვიფრებული უკვე აღარ ვლოცულობდი. მსურდა, გულში ჩამეკრა და დამეკოცნა ყოველი კაცი და ყოველი ქმნილება. ამ დროს ყველასა და ყველაფერზე უმცირესად მიმაჩნდა თავი. ჩემი სიყვარულის ცეცხლი მიმართული იყო ქრისტესკენ, ვგრძნობდი, ის ჩემს გვერდით იმყოფებოდა, ოღონდ ვერ ვხედავდი. მსურდა, დავვარდნილიყავი მის უწმინდეს ფერხთა წინაშე და მეკითხა: ასე ძლიერად როგორ ააბრიალებ ჩემს გულს, მაშინ როცა თვითონ უხილავი და დაფარული რჩები-მეთქი. ამ წუთში ნათლად ვიგრძენი, რომ ეს იყო მადლი სულიწმინდისა და ის სასუფეველი ცათა, რომელზეც უფალი გვეუბნება, ის თქვენს შიგნითააო (ლუკა 17,21). ვლოცულობდი, - უფალო, დაე ასე იყოს ყოველთვის, მე მეტი არაფერი მინდა-მეთქი. კარგა ხნის მერე თანდათანობით დავუბრუნდი ჩვეულ მდგომარეობას.

როცა მამა იოსები ვნახე, მკითხა: ნახე, როგორი ტკბილია ქრისტე? იღვაწე, რომ ეს მადლი შენი საკუთარი გახდეს და ვერ მოგტაცოს იგი დაუდევრობამო.

* წმინდა იაკობ ათონელმა ბრძანა: სულიწმინდის მადლით განბრწყინვებულ კაცს, რომელსაც სულიერი თვალნი აეხილება, საღმრთო საიდუმლოებებზე საუბრისას ბაგეთაგან გამოსდის ნათლის ღრუბელი და დაფარავს მსმენელთ. ამიტომაც არიან ისინი მხიარულნი და ბედნიერნი.

* მამა იოსებ ათონელთან მისი ხორციელი ძმა, ბერი ათანასეც, ცხოვრობდა, რომელსაც, სამორჩილო საქმეების გამო, მონასტერში სიარული უხდებოდა ხოლმე და უკან გვიან ბრუნდებოდა ტვირთაკიდებული. მამა იოსები ერთ საღამოს დიდი ინტერესით ელოდა ძმის დაბრუნებას. წინასწარ უთხრა კიდეც ბერებს მამა ათანასეს სულიერი მდგომარეობა და ისიც, რა მოჰქონდა. მორჩილი ჩაეძია, ეს როგორ შეიტყვეო. მამა იოსებმა უპასუხა: - კარგი იქნებოდა, მელოცა შენთვის, რომ თვითონვე განგეცადა ყოველივე, მაგრამ რახან მთხოვ, მისმინე. სარკმლის ახლოს დაჩოქილი ვლოცულობდი. ღვთაებრივი მადლით გონება ნელ-ნელა გამიფართოვდა და გამიუხვდა იმდენად, რომ ყველაფერს ნათლად ვხედავდი: ჩვენს მხარეს, კატუნაკიდან - დაფნიმდე, ქვემოთ - მონასტრებს, ყველაფერს, ჩვენს უკან რაც არის. ეს ნათელი არ იყო ბუნებრივი მზის სინათლის მსგავსი, არც ხელითქმნული ფარნისმიერი, არამედ განსაცვიფრებლად სპეტაკი და არამატერიალური. ეს სინათლე არა მარტო გარეთ იდგა ჩვეულებრივ სინათლესავით, არამედ ადამიანში იმყოფებოდა. ადამიანი მას გრძნობს, როგორც საკუთარ სუნთქვას, ნათელი აღავსებს მას, როგორც საჭმელი და ჰაერი, მოაშორებს ბუნებრივ სიმძიმეს და იმდენად გარდასახავს, რომ უკვე აღარ იცის, არის თუ არა სხეულში.

აი, სწორედ ამგვარი მდგომარეობისას, დავინახე ათანასე. აიკიდა მძიმე ტომარა და წმინდა პავლეს მონასტრიდან ჩვენსკენ წამოვიდა. ვხედავდი მის ყოველ მოძრაობას: როგორ მიჯდა დასასვენებლად, ჩამოიღო მხრიდან ტვირთი, როგორ დაეწაფა წმინდა ანას წყაროს სკიტის ქვემოთ, წისქვილთან, ჩვენი სავანის ალაყაფს მოაღწია, მოარგო გასაღები, გააღო კარი, შემოვიდა, მომიახლოვდა და მუხლი მოიდრიკა. მაგრამ ეს რატომ განგაცვიფრებს? როცა გონება კაცისა განწმენდილია და განბრწყინვებული, ღვთის მადლის შეწევნის გარეშეც შეუძლია, შორს ჭვრიტოს. ხოლო შემდეგ, როცა განანათლებს მას საღმრთო მადლი, რომელიც ადამიანში შეიძლება მუდმივადაც იმყოფებოდეს, აღიტაცებს მის გონებას ჭვრეტამდე და ხილვებამდე ანდა როგორც ჩათვლის საჭიროდ. თვითონ კაცმაც, თუ მოისურვებს შეიტყოს რაიმე მისთვის მნიშვნელოვანი, შეიძლება ითხოვოს ლოცვისას, რათა საღმრთო მადლმა აღუსრულოს ეს თხოვნა. ვფიქრობ, კეთილკრძალულნი არ ესწრაფვიან ასეთ ხილვებს, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, უფალმან "ნებაი მოშიშთა მისთა ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს" (ფსალ. 144,19).

* მამა პაისი ათონელი ამბობდა, თუ ვნებებს არ ვებრძვით, ღვთის მადლი ვერ იმოქმედებსო.

"აუცილებელია, სული განვიწმინდოთ ვნებათაგან. რაც მეტად განიწმინდება კაცი, მით უფრო მოქმედებს საღმრთო მადლი, ერთიდან მომდინარეობს მეორე. როცა კაცი ვნებათაგან განიწმინდება, მაშინ ხედავს საღმრთო მადლსაც და იმის აღსრულებასაც, რასაც ქრისტე დაჰპირდა.
* სქემარქიმანდრიტ ზაქარია-ზოსიმე მინაევთან (+1936) აღსარებაზე ერთი მღვდელი მივიდა, მაგრამ რაღაცის გამჟღავნება ერიდებოდა და იტანჯებოდა. მამა ზაქარია-ზოსიმემ სწორედ ის დაფარული ცოდვები ჩამოუთვალა: აი, რანაირი ცოდვები მაქვს, შენც ხომ ეს გაწუხებს, შეინანე და მოგიტევებო. ერთხელ მამა ზოსიმემ თქვა: - უფალს ვთხოვე, შემოსულიყო ჩემში, რომ თავით თვისით რაიმეს თქმა არ გამებედა, არამედ მეთქვა მხოლოდ ის, რასაც მიბრძანებს ჩემი უფალი. ხანდახან კეთილკრძალული შიში მიპყრობს, როცა შიგნიდან ვგრძნობ ღვთის ხმასა და ძალას. ვიცი, ხანდახან მტკივნეულია კაცთათვის ჩემი ნათქვამი, ხანაც უფალი ანუგეშებს მათ ჩემი სიტყვებით, მაგრამ ვალდებული ვარ, მათ ვუთხრა მხოლოდ ის, რისი თქმაც უფალმა შთამაგონა. ახლა უკვე ჩემსას აღარაფერს ვამბობ. აღესრულება ყოველთვის სიტყვა ღმრთისა, რამეთუ იგია ჭეშმარიტება და ცხოვრება.
ბეჭდვა
1კ1