თუ გცივა თავზე, მაგის წამალი ეს არის
თუ გცივა თავზე, მაგის წამალი ეს არის
სოფელ კულაშში, დუქნის წინ, ხალხში, ერთი მღვდელი ყალიონს ეწეოდა. ფაიტონიდან შეამჩნია წმინდა გაბრიელმა და იხმო. ვიღაცამ მოასწრო და მღვდელს ურჩია, - კბილის ტკივილი მოიგონეო. მანაც ამით დაიწყო თავის მართლება. წმინდა გაბრიელმა უთხრა, - შე საწყალო, თუ კბილი გტკივა, რაღა აქ, შარაზე ეწევი, შინ ვერ მოსწიეო?

- ერთ ზამთრის დილასისხამზე წმინდა გაბრიელს ვიღაც მთიული მღვდელი მიადგა კარზე და ხელზე ემთხვია.

- რისთვის მოსულხარ, შე საწყალო? - ეკითხება ეპისკოპოსი.

- მე, შენი ჭირიმე, მთებში მყავს მრევლი. დიდი ყინვები და თოვლი იცის, ბატონო, ჩვენში.

- მერე რა გინდა?

- სნეული გახლავარ და ხშირად ვცივდები ხოლმე.

- ბარში გინდა გადმოგიყვანო?

- არა, თქვენი ჭირიმე, ჩემ სამშობლოს როგორ დავტოვებ...

- აბა, რასა მთხოვ?

- ბელატი (მელოტი, - კ.კ.) ვარ, ბატონო, და თავი მიცივდება ხშირად ყინვაში.

- ქუდს ვერ დაიხურავ?

- ეკლესიაში და მიცვალებულის გასვენებაზე ვცივდები ხოლმე, ბატონო!

- მერე მე რა გიყო?

- შენი ჭირიმე, ჩემო დიდო ბატონო, ნუ გამიწყრებით, იქნებ სკუფიაზე წარმადგინოთ (მეფის რუსეთში მღვდელს ჯვრისა და სკუფიის ტარების უფლებას თავიდანვე არ აძლევდნენ, - კ.კ.).

ეპისკოპოსი თოფნაკრავივით გატრიალდა და შევარდა საძინებელ ოთახში, გამოიტანა ძველი, დამჩიჩული, გაქონილი შავი საბერო სკუფია, რომელსაც თვითონ ატარებდა ხოლმე ხშირად, ჩამოაცვა მღვდელს შიშველ თავზე და უთხრა: - თუ გცივა თავზე, მაგის წამალი ეს არის, ძლიერ თბილია, როცა გინდა, მაშინ დაიხურე. სხვა სკუფია რად გინდა, აგერ ის როგორ მოგათბობს. წადი ახლა და ტყუილა სიარულს ნუ დაიწყებო. საქციელწამხდარი მღვდელი შინისკენ წავიდა.

ბეჭდვა
1კ1