მოიხსენოს უფალმა მამა მიქაელის უმანკო სული და დაუმკვიდროს სასუფეველი
მოიხსენოს უფალმა მამა მიქაელის უმანკო სული და დაუმკვიდროს სასუფეველი
შემოქმედის ეპარქია წლების წინ მოვილოცეთ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჯუმათის მონასტერმა და იქ მოღვაწე მამებმა მიიპყრეს. წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მიქაელმა (მეგენეიშვილი) დიდი სიყვარულით გვიმასპინძლა და მონასტრის კარი გაგვიღო. ახლახან გავიგეთ, რომ მამა მიქაელი კორონავირუსმა იმსხვერპლა და გადაინაცვლა სასუფეველში. მოიხსენოს უფალმა მისი უმანკო სული და დაუმკვიდროს სასუფეველი.

გთავაზობთ წლების წინ გაკეთებულ რეპორტაჟს ჯუმათის მონასტრიდან.
შემოქმედის ეპარქიაში მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით რამდენიმე მონასტერი მოვილოცეთ. "კარიბჭის" სტუმრობა ყველას გულით ახარებდა, სიხარულით გვიღებდნენ მონასტრის კარიბჭეს სიყვარულით გამთბარი ბერმონაზვნები.

ჯუმათის მადლიანი მამათა მონასტრის მოლოცვამ რწმენით აგვავსო. მთის ფერდობზე შეფენილ უძველეს ტაძართან მამათა მონასტერში წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მეგენეიშვილი) დაგვხვდა. მონასტრიდან ხელის გულივით მოჩანს სოფელი მამათი, სოფელი ორაგვეთი. ძალზედ შორიდან, მაგრამ ხილულად ჩანს, აფხაზეთი, იქაური ზღვა... მამაომ თავად მოგვალოცივინა მონასტრის შემოგარენი. წარსულს თუ გადავხედავთ გავიგებთ, რომ

მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. იგი ჯუმათის საეპისკოპოსოს მთავარ ტაძარს წარმოადგენდა. თავად ჯუმათის საეპისკოპოსო, როგორც სხვა ეპარქიები გურიაში (შემოქმედი, ხინო), XV საუკუნეში დაარსებულა. საეპისკოპოსო მდინარე სუფსის სოფლებს და აქ არსებულ ეკლესიებს აერთიანებდა. ჯუმათის ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა, გარს ქვის გალავანი არტყია. ტაძრის ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. თავად სამრეკლო მთავარი ტაძრის დასავლეთ ფასადზეა მიშენებული. მხედრული წარწერა გვაუწყებს: "1904წ. ხელობა ივანე მენაბდისა. არქიმანდრიტი ა. გერასიმე დარჩიასაგან". ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დიმიტრი ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდლად მიიჩნევს. ეს მადლიანი მონასტერი ოზურგეთის რაიონში, ჩოხატაურის ქედის კალთაზე, მდინარე სუფსის ხეობაში დგას.
ჯუმათის ხატების წარწერებში მოხსენიებული პირებიდან ბევრი ცნობილია.



გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის წარწერაში მოხსენიებული სვანეთის მთავარი იოანე ვარდანის ძე ასევე იხსენიება ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, ეს ის იოანე ვარდანიძეა, რომელიც გიორგი III-ის დროს ცხოვრობდა და მონაწილეობდა დემნა ბატონიშვილის ჯანყში 1177 წელს.

ჯუმათის სიძველეებს შორის მნიშვნელოვანია მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი; გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული ძვირფასი თვლებით შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი ვერცხლის კუბოთი; მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდის ირგვლივ შვიდი ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. განსაკუთრებით ძვირფასია ასევე საწინამძღვრო ჯვარი ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვარი პატიოსანი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისთვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ.

ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის. ჯუმათის მონასტრის კუთვნილი მთავარანგელოზ მიქაელის ოქროს ხატი 1910 წელს სვანეთში უნახავს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს.

კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წელს აღდგა.

ჯუმათის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარანგელოზთა მთავარი ტაძარი, რომელზეც მიდგმულია ხარების სახელზე ნაკურთხი მცირე ზომის ეკვდერი, 1998 წელს არქიმანდრიტ ანდრიას (კბილაშვილი) თაოსნობითა და შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით აიგო მირქმის პატარა ტაძარი. დღეს აქ მამათა მონასტერია დაფუძნებული. წინამძღვარი გახლავთ არქიმანდრიტი ნიკოლოზი (მეგენეიშვილი). შეგვეწიოს ჯუმათის მთავარანგელოზთა მადლი.

არქიმანდრიტი მიქაელი:

-ამჟამად მონასტერში ცხრა წევრი, ექვსი ბერი, ორი საბერო მორჩილი და ერთი ბერობის მსურველი ცხოვრობს... ტიპიკონი ასეთი გვაქვს: სერობა, დილას ცისკარი, ცისკრის შემდეგ კი ჟამნი მოდის. საღამოს მწუხრი გვაქვს. მონასტერში ყოველდღე წირვა გვაქვს. წირვა შემდეგ ცისკარი მოსდევს და დილაუთენია, ვიდრე გათენდება წირვა დამთავრებულია. შემდეგ მონასტრის წევრები სხვადასხვა მორჩილებებს ასრულებენ. ზოგი კანონს კითხულობს, ყველამ იცის ამ ბერებიდან, უკვე რამდენიმე წლის ბერები არიან და იციან რა შეასრულონ, როგორ შეასრულონ. ისეც, ერთი მუსიკოსია, ერთი მხატვარია. ზოგი მუსიკას წერს, ზოგი ხატავს. მონასტერში მეურნეობა გვაქვს, საქონელი გვყავს. ლოცვასთან ერთად ვშრომობთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ჩვენი მონასტერში მოღვაწობდნენ მამები, რომელბიც დღეს სხვადასხვა მონასტრების წინამძღვრები არიან. მგალითად, უდაბნოს მამათა მონასტრის წინამძღვარი, არიქმანდრიტი მარკოზი, ჩემს პერიოში მორჩილი გახლდათ. ასევე მორჩილი გახლლათ მამა ელიზბარი, მამა გაბრიელი, აცანას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი. გრიგოლეთის მამა ზაბულონი და ლიხაურის მონასტრის წინამძღვარი მამა იოსები აქ აღიკვეცა. ასევე ათონზე, გრიგორიუსის მონასტერში მოღვაწე სქემმონაზონმა ანთიმოზმაც (ჯავახიშვილი) ჯუმათში გაიარა მორჩილება.

-მამაო, გამოდის რომ თქვენს ხელში გაიზარდნენ მონასტრის წინამძღვრები?

-უფრო სწორად მაგათ გამზარდეს,- ხუმრობით მიპასუხა მამა მიქაელმა.

-როგორ ზრდით, რა საკვებს აძლევთ ხოლმე?

-მე არავის არ ვზრდი. მონასტერი ისეთი რამ არის, თუ რაიმე პრობლემაა, მაშინვე მეუფე იოსებთან გვაქვს კავშირი. საკუთარ თავზე ვერაფერს ვიღებ. მინდობილი ვარ ღმერთს და მეუფეს. მადლობა ღმერთს, ასე იზრდებიან მონასტრის წევრებიც. მე არავის ვზრდი.

-მამაო, ჩვენ როგორ უნდა გავიზარდოთ ერში?

-ბალახს ზრდის ღმერთი. ბოლობოლო გველს ზრდის... ნუ გეშინიათ, გავიზრდებით, უბრალოდ ერთი რაღაც არის -  ჩვენში ხშირად არის ზოგჯერ აგრესიული გამოხატულება იმის მიმართ, ვინც სცოდავს, უფალი რომ მოვიდა ამ ქვეყანაზე, ეს მე ვარო, - თქვა. შეიძლება ადამიანი სცოდავდეს, მაგრამ ცოდვა უნდა გვძულდეს, ადამიანი, როგორც ღვთის ხატება და მსგავსება, უნდა გვიყვარდეს. ადამიანს ხომ აქვს ხუთი გრძობის ორგანო, მეექვსე არის ინტუიცია, გული არასდროს გიღალატებს. გული არასდროს მოგატყუებს, ყოველთვის გეუბნება, ეს არ გააკეთოო.

-გონება თუ გძლევს ხოლმე?

-გონებაც ხომ ღვთის საჩუქარია, რა ჰქვია ჭკვიან ადამიანს, რომელიც სწორად აკეთებს, გონიერი ხომ? რომელიც გონებას სწორად იყენებს. გონება და გული უნდა შეაუღლო და ერთმანეთს შეეკითხებიან, გონება შეეკითხება გულს, გული გონებას. როცა შენ იღებ გადაწყვეტილებას, შენი ნებით იღებ. ეს ხომ თავისუფლებაა. შენი ნებით წყვეტ ყველაფერს, რა თქმა უნდა უფალზე მინდობით. ღმერთმა მოგცეთ გული გონიერი. დაგლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა.



ბეჭდვა
1კ1