მისმა პირველმა ქადაგებამ ყველას გული აუჩუყა
მისმა პირველმა ქადაგებამ ყველას გული აუჩუყა
ნეოკესარიის ქალაქ კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა. კომანელებმა ნეოკესარიის მთავარეპისკოპოსს, წმინდა გრიგოლ სასწაულმოქმედს სთხოვეს, ახალი მღვდელმთავარი ეკურთხებინა. ბანაკებად დაყოფილი კომანელები თავიანთ კანდიდატებს სთავაზობდნენ წმინდა გრიგოლს, წმინდანი კი მათ იწუნებდა. ერთმა დაცინვით თქვა: - ეპისკოპოსად ალექსანდრე ხომ არ ავირჩიოთო. ყველას გაეცინა. ვინ არის ალექსანდრე? - იკითხა წმინდა გრიგოლმა. მენახშირეაო, უპასუხეს. მომიყვანეთო, - ბრძანა. ცხვირპირგამურული ალექსანდრეს დანახვაზე ბევრს სიცილი აუტყდა. წმინდა გრიგოლს კი სულიწმინდამ უკარნახა, რომ ალექსანდრე ეკურთხებინა მღვდელმთავრად და მენახშირეს უთხრა, - წადი, დაიბანე და ჩვეულებრივი სამოსით მოდიო. როცა ალექსანდრე დაბრუნდა, მღვდელმთავარმა ყველას თანდასწრებით გამოსცადა საღმრთო წერილის ცოდნაში. განაცვიფრა ხალხი ალექსანდრეს გონიერებამ და მჭევრმეტყველებამ. თურმე მათ წინ განწმენდილი, ღვთივგანბრძნობილი ადამიანი იდგა, რომელსაც სიმდაბლის გამო აერჩია ასეთი საქმე. წმინდა გრიგოლმა მას მღვდელმთავრად დაასხა ხელი. მისმა პირველმა ქადაგებამ ყველას გული აუჩუყა და მადლობას სწირავდნენ ღმერთს ასეთი წყალობისათვის. სულიწმინდის მადლი მოედინებოდა მის ბაგეთაგან და დედაეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1