ხელითუქმნელო ანჩისხატო – უდიდესო სიწმიდეო და მცველო ქრისტეანეთაო
ხელითუქმნელო ანჩისხატო – უდიდესო სიწმიდეო და მცველო ქრისტეანეთაო
მისი უწმიდესობის ილია II ლოცვა-კურთხევაა, რომ ამ რთულ ჟამს განსაკუთრებულად ვილოცოთ ანჩისხატის დაბრუნებისთვის: "ანჩისხატი არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმიდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა. ჩვენთან შემოდის მორწმუნეთა მრავალი თხოვნა, სადაც ისინი გამოთქვამენ დიდ სურვილს მისი ტაძარში გადასვენების თაობაზე.

დღეს, როდესაც უჭირს საქართველოს როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასეთ სიწმინდეებს. არ შეიძლება ისინი ულოცველად იყოს.

მადლი და კურთხევა ხელთუქმნელი ხატისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს".

ერთობით ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისთვის შექმნილია 1999 წლიდან ხელოვნების მუზეუმის წინ სიწმიდეების პატივყოფისთვის მომლოცველ (საინიციატივო) ჯგუფის მიერ - საქადაგო მოწოდებით "სიწმიდეები გვიხმობენ", რომლებმაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს ლოცვა სხვადასხვა ქვეყნებში გაავრცელეს.


ერთობით ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის


მაცხოვრის ხელითუქმნელი ანჩისხატის ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვსცემთ, ქველისმოქმედ, და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩუენთასა, ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსლვა ხორცითა ჯუარსა ზედა, რაჲთა იხსნნე, რომელნი შეჰქმნენ, მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულითა აღმავსენ ყოველნი, ვითარ მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი:
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე, მადლითა შენითა ყოვლადწმიდაო.

ქრისტე არს ჩუენ შორის. არს და იყოს.

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შენ, რომელმან ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა ჰრქვი: "ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა". (მათე 18; 19-20). უცვალებელ არიან სიტყუანი შენნი, უფალო, მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ შენი და კაცთმოყუარებასა შენსა არა აქუს დასასრულ. მოწყალებით გადმოგუხედენ და განგვანათლენ, უფალო, რაჲთა შევიცნოთ ჭეშმარიტი და მორჩილებით აღვასრულოთ სიტყუანი შენნი. შენგან ყოველივე სიკეთის მომლოდინენი სასოებით გეგებებით: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა". მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და ყოვლადკურთხეულისა მშობელისა შენისა მარადის ქალწულისა მარიამისა თანა, შენსავ ზეციურ ფრთებქუეშ სიყვარულით შეგვკრიბე და დაგვიფარე შვილნი შენნი, რომელნიცა კუალად გიხმობთ აწ ხელითუქმნელად ხატზე გადასულსა და ამა ხატიდან შენი მცნობელი და თაყვანისმცემელი ერის ცხოვლად შემსმენელსა. "ქრისტე ღმერთო, რომელი გესვიდეს შენ, არა სადა დავარდეს". ავგაროზისგან კარიბჭეზედ ამა წარწერით დამშვენებულო, არა სადა დავარდა მოსავი შენი, ხატო არსთა ხსნად განკაცებულისა ძისა ღმრთისაო, მხსნელო ედესიისა ქალაქისაო, ხსნად ქართველთა სამეუფოჲსთვის მობრძანებულო, ღირსი ანტონის ხელთაგან მოძღვნილ კეცზედ შენგან გარდაბეჭდულ ხატთან ერთად საზეპუროსა ერსა ჩუენსა ძლევისა ნიშნად დავანებულო, ქრისტეანეთა ხატთა დასაბამო: ანჩისა ხატო _ სასწაულნითა საშინელო და ზეხატად წოდებულო. შიშითა და კრძალვით გევედრებით აწ არა ორი და სამი, არამედ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მამულისა და სარწმუნოებისთვის შენზედ ერთობით მლოცველნი: მოგვეც ძალა ერთობისა და ლოცვისა, რაჲთა მოწვდენილ იყოს ხმაჲ ერისა შენამდე. "ნებსით თჳსით შეგცოდეთ და განგარისხეთ და დავივიწყენით წყალობანი შენნი, ხოლო აწ შენდავე მოქცეულთა მოგუხედენ", ვითარცა ნინევიელნი სინანულის გზით, ივერიელნიცა შეგჳწყალენ, ყოველთა უსჯულოებათაგან გამოგვიხსენ და გუაცხოვნენ ჩუენ მაცხოვრისა ხატო საშინელო.

რომელმანცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ჩუენ უღირსნიცა შეგვიბრალე და ცოდვათაგან დაცემულნი აღგვადგინე, რაჲთა კურთხეულითა ენითა ჩუენითა ლიტანიობით და გალობით გადიდებდეთ და აღგამაღლებდეთ შენ უკუნისამდე. კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დაგვამტკიცე, უფალო და მოგვანიჭე სიბრძნე კეთილისა და ბოროტის გარჩევისა აღსასრულებლად წმიდათა მცნებათა შენთასა. აღგვიდგინე სიყვარული შენი, მოგვეც ძალა მიტევებისა და მოაქციე მაჭირვებელნი ჩუენნი, რაჲთა ერთობით ვიყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა შენ შეგვიყუარე, მხოლოო კურთხეულო.

ხელითუქმნელო ანჩისხატო – უდიდესო სიწმიდეო და მცველო ქრისტეანეთაო, *კუალადცა ღირს გვყავ მობრძანებად შენს მიერ სახელდებულ ტაძარსა შინა, რაჲთა წინაუსწროდე დედასა შენსა და მფარველსა ჩუენსა ხატსა ივერიისასა გადასარჩენად და გასაბრწყინვებლად მართლმადიდებელთა ივერიელთა.

მარადის ნუგეშო ჩუენო, ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო – ანდრიას მიერ ხელითუქმნელითა ხატითა შენითა ქადაგებული, წმიდა ნინოსთვის შენგან ბოძებული ვაზის ჯვრით მოქცეული და შენსავ ნაქსოვ განუყოფელ კვართსა ზედა აღმართული ცხოველი სვეტით განათლებული წილხვდომილი ერი შენი გმადლობთ და გალობით გევედრებით: დედაო ქრისტეანეთაო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ, რომელნიცა არა ძალასა ჩუენსა, არამედ ძალსა ძისა შენისასა ვსასოებთ და უხრწნელსა ხატსა მისსა ერთობით შევღაღადებთ: ქრისტეს ნათელით ვითარცა თაბორს გაბრწყინებულო, უცვალებელო ხატო უფლისაო, ძალისაებრ ჩუენისა გამოგვიბრწყინე ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა ნათლისა მომცემელო პირო ღმრთისაო, დიდებაჲ შენდა. რამეთუ, შენ ძალგიძს ქმნად ესე ყოველი, უფალო, შეეწიე მცირედმორწმუნეობასა ჩუენსა და წმიდათა ამა ხატთაგან, რომელთა პატივი პირმშოჲსა სახისად აღიწევის, აწ აღგვისრულე ვედრებაჲ ერსა შენსა და წარგვიმართე მომავალი ნებისაებრ შენისა, "ზედგამოაჩინე პირი შენი სიწმიდესა შენსა ზედა, რომელ მოოხრებულ არს შენთჳს, უფალო" და ქუეყანაჲცა ჩუენიცა სამეუფოჲ ჰყავ განმაგრებულ, "რომელსა ვერვინ მტერთაგანმან შეუძლოს ვნებად მისსა, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა", რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ თანადაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


* "კუალადცა ღირს გვყავ მობრძანებად" ორგვარი მნიშვნელობით მოიაზრება: ა) ხატის დაბრუნებამდე - ღირს გვყავ, რომ მობრძანდე; ბ) დაბრუნების შემდგომ - ღირს გვყავ, რომ მობრძანდი.




აღსანიშნავია, რომ მისი უწმიდესობის ილია II ლოცვა-კურთხევით, ანჩისხატის კარედის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფმა და გერმანულმა კომპანია "Sehner"-მა ანჩისხატის ტაძარში შუშის კიოტი უკვე დაამონტაჟა, ბრონირებული მინით, ტემპერატურული რეჟიმით და მაღალი სტანდარტის პირობებით. აღნიშნული კომპანია საკუთარ თავზე იღებს მუზეუმიდან ტაძარში ხატის უსაფრთხოდ გადაბრძანების პასუხისმგებლობას.

ახლა, განსაკუთრებულად გვმართებს ამ ლოცვის აღვლენა, ამ უდიდესი სიწმიდის დაბრუნებისთვის.
ბეჭდვა
1კ1