დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება
დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება
ალბათ ბევრ თქვენგანს არაერთხელ ჩაუვლია წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან, მაგრამ ცოტამ თუ იცის ისტორია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც ამ ტაძარშია დავანებული.

იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა იმ არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია. უთქვამს: "დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დასვენებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო". მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული: შობიდან უსინათლოს თვალი აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ.

სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.

დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ. მაშინ დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.

დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება. შეგეწიოთ მისი მადლი!

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1