მომზადებულ დაფაზე თავისით დაწერილიყო წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატი.
მომზადებულ დაფაზე თავისით დაწერილიყო წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატი.
ბერძენი იმპერატორის, ლევ ბრძენის მეფობის ჟამს მისმა ოქრიდელმა ნათესავებმა, ღვიძლმა ძმებმა - მოსემ, აარონმა და ბასილმა ღვთის სიყვარულით მიატოვეს სოფელი, ამქვეყნიური დიდება და მონაზვნად აღიკვეცნენ. განმარტოებული ცხოვრების წესი აირჩიეს და გადაწყვიტეს, ათონზე დამკვიდრებულიყვნენ. მათი სამოსახლო დღევანდელი ზოგრაფის მიდამოებში იყო. მალე იქ ძმებმა მცირე ეკლესია ააშენეს, მაგრამ ვერ გადაწყვიტეს, ვის სახელზე ეკურთხებინათ. თითოეულ მათგანს თავისი საყვარელი წმინდანისთვის სურდა მიეძღვნა ის. ბოლოს, დავა-კამათის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტეს ღვთისადმი ელოცათ და ეთხოვათ, გამოეცხადებინა თავისი ნება - ვისი ხატი დაეწერათ საგანგებოდ დამზადებულ დაფაზე.

დაბინდებისას ძმებმა თავიანთ სენაკებში ლოცვა დაიწყეს. შუაღამისას მზეზე ათასგზის უბრწყინვალესმა უჩვეულო ნათელმა მოიცვა ახალაშენებული ტაძარი და მთელი მიდამო. საგონებელში ჩავარდნილმა ძმებმა ის ღამე ლოცვაში გაატარეს. დილით კი ტაძარში მისულთ საოცარი სურათი დახვდათ: მომზადებულ დაფაზე თავისით დაწერილიყო წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატი. სწორედ მისგან მოდიოდა ღამით ის ზეციური ნათელი. შეისმინა უფალმა მათი ლოცვა და ასეთი საკვირველი სახით ინება თვისი ნების გამოჩინება. ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე აკურთხეს და შემდგომში ოქრიდელი ძმების აშენებულ სავანეს "ზოგრაფის" (ანუ "ფერმწერის") მონასტერი ეწოდა გასახსენებლად იმისა, რომ ამ მონასტრის თავი ხატი ღვთის უხილავი ხელით დაიწერა.

ზუსტად იმ დროს, როდესაც ათონის მთაზე ეს სასწაული აღესრულა, აი რა მოხდა სირიაში, ლუდიასთან - წმინდა გიორგის სამშობლოსთან ახლოს მდებარე ფანუელის მონასტერში. ფანუელის სავანის იღუმენის მოთხრობით, სანამ ღვთის სამართლიანი რისხვა დაატყდებოდა მთელ სირიას და მასთან ერთად მონასტერსაც, წმინდა გიორგის ფერწერული გამოსახულება, მთელი საძმოს თვალწინ, თავისით მოსცილდა დაფას, რომელზეც იყო დაწერილი, ადგილიდან დაიძრა და გაუჩინარა. ამგვარი სასწაულით შეძრწუნებულმა და გულდაწყვეტილმა ბერებმა მუხლი მოიყარეს ღვთის წინაშე და თვალცრემლიანნი ევედრებოდნენ, გაემხილა, სად გაუჩინარდა მათი მფარველის საკვირველმოქმედი ხატი. ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა; წმინდა გიორგი გამოეცხადა ფანუელის სავანის იღუმენს და ანუგეშა: "ჩემზე ნუ წუხხართ, ჩემთვის ვიპოვე ტაძარი ღვთის დედის წილხვედრ ათონზე. თუ გსურთ, თქვენც მიაშურეთ იმ მხარეს, რამეთუ ღვთის რისხვა მზად არის, დაატყდეს თავს გარყვნილ პალესტინას!" ფანუელის მონასტრის ბერები, იღუმენთან ერთად, მაშინვე ათონის მთაზე გაეშურნენ. იქ ერთ-ერთ სავანეში, თავისდა გასახარად, აღმოაჩინეს მათგან განშორებული ხატი წმინდა გიორგისა, რომელიც ახალ დაფაზე იყო გამოსახული. სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს უამბეს აღსრულებული სასწაულების შესახებ. სირიელმა მამებმა სამშობლოში დაბრუნება აღარ ისურვეს, სამუდამოდ დარჩნენ წმინდა გიორგის მიერ ახალგამორჩეულ სავანეში, მათი წინამძღვარი ევსტატე კი აქაც იღუმენად იქნა დადგენილი.

წმინდა გიორგის თაყვანსაცემად ზოგრაფში უამრავმა ხალხმა დაიწყო მოსვლა. თვით იმპერატორმა ლევ ბრძენმაც მოილოცა საკვირველმოქმედი ხატი. ზოგრაფის მონასტერს ეწვია ბულგართა მეფე იოანეც. მისი მდიდრული შენაწირით აღმოცენდა და დასრულდა ზოგრაფის ვრცელი მონასტერი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ხატზე აღსრულებული ერთი სასწაულიც: მას შეეზარდა თითი ერთი უკრძალველი ეპისკოპოსისა. გადმოცემით, ვოდინის ეპისკოპოსს, რომელსაც გაეგონა წმინდა გიორგის ხატის სასწაულთა შესახებ, არ სურდა ერწმუნა მისი ჭეშმარიტება. ამბობდა, ეს ბერებმა მოჩმახეს, შემოწირულობა რომ გაუმრავლდეთო. ეჭვიანი ეპისკოპოსი გაემგზავრა ზოგრაფის მონასტერში. ბერები ზარების რეკვით შეხვდნენ მღვდელმთავარს და ტაძარში შეუძღვნენ, რათა თაყვანი ეცა წმინდა გიორგის ხატისთვის. ეპისკოპოსი, იმის მაგივრად, რომ მოკრძალებით და გულწრფელი რწმენით მიახლებოდა წმინდა ხატს, უკრძალველად შეჩერდა მის წინ, დაბნეულად მიმოიხედა: "ეს არის განა თქვენი სასწაულმოქმედი ხატი?" - დაუფიქრებლად იკითხა და წმინდანის სახეს საჩვენებელი თითით შეეხო. ღვთის რისხვამ არ დააყოვნა. წმინდა გიორგიმ დასაჯა უკრძალველი ეპისკოპოსი - იმავე წამს, როცა კი შეეხო დიდმოწამის ლოყას, თითი მას შეეზარდა. ამაოდ ცდილობდა თავზარდაცემული მის მოგლეჯას; თითი ხატს მისწებებოდა და აუტანლად სტკიოდა. უბედურიUიძულებული გახდა, დაეთმინა მწვავედ მტანჯველი ოპერაცია - თითი მოაჭრეს. ამგვარად დარწმუნდა ეპისკოპოსი წმინდა გიორგის ხატის საკვირველმოქმედებაში.
ბეჭდვა
1კ1