,,მადლი ჩემგან შობილისა ძისა იყოს ამ ხატზე".
,,მადლი ჩემგან შობილისა ძისა იყოს ამ ხატზე".
ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა. გადმოცემით, როდესაც მარიამმა თავისი გამოსახულება იხილა ხატზე, ეს სიტყვები თქვა: ,,ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი" და დაამატა ,,მადლი ჩემგან შობილისა ძისა იყოს ამ ხატზე".

450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის დროს ხატი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XII საუკუნის დასაწყისში კი კონსტანტინოპოლიდან კიევში ჩააბრძანეს.

1155 წელს დიდმა მთავარმა იურიმ ვიშგოროდი თავის ვაჟს, მთავარ ანდრიას გადასცა. ვიშგოროდის სავანის კლირიკოსებმა ერთხელ ტაძარში შესვლისას დაინახეს, რომ ხატი თავისი ადგილიდან გადმოსულიყო და ეკლესიის შუაგულში ჰაერში იდგა. ხატი ძველ ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მალე ნახეს, რომ ხატი კვლავ ჰაერში ეკიდა. მთავარი ანდრია მიეახლა ხატს და მხურვალებით ლოცულობდა მის წინაშე, შემდეგ პარაკლისი აღასრულა, ღვთისმოსაობით აიღო ხატი, სხვა საგანძური და ღამით, მამის ნებართვის გარეშე ვიშგოროდიდან წავიდა.

ვლადიმირში ჩასულ მთავარს კლიაზმაზე დიდი სიხარულით დახვდა მოსახლეობა. ამის შედეგ როსტოვისაკენ გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ ცხენები, რომლებითაც ხატს მიაბრძანებდნენ, შეჩერდნენ და გზა აღარ გააგრძელეს. მაშინ სხვა ცხენები შეკაზმეს, მაგრამ ისინიც ადგილიდან არ დაიძრნენ. ხატის წინაშე მხურვალე ლოცვის შემდეგ მთავარმა ღვთისმშობლისაგან ბრძანება მიიღო, ხატი ვლადიმირში დაეტოვებინა. მთავარი ანდრია ვლადიმირში სასწაულმოქმედი ხატისათვის ტაძრის მშენებლობას შეუდგა. ორი წლის შემდეგ ტაძარი დასრულდა და ბრწყინვალედ შეიმკო. ღვთისმოყვარე მთავარმა ხატის გამშვენებაზე იზრუნა, ოქროსა და ვერცხლის პატიოსანი თვლებით შემკული მოჭედილობით შემოსა. ის ვლადიმირის მიძინების ტაძარში დააბრძანეს და იმ დროიდან ვლადიმირისა უწოდეს. ხატი მრავალი და დიდი სასწაულით გაბრწყინდა.

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატთან არაერთი სასწაულია დაკავშირებული.
ბეჭდვა
1კ1