სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი
სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი
ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან.

ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხევდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის. ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.

არც ეს უდიდესი მოვლენა "დატოვა" სასწაულთმოქმედმა ხატმა სასწაულის გარეშე. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმიდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო...

200 წლის შობის მარხვის მიწურულს კი თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა სარწმუნოებაში თავისი მორწმუნენი. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღმრთიმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღმრთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ჭეშმარიტია ქართველი მღვდელმთავრის სიტყვები, რომ "მართლმადიდებელ სარწმუნოებას უმოქმედებია და უნუგეშებია ქართველი ერი, როგორც განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, ისე შვებისა და შეღავათის დროს. ყოველი ნაბიჯი ჩვენი ხალხისა ძველად აღიბეჭდებოდა ღრმა, გულითადი და შეურყეველი სიყვარულით სამშობლო ეკლესიისა და სარწმუნოებისადმი. ყველაფერზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი ქართველი ხალხისათვის იყო სარწმუნოება. სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა-შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტრებთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა განეწირა თავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისა და მთლად ქრისტიანობის გულისათვის. წმიდა სარწმუნოებისათვის თავი დასდვეს და ეწამნენ ყოველი წოდების წარმომადგენელნი: მეფენი და თავადნი, აზნაურნი, სამღვდელონი, მოვაჭრენი და გლეხნი, სარწმუნოების სიყვარულისა და ერთგულების გამო გადაულახავთ ქართველებს მრავალი განუვალი უფსკრულები, გასულან დიდრონსა და საშიშ მდინარეებს, ასულან მაღალ და მიუვალ მწვერვალებზე, დაუპყრიათ და დაურღვევიათ უძველესი სიმაგრენი, დაუთმენიათ მრავალი შიმშილი, წყურვილი, სიცივე და ასე თავიანთი სამშობლო ეკლესიისა და საყვარელი მამულისთვის აუცილებიათ განსაცდელი... ჭეშმარიტად ძველ ქართველს საბუთი ჰქონდა ეთქვა და ამბობდა კიდევაც: "ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი" (I იოანე 5, 4)" (ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე).

ვმადლობდეთ უფალსა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების შემეცნების ღირსი გაგვხადა და თავისი საფარველი მოგვმადლა. და "ვევედროთ მაცხოვარსა ჩვენსა, არ მოაკლოს ერსა ჩვენსა და ქვეყანასა მისი მფარველობა და ყოვლად წმიდა დედა მისი მარადის უყურებდეს ამ ქვეყანასა ვითარცა წილ ხდომილსა თვისის საკუთარი მფარველობისასა. ამინ!"

"ივერიის ღმრთისმშობლის ხატი", თბილისი, 1999 წ.

http://www.orthodoxy.ge/index.htm

ბეჭდვა
1კ1