ღვთისმშობელმა უფლის ნება ამცნო ანდრია პირველწოდებულს
ღვთისმშობელმა უფლის ნება ამცნო ანდრია პირველწოდებულს
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებთან ერთად ღვთისმშობელმაც იყარა წილი, თუ რომელ ქვეყანაში განეჩინებოდა მას ღვთისგან სახარების ქადაგება. საუფლო განგებით ღვთისმშობელს წილად ხვდა მახარებლობა იბერიის ქვეყანაში, იქ, სადაც მისი სანატრელი ძის კვართი იყო დავანებული. წმიდა ქალწულმა სიხარულით შეიწყნარა თავისი წილხვედრი ქვეყანა და მზად იყო გამოსამგზავრებლად, მაგრამ რადგან მისი მიძინება მოახლოებული იყო, გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა: "ჰოი, დედაო ჩემო, არაუგულებელს-ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის, ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა და თანა-წარატანა ხატი შენი ვითარცა პირისა შენისა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა". ღვთისმშობელმა უფლის ნება ამცნო ანდრია პირველწოდებულს: "შვილო ანდრია... წაასვენე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისაი ქუეყანასა ჩემდა წილხვდომილსა, რაითა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ". ღვთისმშობელმა სახეზე მიიფარა ფიცარი, რომელზეც სასწაულებრივად გამოისახა სახე და ხატი დედა-ქალწულისა. ეს ხატი გადასცა მან ანდრია მოციქულს. დალოცა და აღუთქვა შეწევნა და დახმარება.

KARIBCHE

ანდრია მოციქული ხელთუქმნელი ხატით თავდაპირველად ტრაპზონს, შემდეგ კი ქართლის იმ ნაწილს მოადგა, რომელსაც დიდ-აჭარა ეწოდება. აქედან დაიწყო ქრისტეს სიტყვის გავრცელება იბერიაში. ღვთისმშობლის ღვთაებრივი ხატის მადლით მრავალი მოინათლა და განიკურნა. როდესაც ანდრია მოციქულმა სამცხისკენ გადასვლა დააპირა, დიდ აჭარის მკვიდრთა გულმხურვალე თხოვნით, რომელთაც ხატის დატოვება სურდათ მათ და მფარველად, მოციქულმა ზეციური დედოფლის ნაბოძებ ხატს მისივე ტოლი ფიცარი დაადო, რომელზეც ღვთისმშობლის სახე გამოისახა. ხელთუქმნელი ხატის ხატი დიდი პატივით დააბრძანეს ეკვდერში, თავად ანდრია კი პირველ სახით სამცხეში, დაბა სოსანგეთში-აწყურიში გადავიდა. გულმხურვალე ლოცვით და ღვთისმშობლის შემწეობით მკვდრეთით აღადგინა მან ქვრივი სამძივარის ვაჟი და კერპები შემუსრა. ამ სასწაულთა შედეგად მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეს რჯულზე. ღვთისმშობლის ხატი აწყურის ტაძარში დააბრძანეს. სწორედ აქედან ეწოდა მას "აწყურის ღვთისმშობელი". საუკუნეთა განმავლობაში მრავალი სასწაული აღასრულა
აწყურის ღვთისმშობელმა. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, მძლავრმა მიწისძვრამ დაანგრია სამცხის ეკელსია-მონასტრები. დაინგრა აწყურიც, მაგრამ ჩამონგრეული გუმბათი "ვითარცა ქუდი კაცისაი, ესრეთ თავსა და ერქვუა" შუა ტაძარში დაბრძანებულ აწყურის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც დარჩა უვნებლად ძლიერებითავე მისითა". 1476 წელს საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი შემოესია, რომელმაც დაარბია სამცხე. აწყურის ღვთისმშობელი კი ტყვედ წაიყვანა. ამის გამო ირანს დიდი რისხვა დაატყდა თავს. შვიდი წელი ყავდათ დატყვევებული აწყურის ხატი და ამ ხნის განმავლობაში "არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა". შეშინებულმა ირანელებმა ხატი ცხენს დააკრეს და გაუშვეს. ცხენმა გეზი საქართველოსკენ აიღო და აწყურს მოადგა. ღვთისმშობლის ხატის დაბრუნებისთანავე, ხატის გატაცებით დამწუხრებული და ქართლში გადახვეწილი მესხები კვლავ მამა-პაპის მიწას დაუბრუნდნენ. მეორედ, 1486 წელს იაყუბ ყაენმა გაიტაცა აწყურის ხატი. გაძარცვა იგი და აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ მომხდარი სასწაულით თვით ურჯულონიც გაკვირვებულნი დარჩნენ: "ცეცხლი იგი დაშრიტა და ხატს არა შეეხო". მიტაცებული ხატი უკან დააბრუნეს და დაასვენეს "საყდარსა თვისსა". შემდგომშიც რამდენჯერმე შეუცვალეს ხატს ადგილსამყოფელი, თუმცა ღვთის ნებით აწყურის ღვთისმშობელი ყოველთვის უბრუნდებოდა თავის ადგილს. სხვადასხვა დროს მეფეთა დადიდებულთა მიერ შემკული აწყურის ღვთისმშობლის ხატი დღეისათვის მუზეუმშია დაცული. ამ უწმინდესი ხატის სახით საქართველო თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სტუმრობს უკუნისამდე ჟამთა. ვინაიდან სრულიად ნათელია, რომ მარადქალწულის მიერ საკუთარი ხელთუქმნელი ხატის წარმოგზავნა ტოლფასი იყო საკუთრივ მისი მობრძანებისა. ვინც ყოველ ჟამს განსაკუთრებით სიყვარულსა და მეოხებას ავლენს იმქვეყნისადმი, რომელმაც იწილხვედრა და ღვთისგანგებით ივალდებულა ღვთის დედისთვის ყველაზე ძვირფასისა და სანუკვარის, საუფლო კვართის მცველობა, ვინაიდან სწორედ კვართწილხვდომილი საქართველოა წილხვედრი ყოვლადწმიდა მარიამისა.



ბეჭდვა