სამხელა
სამხელა

სამხელა ხატის ისტორია შერწყმულია წმინდა იოანე დამასკელის ცხოვრებასთან. ლევონ ისავარნის-ხატმებრძოლის მეფობის დროს, VIII საუკუნეში, წმინდა იოანეს ღვთისმშობლის ხატმა მოკვეთილი ხელი სასწაულებრივად გაუმთელა.

წმინდა იოანე დამასკოს ხალიფას კარზე მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობაზე იმყოფებოდა და ხელისუფლისა და ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ბერძენმა იმპერატორმა ლეონმა იოანე დამასკელს ბრალი დასდო, თითქოს მან წერილობით შესთავაზა ლეონ ისავარნს, ჩემს ბატონს ვუღალატებო. საქმის გამორკვევის გარეშე ხალიფამ ბრძანა, მოეკვეთათ წმინდა იოანესთვის ხელი, რომლითაც მოღალატური წერილი დაწერა და ის სხვების დასაშინებლად მოედანზე ჩამოეკიდათ. ხელი მოჰკვეთეს და მის შესარცხვენად გამოფინეს. საღამოს წმინდა მოწამე იოანემ ხალიფას თავისი მეგობრების საშუალებით თხოვნა გაუგზავნა, რომელშიც ამბობდა: "გამრავლდა ჩემი ტკივილები, გამოუთქმელად მტანჯავს და შვებას ვერ ვიგრძნობ, სანამ სამარცხვინოდ გამოფენილ ჩემს ხელს არ მივიღებ". ხალიფამ შეიბრალა მოწამე და ბრძანა, ხელის მტევანი მისთვის დაებრუნებინათ. დადგა ღამე. წმიდა იოანე თავის სალოცავ ოთახში განმარტოვდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ყრმა ღმერთის ხატის წინაშე დაემხო, მოკვეთილი ხელი მის წინაშე დადო და სრული სიყვარულით და სარწმუნოებით, ცრემლითა და გოდებით ღვთისმშობელს შესთხოვა, რომ მართლმადიდებლობის დასაცავად და ხატმებრძოლობის დასამარცხებლად ხელი გაემთელებინა. ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ იოანეს ჩასთვლიმა. სიზმრად ნათელი და მოწყალე თვალებით მისკენ მზირალი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იხილა. "აი, შენი ხელი ახლა გაცოცხლდა, - უთხრა მან იოანეს, - ნუ წუხხარ და შეასრულე ის, რაც ლოცვაში აღმითქვი". იოანემ ყოველგვარი ტკივილების გარეშე გაიღვიძა და ნახა, რომ ხელი გამთელებოდა - მხოლოდ, როგორც სახსოვარი, სისხლისფერი ხაზიღა დარჩენოდა. ამ მადლმოსილი შეწყალების ნიშნად წმინდა იოანემ ვერცხლისგან ხელის მტევანი ჩამოასხმევინა და თავისი შუამდგომლის ხატს შესწირა. აქედან მიიღო მან "სამხელას" სახელწოდება.

ამჟამად ხატი ათონის მთაზე, ხილენდარის მონასტერშია დაბრძანებული.

ათონზე არსებული ჩვეულების თანახმად, მანტიით შემოსილი ეკლესიარხები მიდიან სამხელა ღვთისმშობლის ხატთან, მის წინაშე ორ დიდ მეტანიას აღასრულებენ, პირჯვრისწერით ხელზე ემთხვევიან მას, როგორც წინამძღვრის წინაშე, მუხლს იყრიან და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან ყოველგვარ საქმეს.
ბეჭდვა
1კ1