პანაგია სუმელა"-ს სასწაულმოქმედი ხატი
პანაგია სუმელა"-ს სასწაულმოქმედი ხატი
წმინდა ლუკა მას სიცოცხლის ბოლომდე გულმკერდზე დაკიდულს ატარებდა
პანაგია სუმელა"-ს სასწაულმოქმედი ხატი ერთ-ერთი იმ სამოცდათორმეტ ხატთაგანია წმინდა ლუკა მახარებელმა რომ დაწერა. ხატის დაწერის შემდგომი ისტორიის შესახებ ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით პანაგია სუმელას ხატი სხვა ხატებზე ზომით ყველაზე პატარა იყო და წმინდა ლუკა მას სიცოცხლის ბოლომდე გულმკერდზე დაკიდულს ატარებდა. თივაში გარდაცვალების წინ წმინდანმა საყვარელი ხატი თავის მოწაფეს, ანანიას გადასცა. ანანიამ მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ თივა დატოვა და ხატთან ერთად ათენში ჩავიდა. ათენში ხატს თაყვანს სცემდნენ და მოიხსენიებდნენ, როგორც "პანაგია ათინიოტისა"-ს.

დაახლოვებით 380 წელს ღმრთისმშობელი გამოეცხადა ერთ მორწმუნე ადამინს ვასილიოსს და უთხრა: "შენ ძმისშვილთან დიაკვან სოტირიხოსთან ერთად გაყევი გზას აღმოსავლეთისკენ და მოდი რომ მიპოვო". გამოცხადების შემდეგ ორივე ღირსმა, ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ერთად მოილოცა ათენში ღმრთისმშობლის ხატი. მოლოცვის დროს მათ თვალწინ ხატი განათდა და ზეციდან ორი ანგელოზი დაეშვა. ანგელოზების დახმარებით ხატი ზემოთ აიწია და ზეცაში გაუჩინარდა. ხილული სასწაულის შემდეგ ნათესავები ჯერ კორინთოში აღიკვეცნენ ბერებად ვასილიოსი ბარნაბას სახელით და სოტირიხოსი- სოფრონიოსის სახელით, შემდეგ კი ღმრთისმშობლის გამოცხადებების და მითითებების მიხედვით შეუდგნენ შორეულ მოგზაურობას. კონსტანტინოპოლში გამოცხადებით მათ ღმრთისმშობლის უკანასკნელი მითითება მიიღეს: ხატის პოვნის ადგილზე მონასტერი დაეარსებინათ. გამოცხადების მიხედვით სასწაულმოქმედი ხატი ბერებმა ტრაპიზონში მელას მთის გამოქვაბულში იპოვეს. გადმოცემის თანახმად ბარნაბამ და სოფრონიუსმა 386 წელს მონასტერი ააგეს და ღმრთისმშობლის მიძინების სახელი მიანიჭეს, თუმცა მონასტერი ცნობილი იყო როგორც მელას მთის მონასტერი. ხატმაც მელას მთიდან მიიღო თავისი სახელი: "სუმელა".

"პანაგია სუმელა"-ს ხატი მელას მთიდან ათენში 16 საუკუნის შემდეგ დაბრუნდა და 1952 წლამდე ბიზანტიური ხელოვნების მუზეუმში ინახებოდა, 1952 წელს კი სოფ. კასტანიაში (ქ. ვერია) პონტიელების შემოწირულობებით ერთ წელიწადში აგებულ ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადააბრძანეს.

"პანაგია სუმელა"-ს სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც ხის ორი დაფისაგან შედგება გამოსახულება თითქმის გამქრალია. ღმრთისმშობლისა და ჩვილი მაცხოვრის მონოგრაფიის და ღმრთისმშობლის ერთი თვალის კონტურის გარდა არაფრის გარჩევა არ შეიძლება. სასწაულმოქმედი ხატი შემოსილია მოოქროვილი ვერცხლის პერანგით, რომელიც შემკულია მოჩუქურთმებული ხატებით, წარწერებით და ძვირფასი ქვებით. პერანგი შექმნილია დაახლოვებით 1700 წელს.
ბეჭდვა
1კ1