გიხაროდენ, სახიერო მეკარეო!
გიხაროდენ, სახიერო მეკარეო!
რედაქციისგან: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისში, მახათას მთაზე, 2011 წლის 12 მაისს ეკურთხა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის საძირკველი. ქართველთა დიდი მეუფის ილია II-ის გადაწყვეტილებით, ეს ტაძარი მთელმა საქართველომ უნდა ააშენოს. "კარიბჭის" მკითხველებისთვის ცნობილია ამ საკვირველმოქმედი ხატის მადლი და მფარველობა მთელი საქრისტიანო სამყაროს, განსაკუთრებით კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი წილხვედრი საქართველოს მიმართ. ისიც ცნობილია, რომ თავად ხატის გარდა, მადლმოსილება მის ყველა ასლსა და ფოტოპირსაც მიჰყვება და ზოგიერთი მათგანი კიდევაც მირონმდინარებს!.. ამჯერად გთავაზობთ წერილს ხატის საკვირველმოქმედი პერანგის შესახებ.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკვირველმოქმედი პერანგი

კართან - ლომი და კურო
ანგელოზების არის,
თვალთა ღელვავ და შურო,
შენ - ღვთისმშობელო კარის!

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი თავისი საკვირველმოქმედი ხატის ათონის ივერთა სავანეში დამკვიდრებიდან (999 წ.) დღემდე მრავალ სასწაულს მოუვლენს მთელ საქრისტიანოს და კერძოდ, თავის მიწიერ წილხვედრ ივერიას. ერთ-ერთი ამგვარი საკვირველებათაგანი უკავშირდება მის პერანგს: ხატმა პერანგი შეიმოსა საქართველოსთვის უმძიმესი ხანის - XVI საუკუნის დამდეგს (1500-1516 წ.წ.) და ამით გაამხნევა მისდა მეოხებისათვის შევრდომილი ივერიელნი. ნიშანდობლივია, რომ ამ პერანგის ქტიტორი სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკ ჯაყელი იყო, ყვარყვარე დიდის ძე!

ერთი უცნაური ზნე გვჭირს ქართველებს - საერო საქმეში თანადგომა გვეძნელება, სასულიერო ღვაწლი კი ერთი და იმავე სიწმინდეებისკენ მიგვიმართავს ხოლმე: გვიანი შუა საუკუნეების სამცხის ათაბაგებმა ერთი ხელით რომ "ზემო ქართლი" მოაკვეცეს სრულიად საქართველოს, თან არც რჯულის გამოცვლაზე უთქვამთ უარი, მეორე ხელით სინას მთას, იერუსალიმის ჯვრის მონასტერსა და ათონის ივერთა მონასტერს აახლეს დიდძალი შესაწირავი, "მძიმედ მოჭედეს" კარის ღვთისმშობლის ხატი და საუკუნო მოსახსენებელს შეევედრნენ იმ იმედით, რომ "უსჯულოებანი აღემატნეს თავსა ჩემსა, არამედ აღურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთა და წყალობაი გამოუთქუმელისა ძვირუხსენებელობისა შენისა სახიერებაი და არა-არს ცოდვაი მძლე კაცთმოყვარებისა შენისა" (ზიარებისწინა ლოცვა წმიდისა მამისა სიმეონ მეტაფრასისა).

მართლაც, ხატის პერანგის საქტიტორო წარწერა გვაუწყებს, რომ მისი "მომჭედველი" უნდა იყოს მზეჭაბუკ ჯაყელის მიერ გარდაცვლილი ძმის, ქაიხოსროს, სულის საოხად ათონზე ფრიადი შესაწირავით წარგზავნილი ამბროსი (აღაპთა წიგნით მისი ხსენება დაწესებულია სამშაბათს, საკურთხეველში შესვლით).

ამ საქციელში კვლავ გაცხადდა ყოველთა ქართველთა დიდი დედის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ზრუნვა თავისი წილხვედრი ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე: ამპარტავანი შვილების გულში სინანულის ნაპერწკლის აღმსთობა და საქართველოსთვის მომავალი შავბნელი საუკუნეების წინაშე "მძიმედ მოჭედილი" ოქროცურვილი საჭურვლით შემოსვა თავისი ხატისა!..

ამ ძლევამოსილმა და საკვირველმოქმედმა ხატმა მას შემდეგ თითქოს იტვირთაო "ბედი ქართლისა" XIX საუკუნის დასაწყისში (1819 წ.), ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მიტაცება არ იკმარეს და მოსკოვში გაიჭედა ახალი "მძიმე და ძვირი" პერანგი, მაგრამ ათონის მთის ბერებმა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ვერ აკადრეს ძველი პერანგის განმოსვა და ახლის მორგება, მით უმეტეს, რომ მონასტრის ერთ ძმათაგანს გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მკაცრად მოსთხოვა არაგანმოსვა თვისი.

ამავე საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც რუსეთის იმპერიამ კავკასიაში ფეხი მკვიდრად დადგა და "უსჯულოთაგან გასათავისუფლებლად" ბალკანეთსაც გადასწვდა, ხატს უკვე რუსული პერანგი ფარავდა, რასაც მოწმობს 1850 წელს არქიმანდრიტ პორფირი უსპენსკის მოგზაურობის მასალები. შემდგომში ვითარება ოდნავ შეცვლილა და ნიკოდიმე კონდაკოვის მიერ 1898 წელს ათონზე მოწყობილი ექსპედიციის მასალების მიხედვით, ათონის მთის ქართველთა სავანეში ივერიის ღვთისმშობლის ხატს რუსული პერანგი წელიწადში მხოლოდ სამჯერ ეცვა - შობის, აღდგომისა და მიძინების დღესასწაულებზე. ასე იყო XX საუკუნის შუა წლებამდე, შემდეგ კი ხატისთვის რუსული პერანგი აღარ გაუხდიათ.... აღარ გაუხდიათ ამ ძნელი საუკუნის დასასრულამდე, 1993 წლამდე, როდესაც ათონის წმიდა მთის მამებმა მოხსნეს გვიანდელი მოჭედილობა და კარიბჭისმცველი ხატი ქართველთა დიდი დედისა - ყოვლადწმიდისა დედოფლისა მარიამისა - "სამოსელი პირველის" ბრწყინვალებით წარსდგა ყოველთა მლოცველთა წინაშე, ნიშნად დიდისა ნუგეშინისა!

გიხაროდენ, სახიერო მეკარეო, ალილუია!!!

მანანა ჭირაქაძე,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ბეჭდვა
1კ1