"საქართველოს ეკლესიის დიდების" ხატზე ცენტრალურ კომპოზიციას უფლის კვართი და სვეტიცხოველი წარმოადგენს
"საქართველოს ეკლესიის დიდების" ხატზე ცენტრალურ კომპოზიციას უფლის კვართი და სვეტიცხოველი წარმოადგენს
მიხეილ საბინინს ეკუთვნის ცნობილი ხატი "საქართველოს დიდება" ("ქართული ეკლესიის დიდება"), რომლის ლითოგრაფიაც პირველად ლაიფციგში (1889) და შემდეგ ბერლინში (1895) დაიბეჭდა. "საქართველოს ეკლესიის დიდების" ხატზე ცენტრალურ კომპოზიციას უფლის კვართი და სვეტიცხოველი წარმოადგენს. ანგელოზს აღუმართავს სასწაულთმოქმედი სვეტი, რომლის თავზე გამოსახულია მაცხოვარი ორმაგი კურთხევით, ქვევით - მწოლიარე სიდონია უფლის კვართთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ - შარავანდით მოსილი ქართველი მეფეები და წმინდანები, ვითარცა მზისგან გამომავალი სხივები. "ეს სიწმინდე საქართველოს ყველაზე დიდი კურთხევაა და იმედი იმისა, რომ ის დაიცავს მართლმადიდებლობას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მთელ დედამიწაზე" (არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი).

ბოლო დროს ჩვენს რეალობაში ადგილი ჰქონდა "საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის დიდების" ხატის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, რომელსაც ავრცელებდა რუსეთის სოფრინოს მონასტრის ცნობილი გამომცემლობა. ამასთან დაკავშირებით "საპატრიარქოს უწყებანში" დაიბეჭდა საეკლესიო ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენლის, ქალბატონი თამარ კვანტალიანის წერილი: "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელით მოქსოვილი უფლის კვართი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი და უმთავრესი სიწმინდეა. კვართის საქართველოში მოხვედრისა და მისი მცხეთის მიწაში დავანების ამბავი საეკლესიო გადმოცემამ წერილობითი (ქართული თუ უცხოური) წყაროებითაც შემოგვინახა. ეს გადმოცემა ქრისტიანულ სამყაროში ძველთაგანვე გავრცელდა და დღესაც ცნობილია, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მაცხოვრის კვართი განისვენებს.

სოფრინოს მონასტრის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი ხატები მაღალი პოლიგრაფიული დონისაა და ჩვენშიც ამის გამოა პოპულარული. მონასტრის სახელთან დაკავშირებული ნივთი მორწმუნეს კრძალვასა და მოწიწებას, ნდობასაც აღუძრავს. მაგრამ "საქართველოს ეკლესიის დიდებისათვის" ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთის მონასტრის გამომცემლებს არ აღმოაჩნდათ არც სათანადო პოლიგრაფიული ხარისხი, არც მართლმადიდებლური ხატწერისათვის დამახასიათებელი იერსახისა თუ კანონიკურობის შენარჩუნების სურვილი, არც ისტორიული ფაქტების აღიარების პატიოსნება; დაბოლოს, მათ საჭიროდ არ ჩათვალეს ხატის შემქმნელის საავტორო უფლების დაცვა.

სოფრინოსეული ხატის აშკარა პოლიგრაფიული ნაკლია "ზეციური რეგისტრის", ანუ ღრუბლებზე მოთავსებული ფიგურების საკმაო გაფერმკრთალება. ამის გამო ერთგვარმა ბურუსმა მოიცვა როგორც თვით მაცხოვრის, ისე ანგელოზთა თუ ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებულ მფარველთა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა დიდმოწამე გიორგის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა მათე მახარებლის - გამოსახულებები. ქრისტეს ფიგურისაგან გამოსულ სხივებს, რომლებიც საბინინის ხატში ფერითაა მინიშნებული და სიდონიას საფლავსაც აღწევს, აქ ოქროსფერი ხაზებით გამოსახული ნათება ცვლის, რომელიც ღრუბლების საზღვრებს არც სცილდება.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ეკლესიის უდიდესი მფარველი და მეოხი წმინდანები, რომლებიც მიხეილ საბინინმა უფლის განსაკუთრებულ სიახლოვეში მოათავსა, ვიღაცამ მიზანდასახულად "ჩაფლა ბინდში", რათა ქრისტეს მადლი (კომპოზიციაში - მაცხოვრისგან გამოსული ნათება) ჩვენ მოგვკლებოდა. ასეთ წაკითხვას ისიც უმაგრებს ზურგს, რომ "პოლიგრაფიული დაუდევრობის" შედეგად მაცხოვრის გაშლილი ხელები აღარ ჩანს და, შესაბამისად, არც ორმაგ კურთხევას გამოსახავს, რაც კანონიკურობის ყოველგვარ წესს არღვევს. იკონოგრაფიული მოცემულობის კვალობაზე, თავისთავად იკვეთება გამოსახულების სემანტიკა: ოდესღაც ღვთივკურთხეულ იბერიას ეს კურთხევა აღარ გააჩნია. რის გამო? ამ კითხვაზე პასუხიც სოფრინოსეულ "საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის დიდების" ხატში უნდა ვეძიოთ.

საქმე ისაა, რომ, სოფრინოს მონასტრის გამომცემელთა მთავარი დანაშაული არა ზემოთ მოყვანილი "პოლიგრაფიული უზუსტობებია", არამედ ხატიდან უფლის კვართის ამოგდება. საბინინის ხატის ქვედა ნაწილი, სადაც გამოსახულია ცხოველი სვეტის ძირში მოთავსებული წმინდა სიდონიას საფლავი, ანუ გულში ჩაკრული უფლის კვართითურთ განსვენებული წმინდანი, სოფრინოს ხატში ამოჭრილია (ეს რომ შემთხვევითობა არ არის, იქიდანაც ჩანს, რომ გამოსახულება ოთხივე მხრიდან არის მოჩარჩოებული). ამის გამო, ქვედა ფიგურები წელსზევით გამოისახება და კომპოზიცია კარგავს მართლმადიდებლური ხატწერისათვის ჩვეულ სისრულეს და კათოლიკური რელიგიური ფერწერისათვის დამახასიათებელ ფრაგმენტულობასაც იძენს (გადაჭრილი ფიგურების შედეგად გამოსახულება თითქოს უფლის ამაღლების კათოლიკურ სცენას გვაგონებს).

მართალია, სოფრინოს მონასტრის გამომცემელთა ამ ქმედებას ჩვენ ნამდვილ გამოწვევად აღვიქვამთ საქართველოს ავტოკეფალიური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, მაგრამ მათი პოზიცია არ არის კერძოობითი ხასიათისა. საქმე ისაა, რომ მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე რუსული რელიგიური ლიტერატურა ავრცელებს ინფორმაციას, თითქოსდა 1625 წელს შაჰ აბასმა რუსეთის მეფე მიხეილ თეოდორეს ძეს პატივისცემის ნიშნად საჩუქრად მიართვა უფლის კვართი. იმავე წყაროებიდან ვიგებთ, რომ ეს "კვართი" შაჰს თურმე საქართველოს დაპყრობისას მცხეთაში, მიტროპოლიტის საგანძურში (და არა წმინდა სიდონიას საფლავში) უპოვია, სადაც იგი ჯვარში იყო ჩასვენებული. "კვართი", რომელთან სიახლოვეშიც მრავალი ადამიანი განიკურნა, რუსეთის ეკლესიის მესვეურებმა მოსკოვის მიძინების ტაძარში დაასვენეს და 10 ივლისი დღესასწაულად - "უფლის კვართის დასვენების" დღედ - გამოაცხადეს.

მას შემდეგ ქართველ ისტორიკოსთა თუ მოღვაწეთა არაერთი წერილი დაიწერა, სადაც მე-17 საუკუნის რუსული და ქართული ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე მტკიცდება, რომ შაჰ აბასის რუსეთის მეფისადმი გაგზავნილი საჩუქარი უნდა იყოს არა უფლის კვართი, არამედ რაღაც სხვა სიწმინდე, სავარაუდოდ, ქრისტეს პერანგის ნაწილი. მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკლესია მაინც ავრცელებს ზემოხსენებულ დეზინფორმაციას.

ეს საქციელი რომ მიზანდასახული უნდა იყოს, ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს მე-19 საუკუნის 40-იანი წლების ერთი წერილი, რომელსაც თითქოსდა გვისურათებს სოფრინოს მესტამბეთა მიერ დამახინჯებული და აზრშეცვლილი მიხეილ საბინინის ხატი. მისი ავტორი - მ. სელეზნიოვი, სრულებით დაუფარავად ამჟღავნებს "დიდრუსულ" პოლიტიკურსა და ეკლესიოლოგიურ მისწრაფებებს და წერს: "ბოლოს, წმინდა განგებამ, როცა სპარსელები სხვა დროს დაეუფლნენ ქვეყანას (საქართველოს), სპარსთა შაჰ აბასს განუსაზღვრა... ეს სიწმინდე გადაეცა რუსეთის ღვთისმოსავი ეკლესიისთვის იმის ნიშნად, რომ ქართული ეკლესია, ჩვენი მხსნელის მეთაურობით, რუსეთთან ერთად და ერთი თვითმპყრობელის მძლავრი სკიპტრის ქვეშ იქნება".

როგორც ვხედავთ, ხატის არასწორ ინტერპრეტაციას დასაბამი მისცა რუსული საეკლესიო კალენდრის ფურცლებზე გამოქვეყნებულმა არასწორმა ვერსიამ, რომელიც დღესაც იწვევს გაუგებრობასა და უკმაყოფილებას მორწმუნე საზოგადოებაში. ამ ვერსიის მიხედვით, უფლის კვართი შაჰ აბასის მიერ იქნა გატაცებული, ხოლო შემდგომ მან მოსკოვის მეფე მიხეილ თეოდორეს ძეს უძღვნა. ამ ვერსიამ რუსული ეკლესიის ლიტურგიკაშიც მოიპოვა ადგილი, იქ უფლის კვართის დაბრძანების დღესასწაულიც კი იქნა დადგენილი. არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინი) მიუთითა რამდენიმე ისტორიული და კანონიკური მოწმობა, რომელიც გახლავთ ობიექტური მტკიცება იმისა, რომ უფლის კვართი სვეტიცხოველში ბრძანდება.

პირველი: სპარსეთის წარმომადგენლობა, რომელმაც საჩუქარი გადასცა რუს მეფეს, ამბობდა, რომ უფლის კვართი აღებული იქნა კიდობნიდან, რომელიც ტრაპეზს იქითა ჯვრის შიგნით იმყოფებოდა. თუ ტრაპეზის ჯვრის ჩვეულებრივ ზომებს გავითვალისწინებთ, უფლის კვართი ჯვრის შიგნით ვერ დაეტეოდა. გარდა ამისა, ისეთი მოვლენა, როგორიცაა წმინდა სიდონიას საფლავის გახსნა და უფლის კვართის ტაძრის საკურთხეველში გადაბრძანება, არ ჩაივლიდა უკვალოდ, რადგან უფლის კვართი ყველაზე დიდ სიწმინდედ ითვლება საქართველოში.

მეორე: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მუსლიმანური ქვეყნების წრედში იმყოფება, რომლებიც განუწყვეტლივ ცდილობდნენ მისი სიწმინდეების განადგურებას, უცნაური იქნებოდა უფლის კვართის საფლავიდან ამოღება, რომელშიც ის საიმედოდ იყო დაცული, ეს მტერს კვართის გატაცებაში ხელს შეუწყობდა.

მესამე: საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეთაგან უმეტესი ისე იყო დაკრძალული, რომ მათი საფლავების მოძიება ჭირდა. ითხრებოდა ღრმა ორმო ჭის სახით, ხოლო მის კედელში კეთდებოდა ჭრილი, სადაც ასვენებდნენ წმინდანის ნეშტს. შემდეგ ჭრილს ქვით ამოაშენებდნენ და თიხით ლესავდნენ ისე, რომ მტერს რომც ამოეთხარა საფლავი, ის ცარიელი მოეჩვენებოდა.

მეოთხე: თვით მოსკოვში შაჰის საჩუქარს ეჭვით შეხვდნენ, მხოლოდ სიწმინდესთან აღსრულებული სასწაულების შემდეგ იქნა ის აღიარებული. თუმცა სასწაული არ ამტკიცებს სიწმინდის კვართთან იგივეობას. არსებობს აზრი, რომ ეს იესო ქრისტეს პერანგის ნაწილი იყო. უნდა შეგახსენოთ, რომ ღვთისმშობელსაც არა ერთი, არამედ ორი კვართი დარჩა, რომელიც მან ორ ღარიბ ქვრივს უანდერძა.

მეხუთე: რუსული ჩვეულებით, სამეფო ოჯახის ყოველ ბავშვს ნათლობისას აძლევდნენ ჯვარს, რომელშიც კვართის მცირე ნაწილი იყო ჩატანებული. ერთობ საეჭვოა, რომ მეფის ინიციატივით უხრწნელი და განუყოფელი კვართი უფლისა, რომლის შესახებაც წერია წმინდა წერილში, დაქუცმაცებული ყოფილიყო. ნუთუ დარღვეული იქნა ის, რაც კვართის გამორჩეულ თვისებას წარმოადგენს - მისი მთლიანობა?! გადმოცემის მიხედვით, კვართი მაცხოვართან ერთად იზრდებოდა. ღვთის განგებით, ის ვერ გახლიჩეს ქრისტეს მტანჯველებმა. ეს რომ რუსეთში მომხდარიყო, "სტაროვერები", რომლებიც მართლმადიდებელი იერარქების ყოველმხრივ ბრალდებას ცდილობდნენ, უთუოდ დაწერდნენ და იქადაგებდნენ, უფლის კვართი, რომელიც ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოა (მღვდელმოწამე კვიპრიანე "ეკლესიის ერთობის შესახებ"), უკვე ნაწილებად არის დაყოფილიო.

მეექვსე: შაჰ აბასის შემოსევის შემდეგ თეიმურაზ პირველმა სევდიანი შინაარსის წერილი გაუგზავნა მოსკოვში მეფე მიხეილს, რომელშიც ჩამოთვლილია შაჰ აბასის მიერ გატაცებული სიწმინდეები, მაგრამ იქ უფლის კვართი არ არის ნახსენები. არაფერს ამბობენ ამის შესახებ ქართველი მემატიანეებიც. მხოლოდ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ გახდა ცნობილი საქართველოში ეს ვერსია და ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსის წიგნშიც აღმოჩნდა.

მეშვიდე: განსაკუთრებული ადგილი ამ საკითხთან მიმართებით უჭირავს მოსკოვის ბეჭდვითი ორგანოს ხელმძღვანელის, არსენი სუხანოვის მოწმობას, რომელიც ალექსი მიხეილის ძემ მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში გაგზავნა ძველებური ხელნაწერების შესაძენად ათონსა და ბალკანეთში. სუხანოვმა მშვენიერი ხელნაწერები დაგვიტოვა იმ ქვეყნების აღწერით, რომლებიც მოიარა. დაბრუნებისას გამოიარა საქართველო, ინახულა სვეტიცხოველი და აღფრთოვანებული დარჩა მისი სილამაზით. სუხანოვი წერს, რომ იქ უფლის კვართი და სვეტიცხოველი იმყოფება, აქ ინახება თომა მოციქულის თავის ქალა.

გარდა ამისა, საქართველოს ეკლესიის უძველესი გადმოცემით, წმინდა სიდონია მეორედ მოსვლის დროს კვართით ხელში შეეგებება მაცხოვარს.

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, მარცხენა მხარეს დაბრძანებულია უზარმაზარი ხატი, იმ ხატის კომპიუტერული ვერსია, რომელიც თავისი სულიერი და მხატვრული მნიშვნელობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ბრწყინვალე იქნება. მას "საქართველოს იმედი" ეწოდება. ამჟამად ხატის ოქროთი მოჭედვა მიმდინარეობს. უწმინდესის კურთხევაა, ამ კეთილ საქმეში მონაწილეობა ყველა ოჯახმა მიიღოს, რათა საღვთო მადლი მთელ ერზე გავრცელდეს. ეს ხატი იქნება ჩვენი ერის მომავლის განმსაზღვრელი, - ბრძანა უწმინდესმა და ამიტომაც ეწოდა ხატს "საქართველოს იმედი".

ხატის წინა მხარის გამოსახულება სვეტიცხოვლის სასწაულთმოქმედებას ეხება. იგი "საქართველოს დიდების" ხატის შინაარსს წააგავს. წინა პლანზე იქნება ამაღლებული სვეტი, გაბრწყინებული გვირგვინი, კუნძი, საიდანაც მოიჭრა სვეტი, სიდონია, რომელსაც უფლის კვართი დაჩოქილს უკავია, წმინდა ნინო, ქართველი წმინდა მეფეები და როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავარი წმინდანები... ხატზე იქნება სალოცავი წარწერებიც, სვეტიცხოვლის სადიდებელი და სხვა. ხატი ორივე მხრიდან წასაკითხი, კარედის ტიპისა იქნება, როგორც, ვთქვათ, ანჩისხატი, ხახულის ღვთისმშობელი.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ხატის მოსაჭედად გამოყენებული იქნება ბაჯაღლო ოქრო, ასევე ძვირფასი ქვები. წმინდანები მინანქრით გამოისახებიან. მომინანქრებას 40-კაციან ჯგუფთან ერთად დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს.

ხატი იქმნება შემოწირულობით და საპატრიარქოს მიერ გაღებული თანხებით. 5 კგ ოქრო უკვე გამზადებულია, მაგრამ მთლიანად, დაახლოებით, 40-50 კგ მაინც დასჭირდება. ამ კეთილ საქმეს თითოეულმა ოჯახმა თუნდაც რამდენიმე გრამი ოქრო რომ შესწიროს, მადლი მთელ ერზე გადმოვა, რადგან ის წმინდანები, რომლებიც ხატზე გამოისახებიან, ჩვენი ერისა და ოჯახებისთვის აღესრულნენ მოწამებრივად.

უწმინდესი ბრძანებს, რომ ხატზე მუშაობა აღდგომამდე უნდა დასრულდეს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ბრწყინვალე ხატი უნდა იყოს, რომელიც ყოველი ქართველის შესავედრებელი და სულიერი თვალსაზრისით, საამაყო იქნება.

დასრულების შემდეგ ხატი ტყვიაგაუმტარ შუშაში ჩაისმება და სამების ტაძარში გახსნილი დაბრძანდება.
ბეჭდვა
1კ1