წმინდა გიორგის ხატები
წმინდა გიორგის ხატები
გილოცავთ გიორგობას და გთავაზოთ ათონზე დავანებული წმინდა გიორგის სასწაულთმოქმედი ხატების ისტორიებს.

ზეცითგან გამოწერილი. ბერძენი იმპერატორის, ლევ ბრძენის მეფობის ჟამს მისმა ოქრიდელმა ნათესავებმა, ღვიძლმა ძმებმა - მოსემ, აარონმა და ბასილმა ღვთის სიყვარულით მიატოვეს სოფელი, ამქვეყნიური დიდება და მონაზვნად აღიკვეცნენ. განმარტოებული ცხოვრების წესი აირჩიეს და გადაწყვიტეს, ათონზე დამკვიდრებულიყვნენ. მათი სამოსახლო დღევანდელი ზოგრაფის მიდამოებში იყო. მალე იქ ძმებმა მცირე ეკლესია ააშენეს, მაგრამ ვერ გადაწყვიტეს, ვის სახელზე ეკურთხებინათ. თითოეულ მათგანს თავისი საყვარელი წმინდანისთვის სურდა მიეძღვნა ის. ბოლოს, დავა-კამათის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტეს ღვთისადმი ელოცათ და ეთხოვათ, გამოეცხადებინა თავისი ნება - ვისი ხატი დაეწერათ საგანგებოდ დამზადებულ დაფაზე.

დაბინდებისას ძმებმა თავიანთ სენაკებში ლოცვა დაიწყეს. შუაღამისას მზეზე ათასგზის უბრწყინვალესმა უჩვეულო ნათელმა მოიცვა ახალაშენებული ტაძარი და მთელი მიდამო. საგონებელში ჩავარდნილმა ძმებმა ის ღამე ლოცვაში გაატარეს. დილით კი ტაძარში მისულთ საოცარი სურათი დახვდათ: მომზადებულ დაფაზე თავისით დაწერილიყო წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატი. სწორედ მისგან მოდიოდა ღამით ის ზეციური ნათელი. შეისმინა უფალმა მათი ლოცვა და ასეთი საკვირველი სახით ინება თვისი ნების გამოჩინება. ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე აკურთხეს და შემდგომში ოქრიდელი ძმების აშენებულ სავანეს "ზოგრაფის" (ანუ "ფერმწერის") მონასტერი ეწოდა გასახსენებლად იმისა, რომ ამ მონასტრის თავი ხატი ღვთის უხილავი ხელით დაიწერა.

ზუსტად იმ დროს, როდესაც ათონის მთაზე ეს სასწაული აღესრულა, აი რა მოხდა სირიაში, ლუდიასთან - წმინდა გიორგის სამშობლოსთან ახლოს მდებარე ფანუელის მონასტერში. ფანუელის სავანის იღუმენის მოთხრობით, სანამ ღვთის სამართლიანი რისხვა დაატყდებოდა მთელ სირიას და მასთან ერთად მონასტერსაც, წმინდა გიორგის ფერწერული გამოსახულება, მთელი საძმოს თვალწინ, თავისით მოსცილდა დაფას, რომელზეც იყო დაწერილი, ადგილიდან დაიძრა და გაუჩინარა. ამგვარი სასწაულით შეძრწუნებულმა და გულდაწყვეტილმა ბერებმა მუხლი მოიყარეს ღვთის წინაშე და თვალცრემლიანნი ევედრებოდნენ, გაემხილა, სად გაუჩინარდა მათი მფარველის საკვირველმოქმედი ხატი. ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა; წმინდა გიორგი გამოეცხადა ფანუელის სავანის იღუმენს და ანუგეშა: "ჩემზე ნუ წუხხართ, ჩემთვის ვიპოვე ტაძარი ღვთის დედის წილხვედრ ათონზე. თუ გსურთ, თქვენც მიაშურეთ იმ მხარეს, რამეთუ ღვთის რისხვა მზად არის, დაატყდეს თავს გარყვნილ პალესტინას!" ფანუელის მონასტრის ბერები, იღუმენთან ერთად, მაშინვე ათონის მთაზე გაეშურნენ. იქ ერთ-ერთ სავანეში, თავისდა გასახარად, აღმოაჩინეს მათგან განშორებული ხატი წმინდა გიორგისა, რომელიც ახალ დაფაზე იყო გამოსახული. სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს უამბეს აღსრულებული სასწაულების შესახებ. სირიელმა მამებმა სამშობლოში დაბრუნება აღარ ისურვეს, სამუდამოდ დარჩნენ წმინდა გიორგის მიერ ახალგამორჩეულ სავანეში, მათი წინამძღვარი ევსტატე კი აქაც იღუმენად იქნა დადგენილი.

წმინდა გიორგის თაყვანსაცემად ზოგრაფში უამრავმა ხალხმა დაიწყო მოსვლა. თვით იმპერატორმა ლევ ბრძენმაც მოილოცა საკვირველმოქმედი ხატი. ზოგრაფის მონასტერს ეწვია ბულგართა მეფე იოანეც. მისი მდიდრული შენაწირით აღმოცენდა და დასრულდა ზოგრაფის ვრცელი მონასტერი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ხატზე აღსრულებული ერთი სასწაულიც: მას შეეზარდა თითი ერთი უკრძალველი ეპისკოპოსისა. გადმოცემით, ვოდინის ეპისკოპოსს, რომელსაც გაეგონა წმინდა გიორგის ხატის სასწაულთა შესახებ, არ სურდა ერწმუნა მისი ჭეშმარიტება. ამბობდა, ეს ბერებმა მოჩმახეს, შემოწირულობა რომ გაუმრავლდეთო. ეჭვიანი ეპისკოპოსი გაემგზავრა ზოგრაფის მონასტერში. ბერები ზარების რეკვით შეხვდნენ მღვდელმთავარს და ტაძარში შეუძღვნენ, რათა თაყვანი ეცა წმინდა გიორგის ხატისთვის. ეპისკოპოსი, იმის მაგივრად, რომ მოკრძალებით და გულწრფელი რწმენით მიახლებოდა წმინდა ხატს, უკრძალველად შეჩერდა მის წინ, დაბნეულად მიმოიხედა: "ეს არის განა თქვენი სასწაულმოქმედი ხატი?" - დაუფიქრებლად იკითხა და წმინდანის სახეს საჩვენებელი თითით შეეხო. ღვთის რისხვამ არ დააყოვნა. წმინდა გიორგიმ დასაჯა უკრძალველი ეპისკოპოსი - იმავე წამს, როცა კი შეეხო დიდმოწამის ლოყას, თითი მას შეეზარდა. ამაოდ ცდილობდა თავზარდაცემული მის მოგლეჯას; თითი ხატს მისწებებოდა და აუტანლად სტკიოდა. უბედურიUიძულებული გახდა, დაეთმინა მწვავედ მტანჯველი ოპერაცია - თითი მოაჭრეს. ამგვარად დარწმუნდა ეპისკოპოსი წმინდა გიორგის ხატის საკვირველმოქმედებაში.

არაბეთიდან მოსული ხატი.

ზოგრაფის მონასტერში დაბრძანებულია წმინდა გიორგის მეორე ხატი, რომელიც ათონზე არაბეთიდან ზღვით ჩამობრძანდა. იგი ვათოპედის მონასტრის ნავმისადგომის სიახლოვეს იპოვეს. ხატის მოულოდნელმა გამოჩენამ დიდი მღელვარება გამოიწვია მთაწმინდაზე. თითოეული სავანე ითხოვდა ამ დიდ საუნჯესა და სიწმინდეს. ვათოპედელები, ვინაიდან მათ სანაპიროსთან იპოვეს, დაჟინებით ითხოვდნენ, ხატი მათთან დარჩენილიყო, სხვა სავანის მამები არ უთმობდნენ. ძლიერი და მდიდარი მონასტერი მაინც ვერაფერს გახდა. პროტატში (ათონის მონასტერთა საბჭოში) გადაწყვიტეს, წილი ეყარათ და ამგვარად გადაეწყვიტათ დიდმოწამის ხატის ბედი. თვით დიდმოწამეს მიანდეს, რომელ მონასტერში ინებებდა დარჩენას. ბერებმა ხატი აჰკიდეს გაუხედნავ ჯორს, რომლისთვისაც უცნობი იყო იქაურობა, დააყენეს თესალონიკიდან ათონის მთისკენ მიმავალ გზაზე და უმეგზუროდ გაუშვეს. თვითონ კი შორიდან ადევნებდნენ თვალს მის სვლას. ჯორი მშვიდი და თანაბარი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას, თითქოს გრძნობდა პასუხისმგებლობას. გადაიარა მთები, ხრამები, უღრანი ტყეები და პირდაპირ მიადგა ზოგრაფს. გაჩერდა მის საპირისპირო მხარეს აღმართულ გორაკზე. ამგვარად, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ წმინდა გიორგის ზოგრაფის მონასტერში სურდა დარჩენა. გახარებულმა ზოგრაფელმა ბერებმა წმინდა ხატი მონასტრის მთავარ ტაძარში დაასვენეს. ჯორს ზურგიდან ხატი მოხსნეს თუ არა, მან მაშინვე სული განუტევა და იქვე დამარხეს. გორაკზე კი წმინდა მთავარმოწამე გიორგის სახელზე მცირე ეკლესია აშენდა.

მთავარ სტეფანესეული ხატი.

ეკლესიაში ამ წმინდა ხატის პირდაპირ დასვენებულია წმინდა გიორგის მესამე ხატი, რომელიც სერბეთის მთავარს, სტეფანე დუშანს, უფრო სწორად, დედამისს ეკუთვნოდა.

მეფე სტეფანე 1458-1504 წლებში მართავდა სერბეთს. საშინელი დრო იყო. თურქებს დაპყრობილი და დამონებული ჰყავდათ ბიზანტია. ქრისტიანთა დაღვრილი სისხლი და შებილწული ტაძრები სულს უწუხებდა მეფე სტეფანეს და შურისძიება სწადდა. მაგრამ სად ჰქონდა საამისო ძალა. ერთხელ დედის სამლოცველო ოთახში წმინდა გიორგის ხატის წინ დამხობილმა მთავარმოწამეს ქრისტეს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში შეწევნა სთხოვა. ლოცვისას მიეძინა. ძილ-ღვიძილში წარმოუდგა მშვენიერი ჭაბუკი და ჰკითხა: - რა გინდა, რისთვის შეაწყენ ღვთის დიდებულებასო?

- ნება მომეცი, გკითხო, ვინა ხარ? - შიშით შეეპასუხა სტეფანე.

- მე ძლევაშემოსილი გიორგი ვარ. რა გინდა ჩემგან, რის შუამდგომლობას მთხოვ ღვთის წინაშე?

- შენ იცი, რასაც სჩადიან თურქნი. მათი განადგურება მწადს, მაგრამ ამის ძალა არ მაქვს. განმაძლიერე, რომ ქრისტეს ჯვრისა და რწმენის მტერს შევება.

- შენ არ გაქვს ძალა, მაგრამ უფალს უხვად აქვს, - ბრძანა წმინდა გიორგიმ, - წადი და განაბნიე თურქნი. მე ვიქნები შენთან. განა საკმარისი არ არის ეს? შენი და შენი მცირერიცხოვანი რაზმის გასამხნევებლად, იმის ნიშნად, რომ თქვენს გვერდით ვარ, აიღე დედაშენის სამლოცველოდან ჩემი ხატი და ბრძოლებში არ მოიშორო. ოღონდ როცა გადამწყვეტ ბრძოლებში გაიმარჯვებ, არ დაგავიწყდეს ჩემი ხატის მიტანა ათონზე, ზოგრაფის მონასტერში, სადაც მუდმივად ვიმყოფები. განაახლე ჩემი ტაძარი ზოგრაფში (ზღვის მეკობრეთაგან დარბეული). ეს არ დაივიწყო.

ძალამიცემულმა სტეფანემ შეკრიბა რაზმი, წაიმძღვარა ხატი და ორმოცი წელი შიშის ზარს სცემდა თურქებს. გაფართოვდა სერბეთის საზღვრები. მეფე სტეფანეს ეძახდნენ "მეფეს სერბთა და ბერძენთა". ხშირად ტყვედ ჩავარდნილი თურქები იხსენებდნენ ერთ ყმაწვილ მეომარს, რომელიც ადვილად მუსრავდა თურქებს, თვითონ კი უვნებელი რჩებოდა. "ის მეომარი რომელია ჩემს ჯარისკაცებს შორის?" - ჰკითხა მათ სტეფანემ. "ახალგაზრდაა, თეთრ ცხენზე ზის და ხელთ მახვილი უპყრია", - პასუხობდნენ თურქნი. მაშინღა მიხვდნენ სერბნი, თუ ვინ იყო მათი უცნობი თანამებრძოლი, ადიდებდნენ უფალს და მის ძლევამოსილ მხედარს. შემდგომში წმინდა სტეფანემ აღასრულა წმინდა გიორგის ნება და მისი ხატი ზოგრაფის მონასტერს ჩააბარა.

ამ ხატზე წმინდანის სახე უფრო მეტყველია, ვიდრე ორ დანარჩენზე. მის თვალებში რისხვა და ცხოველი მამაცობა გამოსჭვივის; თვით ფერწერა ხატზე შედარებით ნათელია, ესე იგი უფრო ახლოა ჩვენს დროსთან.

"აღმოსავლური წერილების" ავტორი ამ ხატის შესახებ მოგვითხრობს: "XV საუკუნეში ზოგრაფს გამოუჩნდა კიდევ ერთი კეთილისმყოფელი - სტეფანე, განთქმული მთავარი, რომელმაც მრავალჯერ გაილაშქრა თურქების წინააღმდეგ. ის ყოველთვის ძლევამოსილი გამოდიოდა ბრძოლებიდან. ერთხელ მხოლოდ, როცა ალყა შემოარტყა მტრის უხილავმა ჯარმა, თავის გადასარჩენად ციხესიმაგრეში შესვლა გადაწყვიტა. მაგრამ გალავანზე მას დედა შეეგება და მტკიცედ განუცხადა: "ვუბრძანებ, არ გაგიღონ კარიბჭე, ვიდრე მტერს არ დაამარცხებ, რადგან თუ ბრძოლის ველზე ვერ სძლევ, გალავანს შიგნით რაღას იზამო". იმავე ღამეს დაბნეულ მთავარს ძილში დიდმოწამე გამოეცხადა, გამარჯვება აღუთქვა და უბრძანა, ის ხატი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა, ზოგრაფის სავანისთვის შეეწირა და განეახლებინა გაუკაცრიელებული მონასტერი... გამარჯვება მართლაც მართლმადიდებელ მთავარს დარჩა და მანაც აღასრულა დიდმოწამის ბრძანება.


სახენაიარევი ხატი.

ათონის მთაზე ქსენოფონტეს მონასტერში დავანებულია წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი. ხატმებრძოლობის დროს, ხელისუფლების ბრძანებით, წმინდა ხატებს აგროვებდნენ და წვავდნენ. წმინდა გიორგის ეს ხატიც ცეცხლს მისცეს, მაგრამ სტიქიამ მას ვერაფერი დააკლო. ალი მხოლოდ მსუბუქად შეეხო მთავარმოწამის შესამოსელს. ამ სასწაულმა ხატმებრძოლებს თავზარი დასცათ და საგონებელში ჩააგდო. მაგრამ მათ შორის ერთმა ღვთისმოძულემ აიღო მახვილი და წმინდა დიდმოწამეს ნიკაპში ჩასცა. იმავე წუთს ხატიდან, როგორც ცოცხალი სხეულიდან, სისხლმა იფეთქა. ამ სასწაულმა უკუაქცია ხატმებრძოლნი. ხატი კი ერთმა ქრისტიანმა გადაიტანა ზღვის ნაპირას, მხურვალე ლოცვით შეევედრა ღმერთს, შემდეგ კი წმინდა გიორგის სთხოვა: უვნებლად დაიცავი შენი ხატი ზღვისგან, გადააბრძანე, სადაც გსურსო და წყალში ჩაუშვა. წმინდა დიდმოწამემ იგი ათონზე გადააბრძანა და ქსენოფონტეს მონასტრის ნაპირებთან, მინერალურ წყაროსთან დატოვა. იქ წმინდა დიდმოწამე დემეტრე თესალონიკელის სახელზე აგებული მცირე მონასტერი იდგა. ბერები დიდად გაახარა მოულოდნელად მოსულმა ხატმა და დიდი პატივით დაასვენეს თავიანთ მონასტერში. დროთა განმავლობაში პატარა ტაძრის გვერდით დიდი ეკლესია აიგო წმინდა გიორგის სახელზე და მონასტერსაც წმინდა გიორგის სავანე ეწოდა. თუმცა აქაური მამები თანაბარი ზეიმით აღნიშნავენ წმინდა დემეტრეს ხსენების დღესაც და ჩამოლოცვისას წმინდა დემეტრესგანაც ითხოვენ მეოხებას.

ამჟამად ხატი, რომელზეც მთავარმოწამე მთელი სიმაღლით არის გამოსახული, წმინდა გიორგის ტაძარში განისვენებს, როგორც მტკიცებულება მასზე აღსრულებული სასწაულისა. წმინდანს ნიკაპზე ჭრილობა და შემხმარი სისხლი დღესაც ატყვია.
ბეჭდვა
1კ1