ცხოველმყოფელი წყარო
ცხოველმყოფელი წყარო
ოდესღაც კონსტანტინოპოლის შემოგარენში, ეგრეთ წოდებულ ოქროს კარიბჭესთან, მიწაყრილის სიახლოვეს, იყო ჭადრებითა და კვიპროსებით დაჩრდილული ადგილი, რომელიც უხსოვარი დროიდან ღვთისმშობლისათვის მიეძღვნათ.
მის შუაგულში აღმომდინარე წყარო ღვთის მადლით ძველთაგანვე მრავალ სასწაულს აღასრულებდა, მაგრამ რაკი ეს ადგილი უდაბური იყო, დროთა განმავლობაში წყარო დაიშრიტა და მიდამო ეკალ-ბარდებმა და ბუჩქნარმა დაფარა.

ერთხელ ამ ადგილებში უბრალო მეომარმა ლეონ მაკიელმა გაიარა და დაინახა უსინათლო, რომელიც გაუვალ ტევრში დაეხეტებოდა. თანაგრძნობამ მეომარი აიძულა, ხელი მოეკიდა და ბილიკზე დაეყენებინა საბრალო ხეიბარი, მაგრამ ბრმა დაქანცულობას, ხვატსა და წყურვილს ისე დაეუძლურებინა, რომ ფეხზე დგომაც აღარ შეეძლო. ლეონმა ის დასასვენებლად ჩამოსვა, თვითონ კი ჭაობიან ადგილებში მის მოსასულიერებლად წყლის ძებნა დაიწყო. როცა ამაო ძებნით დაღლილი უსინათლოსთან დაბრუნდა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: "ნუ ირჯები, ლეონ, და წყალს ნუ ეძებ, ის შენს ახლოსაა". შეძრწუნებულმა ლეონმა მიმოიხედა, რათა მინიშნებული წყალი ეპოვა, მაგრამ ვერსად დაინახა. შემდეგ კვლავ ესმა: "ლეონ მეფეო, შედი მაგ გაუვალ ტევრში, აიღე წყალი, რომელსაც იქ ნახავ, წყურვილი მოუკალ ტანჯულს, ტალახი კი თვალებზე სცხე, ხოლო იმას, თუ ვინ ვარ მე, ამ ადგილის მფლობელი, მალე შეიტყობ. ჩემი შეწევნით მოკლე დროში ჩემსავე სახელზე ტაძრის აგებას შეძლებ და მე აქ შევისმენ ყველას ლოცვას, ვინც მოვა და ჩემს სახელს რწმენით მოიხმობს, ყველა სათხოვარს შევივედრებ და სნეულებათაგან კურნებას აღვასრულებ". შეშინებულმა ლეონმა ისწრაფა და წყაროდან წყალი და ტალახი წამოიღო, სასწრაფოდ მოძებნა ბრმა, წყალი დაალევინა, ტალახი კი თვალებზე სცხო. უეცრად ბრმადშობილს თვალი აეხილა, ისე, რომ გამყოლი აღარ დასჭირვებია, ჩავიდა ქალაქში და ღვთისმშობლის დიდი სასწაული იქადაგა. ეს მოხდა მარკიანეს მეფობისას.

მარკიანეს შემდეგ ლეონ მაკიელი გამეფდა. მან სასწაულმოქმედი წყაროს გაწმენდა და მასზე ღვთისმშობლის ტაძრის აგება ბრძანა, რომელსაც ცხოველმყოფელი წყაროს ტაძარი უწოდა.

"ტაძრის შესასვლელი ოქროთი იყო შემკული, ხოლო კედლები მოზაიკით მოეფინათ ისე, რომ სარკმლიდან შემოსული და კამარებსა და კედლებზე არეკლილი სინათლე ელვასავით ბრწყინავდა". გუმბათში უფალ იესო ქრისტესა და ყოვლადწმინდა მარიამის სასწაულები იყო გამოსახული, ხოლო შუაში - ცხოველმყოფელი წყარო და ღვთისმშობელი ყრმა მაცხოვრით ხელში. წყლისკენ მიქცეულ ღვთისმშობლის სახეს წყარო სარკესავით ირეკლავდა. თვით ნაკადული ტაძრის შუაში იყო. იქამდე რომ მიგეღწიათ, 25 საფეხური უნდა ჩაგევლოთ. მარმარილოს კიბეს მოაჯირი ამკობდა და ამავე დროს ჩამსვლელებს წაქცევისაგან იცავდა. წყლის ამოღების მსურველთათვის მოწყობილი მარმარილოს სადგომი წყაროს გარს ერტყა. ზედა ნაწილში წყალი ჯერ მარმარილოს მრგვალ ღრმულში გროვდებოდა, მერე კი ხვრელით მარმარილოსავე აუზში ჩაედინებოდა. ტაძრის შუაში მრგვალი ჭურჭელი იდგა, ხოლო მეორე ვიწრო და გრძელი ავზი საკურთხეველთან მოეთავსებინათ. სწორედ აქედან იღებდა ხალხი ცხოველმყოფელ ცვარს.

მაჰმადიანთაგან დარბევის შემდეგ ტაძარი საფუძვლამდე დაინგრა. ცხოველმყოფელი წყაროს აყვავებული შემოგარენი სიკვდილის ველად - მუსულმანთა სასაფლაოდ გადაიქცა.

წმინდა მიდამო დიდხანს იყო გაუდაბურებული. ქვის გროვების ქვეშ წყალი თითქოს დაწყდა, მაგრამ მადლის წყაროსთან რწმენით მოსული ადამიანისთვის კვლავ სასწაულებს აღასრულებდა.

1834 წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყაროს თავზე ქვის დიდი ეკლესია ნანგრევებიდან წამოიმართა. ამჟამად იქ, როგორც წარსულში, მოედინება სასწაულთმოქმედი ნაკადულის მაკურნებელი წყალი და ქრისტიანებსა თუ არაქრისტიანებს თავისკენ იზიდავს. ყველა ცრემლით ევედრება ზეციურ შუამდგომელსა და სარწმუნოებისამებრ კურნებას იღებს.



მოამზადა
მანანა ჯანელიძემ
ბეჭდვა
1კ1