სულ მალე "დედოფლის" ასლი სამუდამოდ დაბრძანდება ჯვრის მონასტრის მთავარ ტაძარში, შოთა რუსთაველის ფრესკის გვერდით და ამ ადგილს ეწოდება ქართველთა კუთხე
სულ მალე "დედოფლის" ასლი სამუდამოდ დაბრძანდება ჯვრის მონასტრის მთავარ ტაძარში, შოთა რუსთაველის ფრესკის გვერდით და ამ ადგილს ეწოდება ქართველთა კუთხე
”დედოფალი” - საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი, რომელმაც უკვე გაითქვა სახელი და უამრავ ადამიანს გაუთბო გული სიყვარულით. ხატს ორი მცველი ჰყავს, გიორგი ჭოლოკავა და ზურაბ შიოშვილი. მას შემდეგ, რაც "დედოფალი" ათონის მთიდან ჩამობრძანდა, სადაც უამრავი საკვირველება აღასრულა, არაერთ წმინდა ადგილსა და მონასტერს ეწვია, მათ შორის ისტორიულ ლორესაც. მისი გამოჩენა ყოველთვის სიხარულითა და იმედით აღავსებს გარშემომყოფთ და ყოველი მომლოცველისთვის განსაკუთრებული სიყვარულის წყარო ხდება. სულ ახლახან "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" წმინდა მიწაზე იმყოფებოდა და მისი ეს მოგზაურობაც უამრავი ემოციითა თუ საკვირველებით იყო სავსე.

გიორგი: - რამდენიმე თვის წინ მივიღეთ ნიშანი, რომ "დედოფალი" წმინდა მიწაზე უნდა გამგზავრებულიყო. ხატის მცველები ყველაფერს ჩვენი პირადი დანაზოგებით ვუძღვებით და იმ დროს წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის ხატის ისრაელსა და პალესტინაში წაბრძანება, თუმცა ვიცოდით, რომ რადგან ნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა იყო ასეთი, ეს აუცილებლად აღსრულდებოდა. იერუსალიმში ვითარება ძალიან დაძაბული იყო. თელ-ავივის აეროპორტში იქაური მეგობრები და ახლობლები დაგვხვდნენ - დღეს იერუსალიმში ტერაქტი მოხდა და იქ წასვლას არ გირჩევთო, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება იმდენად მტკიცე იყო, შუაღამისას მაინც წავედით იერუსალიმში. ძველ ქალაქში უნდა დავბინავებულიყავით, მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მახლობლად და როდესაც მძღოლმა შუაღამისას დამასკოს კარიბჭესთან გაგვიჩერა, გამაოგნებელი სურათი დაგვხვდა. გარშემო უამრავი შეიარაღებული ჯარისკაცი და ბლოკპოსტი იყო. იქაურობა ბრძოლის ველს ჰგავდა. სამოქალაქო პირთაგან მხოლოდ ჩვენ ორნი მივდიოდით ქუჩაში. სასტუმრომდე 11 სამხედრო პოსტი გავიარეთ.

KARIBCHE

ზურაბი: - როგორც ათონზე წასვლის წინ, იერუსალიმში გამგზავრებამდეც მივედით სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელის ლუსკუმასთან და კვლავ ვთხოვეთ გამოგვყოლოდა იერუსალიმში და ჩვენთან ერთად დაეცვა მისი საყვარელი ივერიის ღვთისმშობლის ხატი. როდესაც ბლოკპოსტებს გავდიოდით, გულში წმინდა გაბრიელს ვთხოვე, - მამა გაბრიელ, თუ ახლა ჩვენ გვერდით ხარ, მოგვეცი რაიმე ნიშანი-მეთქი. როდესაც სასტუმროში მივედით, ჯერ ერთ ოთახთან მიგვიყვანეს, მერე მეორესთან, მესამესთან, ასე მოვიარეთ ორი სართული. არც კი ვიცოდით, რატომ აკეთებდნენ ასე და ბოლოს, როცა გვითხრეს, აი, აქ შეგიძლიათ დადგეთო, შევედით და გაბრიელის ნიშანიც ვიხილეთ: კვლავ სამი საწოლი იდგა, ყველაფერი ისე იყო, როგორც საბერძნეთში. სასტუმროში მისვლისთანავე ბანზე ავედით, რათა ქალაქისთვის გადაგვეხედა და როგორც კი მოაჯირს მივუახლოვდით, სროლა ატყდა, ისროდნენ იმავე ქუჩაზე, ამას მოჰყვა პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანების სირენები, ვითარება ძალიან მძიმე იყო, უფრო დაიძაბა შემდგომ დღეებში, როდესაც საერთოდ დაიკეტა ძველი ქალაქის შესასვლელები. სახურავებზე, აივნებზე, ქუჩებში, ყველგან ავტომატიანი ხალხი იყო. თითქმის ყოველდღე ხვრეტდნენ ვიღაცას ქუჩაში. საკმაოდ მძიმე ვითარებაში მოგვიწია "დედოფლის" ჩაბრძანება იქ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მისია გვქონდა აღსასრულებელი და ვერაფერი დაგვიდგებოდა წინ.

გიორგი: იერუსალიმში "დედოფლის" გამოჩენა საოცრება იყო. ჩასვლის მეორე დილასვე, როგორც კი ხატი იერუსალიმის ქუჩებში გამოჩნდა, უამრავი მომლოცველი მოიზიდა და მოედნის გავლას ორმოც წუთზე მეტი მოვანდომეთ. ვხედავდით, რომ რაღაც განსხვავებული ხდებოდა. ხატისკენ მომავალთ სახეზე ღიმილი და უდიდესი სიხარული ჰქონდა, ისინი ხომ ცოცხალ ღვთისმშობელს ეგებებოდნენ. მოდიოდნენ არაბები, კოპტები, ევროპელები, რუსები, აფრიკელები, აზიელები, ეს იყო ნამდვილი ზეიმი და მოულოდნელი რამ. ეს ყველაფერი გვაგონებდა უფლის დიდებით შესვლას, თუმცა ამჯერად უფლის დედა შებრძანებულიყო იერუსალიმში დიდებით. იერუსალიმის დიდი სიწმინდეების მოსალოცად ჩასულნი "დედოფლისკენ" მოიწევდნენ. ფაქტია, რომ მისგან განსაკუთრებულად დიდი მადლი და სითბო მოდის. ასევე დაუვიწყარი იყო "დედოფლის" სტუმრობა უფლის საფლავზე. კუვუკლიის მცველებმა მომლოცველთა ნაკადი შეაჩერეს, ხატს დერეფანი გაუკეთეს და უდიდესი მოწიწებითა და თაყვანისცემით შეგვაბრძანებინეს "დედოფალი" უფლის საფლავზე. ცოტა ხნით კუვუკლია დაიკეტა კიდეც, სანამ ხატი არ გამოვაბრძანეთ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელისა და პალესტინის მიწაზე ყოველდღე სხვადასხვა სიწმინდესა და მონასტერს ვსტუმრობდით, "დედოფალს" ყოველდღე მივაბრძანებდით ხოლმე აღდგომის ტაძარში და ყოველ მიბრძანებაზე ასე იკეტებოდა კუვუკლია მისთვის.

KARIBCHE

ზურაბი: - პირველსავე დღეს იგრძნობოდა "დედოფლის" მადლმოსილება იერუსალიმში:
სხვადასხვა მონასტრის წინამძღვრები წირვაზე გვიწვევდნენ, გვთხოვდნენ, რომ მათთანაც მიბრძანებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მიგვიწვიეს ღვთისმშობლის საფლავზე ჩატარებულ წირვაზეც, სადაც წირვის დროს "დედოფალი" საპატიოდ ღვთისმშობლის საფლავზე იყო დაბრძანებული. ასევე ხატი დაბრძანებული იყო მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის ტაძარში ღამით აღვლენილი წირვის დროს, ამ დროს ხატის მცველებიც ვეზიარეთ. ძალიან ლამაზი სანახავი იყო ხატის გადაცემის მომენტიც. როდესაც ხატი ტაძარში შევაბრძანეთ, ყველამ უკან დაიხია, მე ხატით ხელში კუვუკლიას მივუახლოვდი, უფლის საფლავის მცველი გამობრძანდა, ხატი გამომართვა და კუვუკლიაში შეაბრძანა. საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ერთ დღეში ხატმა ასე გაითქვას სახელი მთელ ქვეყანაში, პალესტინაში ჩასულებსაც კი უმალ გვკითხეს, თქვენ ბრძანდებით ის ორი მცველი, ხატი რომ ჩამოაბრძანესო. საითაც წავსულიყავით, ყურში გვწვდებოდა შეძახილი "თეოტოკოს" (ღვთისმშობელი). ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვაზე წინამძღვარმა, მამა ნექტარიოსმა მიგვიწვია. ტაძარში ღვთისმშობლის საფლავის გარდა, წმინდა იოაკიმესა და ანას საფლავებია, ასევე ამავე ტაძარში გახლავთ იოსებ დამწინდველის საფლავიც და "იერუსალიმის ღვთისმშობლის" სასწაულმოქმედი ხატიც. წირვის დროს "დედოფალი" ღვთისმშობლის საფლავზე იყო საპატიოდ დაბრძანებული. წირვის დაწყების წინ მწირველმა მღვდელმა მითხრა, ხატის მცველები შეგიძლიათ იქ დაბრძანდეთო და წინამძღვრის სკამის გვერდით მდგარ ორ სკამზე მიგვითითა, თუმცა ჩვენ ფეხზე დგომა ვარჩიეთ, მას მადლობა გადავუხადეთ ამ პატივისთვის.

გიორგი: - იმ ხნის მანძილზე, რაც იქ დავყავით, ყოველი დღე ძალიან დატვირთული იყო და დილის 5 საათიდან იწყებოდა. იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრაც, თუმცა იერუსალიმში ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ქართველთათვის, რასაკვირველია, იერუსალიმის ჯვრის მონასტერია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები იერუსალიმში რამდენიმე ათეულ მონასტერს ფლობდნენ და თავად აღდგომის ტაძრის შენებაშიც არაერთხელ შეიტანეს უდიდესი წვლილი, დღესდღეობით ჩვენს მეხსიერებაში დიდ ტკივილად სწორედ ჯვრის მონასტერი რჩება - იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ბერძნულ ეკლესიას ეკუთვნის და ქართველები მხოლოდ სტუმრის სტატუსით თუ შემოვიფარგლებით, მაგრამ ამჯერად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით მოხდა უდიდესი ისტორიული მოვლენა. "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა კლავდიოსმა მიიწვია. სავანეში ქართველმა მონაზონმა, დედა ნინო თალაკვაძემ გვიმასპინძლა. დაგვათვალიერებინა მონასტერი, გვიწევდა თარჯიმნობასაც. იგი უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი შეეგება "დედოფალს" და თავად გახლდათ მონაწილე ამ მნიშვნელოვანი ამბისა. უძველესი წესით, რომელიც ჩვენ მხოლოდ გაგონილი გვქონდა, როდესაც დიდ სავანეში უდიდეს ხატს მიაბრძანებდნენ, ხდებოდა ხატის მირონცხება. ეს წესი დროთა განმავლობაში სამწუხაროდ, დაიკარგა. ჩვენთვის მოულოდნელი იყო, როდესაც იღუმენი კლავდიოსი შებრძანდა საკურთხეველში, გამოაბრძანა უძველესი მირონი და "დედოფლის" კიოტის გახსნა ითხოვა. მან ხატი მთლიანად დაფარა წმინდა მირონით და აღასრულა ეს უძველესი ქრისტიანული ტრადიცია. თან გვთხოვა და კურთხევა მოგვცა, რომ შეიქმნას "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის" ასლი, რომელსაც ჩავაბრძანებთ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, იგი გადაიხდის საზეიმო წირვას და "დედოფლის" ასლი სამუდამოდ დაბრძანდება ჯვრის მონასტრის მთავარ ტაძარში, შოთა რუსთაველის ფრესკის გვერდით და ამ ადგილს ეწოდება ქართველთა კუთხე. ეს უდიდესი მიღწევაა, რადგან ხანგრძლივი დროის შემდეგ, პირველად ეწოდება ამ მონასტერში ადგილს ქართველთა სახელი, რაც მთავარია, ქართველთა მასპინძელი იქ უკვე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" იქნება! იმედი გვაქვს, რომ უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, შევაგროვებთ საჭირო სახსრებს კურთხევის შესასრულებლად.

KARIBCHE

ზურაბი: - ღვთისმშობელმა საპატიო სტუმრებად გვაქცია წმინდა მიწაზე, მაგრამ ვცდილობდით, სიმდაბლით გავყოლოდით გზას, ყოველი წუთი იყო ძვირფასი. მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა კუვუკლიის მცველებთანაც, ჩვენ უდიდესი წმინდა ადგილის - კუვუკლიის მცველები ვართ, თქვენ კი ცოცხალ ღვთისმშობელს იცავთო. ძვირფასი საჩუქრებიც უხვად გვიძღვნეს, მათ შორის ის ბეჭდებიც, რომლითაც დაბეჭდილი იყო უფლის საფლავი ცეცხლის გადმოსვლამდე. მაცხოვრის საფლავზე თავისა და ფეხების ადგილას ორი ჩაუქრობელი კელაპტარი ანთია, ერთ საღამოს მცველებმა კუვუკლიაში გვიხმეს და თითო კელაპტარი უფლის საფლავზე ჩვენს სახელზე აანთეს. ეს უდიდესი წყალობა და სიხარული იყო ჩვენთვის. მალევე გვისტუმრა იერუსალიმის პატრიარქმაც, სადაც "დედოფალი" მივაბრძანეთ. პატრიარქმა "დედოფალი" მოილოცა და დაგვლოცა მცველები. იერუსალიმის საპატრიარქოს რამდენჯერმე ვესტუმრეთ, ასევე მიგვიწვიეს დილის წირვაზეც. "დედოფალმა" ისეთ ადგილებშიც კი მიგვიყვანა, რომლის შესახებაც მანამდე არ ვიცოდით. ხატი ასევე ეწვია იმ მიწისქვეშა სამარხსაც, სადაც ძველი აღთქმის სამი უკანასკნელი წინასწარმეტყველი გახლავთ დაკრძალული.

გიორგი
: მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დღე მუდამ მოვლენებით იყო სავსე, ხიფათი მუდამ თან გვდევდა. მზის ჩასვლის მერე მხოლოდ ჩვენ ორნი დავდიოდით ფეხით ძველ იერუსალიმში. რამდენიმე დღის მანძილზე, ტურისტებიც გაქრნენ და არაბებიც ერიდებოდნენ გამოსვლას. როგორც კი მოსაღამოვდებოდა, ქალაქში დავდიოდით ჩვენ ორნი და გარშემო იდგნენ კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები. ტერაქტი და მკვლელობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა ყველაზე საშიში სიტუაცია პალესტინაში შეგვემთხვა. უდაბნოდან როგორც კი გამოვედით, მანქანით გზაზე ოცდაათამდე ნიღბიანი გადაგვიდგა. გავჩერდით. მოულოდნელად გარს შემოგვეხვივნენ ნიღბიანი ისლამისტები, რაღაცას ყვიროდნენ. უეცრად დავინახეთ, რომ ჩვენ გარშემო საბურავები შემოეწყოთ და ცეცხლი დაენთოთ, უზარმაზარი ქვებიც ეჭირათ. გავისუსეთ, უეცრად გამახსენდა ისლამისტების მიერ განხორციელებული ყველა ის კადრი, რაც ტელევიზიითა თუ ინტერნეტით გვინახავს. გარინდულნი ვისხედით მანქანაში. მთავარი "დედოფლის" გადარჩენა იყო. ხატი ზურაბს ეჭირა წინ. რაღაც მომენტში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ გვეგონა, თავებს დაგვაჭრიდნენ, შემზარავად იქცეოდნენ და თითქოს ერთმანეთს აქეზებდნენ, რომ რომელიმეს გადაედგა პირველი ნაბიჯი. მიუხედავად ყველაფრისა, მშვიდად ვისხედით, შიში დიდი იყო, მაგრამ რწმენა უფრო მეტი! უეცრად მანქანის წინ მდგომმა ერთ-ერთმა ნიღბიანმა ზურაბის ხელებში ხატი დაინახა და თითქოს მიაშტერდა კიდეც, მერე ხელი ზემოთ ასწია, ბელადის პოზა მიიღო და მძღოლს ანიშნა, აქეთ წამოდიო. მძღოლმა გვირჩია, დავმორჩილებოდით. მანქანა დავძარით, ნიღბიანი წინ მიგვიძღოდა და მერე ხელით გვანიშნა, რომ გზიდან გადაგვეხვია და მინდვრებით წავსულიყავით. ჩვენც ასე მოვიქეცით და შემოვლითი, გაუკვალავი გზით დავაღწიეთ თავი იქაურობას. თუმცა იმავე დღეს კიდევ ორი საკმაოდ რთული მონაკვეთი გავიარეთ, საფრთხე ყოველდღე თან სდევდა ჩვენს გზას, მაგრამ უფალი გვიფარავდა ჩვენც და, რაც მთავარია, მისი დედის საკვირველმოქმედ ხატსაც.

KARIBCHE

ზურაბი: როგორც იცით, ხატის ასლებსაც კი, რომლებიც მომლოცველთა სახლებში ინახება, ხელები უთბება. ეს სასწაული უკვე დიდი ხანია, რაც აღესრულება, თუმცა ხატმა კიდევ უფრო დიდი სასწაულიც გვაჩვენა. საკმარისი იყო, მივახლებოდით რომელიმე წმინდა ადგილს, რომ საოცარ სიმხურვალეს გამოსცემდა. ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ მთელი სამოსი გვისველდებოდა. ჩვენი შეგრძნება მაშინ იყო რთულად აღსაწერი, როცა ხელთ გვეპყრა ხატი, თითქოს გარშემო რაღაც კაფსულის მსგავსი იკვრებოდა, რომლის შიგნითაც ჩვენ ვიყავით და იმ კაფსულაში ტემპერატურა საოცარი სისწრაფით მატულობდა. ეს არაერთ წმინდა ადგილას მომხდარა და ამის შემსწრე უამრავი სასულიერო თუ საერო პირიც გახდა. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ელია წინასწარმეტყველის გამოქვაბულში აღსრულებული ეს სასწაული, ასევე გიორგი ხოზევიტის მონასტერში, მარ საბას მონასტერშიც, ბეთლემში და სხვა. როდესაც განცდის მთის მონასტერში "დედოფალი" კლდის იმ მონაკვეთზე დავაბრძანეთ, სადაც უფალი იჯდა, კიდევ ერთი სასწაულის შემსწრენი გავხდით. ცივი კლდე, რომელიც ტაძრის შიგნითაა მოქცეული, ხატისგან მთლიანად გახურებულიყო. მონასტრის ბერებმა ჩვენი წმინდა მიწაზე ჩასვლის შესახებ ჯერ კიდევ მანამდე იცოდნენ, სანამ პალესტინაში იერიქონს ვეწვეოდით და დიდი პატივით მიიღეს "დედოფალიც". ისინი გვერდიდან ერთ წუთსაც არ გვშორდებოდნენ და როდესაც ხატისგან გაცხელებული კლდის ლოდი იხილეს, მათ განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა. ბერები ამ სასწაულის ხილვის შემდეგ ღელავდნენ და ბოლოს მოკრძალებით გვთხოვეს, მონაცვლეობით ცოტა ხანს ეს უდიდესი ხატი ხელში სჭეროდათ. ბერები ჩვენ წინ იდგნენ და თითქოს სულ ცახცახებდნენ. უცებ ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ხელთ ხატი ეპყრა, ხმამაღლა ძახილი დაიწყო, - "ცხელია, ცხელია, სულ გავხურდი!!!" შემდეგ მეორემ გამოართვა. იგივე მოხდა, მეორე ბერსაც სულ გაუცხელდა გულმკერდი. ეს უდიდესი გამოხატულება "დედოფლის" ცხოველმყოფელობისა, წმინდა მიწაზე არაერთხელ განმეორდა. ხატი თითქოს კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდა და იერსახეც კი ეცვალა. დღეს "დედოფლის" სახე სულ სხვაგვარია, უფრო ცოცხალი და მეტყველი! ძალიან ეძნელებოდათ ბერებს "დედოფალთან" და ჩვენთან განშორება, ისე დაგვტრიალებდნენ, როგორც მთელი ცხოვრების ნანატრ სტუმრებს, მათთვის უდიდესი პატივი იყო ღვთისმშობლის სტუმრობა და გვთხოვეს, მოვიხსენიოთ ისინიც ჩვენს ლოცვებში. ეს იმ დღეს აღსრულებული უკვე მერამდენე სასწაული იყო, აღარც ვიცოდით, რადგან ღვთისმშობელმა უამრავი საკვირველება აჩვენა პალესტინის მონასტრებსა თუ მომლოცველებს.

KARIBCHE

გიორგი:
- ერთ დღეს, პალესტინაში დილაადრიან ავდექით, რათა იორდანესკენ წაგვებრძანებინა "დედოფალი", საოცარი რამ ვიხილეთ ფანჯრიდან, ისეთი კოკისპირული წვიმა მოდიოდა, ხილვადობაც კი ჭირდა, მიუხედავად ამისა, მაინც გავემგზავრეთ მდინარისკენ. ისრაელში არსებობს ადგილი, რომელსაც იორდანიტს ეძახიან, იქ ყველაფერი მოწყობილია იორდანეში განსაბანად, თუმცა ის უფლის ნათლისღების ადგილი არ არის, ჩვენ სწორედ იმ ადგილისკენ გავეშურეთ, სადაც ნათლისღება მოხდა. მთელი გზა ისე ვიარეთ, წვიმას არ შეუხანებია. ნათლისღების ადგილი ადრე სულ დაკეტილი იყო და მხოლოდ წელიწადში ერთხელ ეძლეოდათ სასულიერო პირებს შესვლის საშუალება, სულ ახლახან იქ შესვლა მომლოცველთათვისაც შესაძლებელი გახდა - იხსნება მხოლოდ რამდენიმე საათით. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დროის იმ მცირე მონაკვეთში, როცა იორდანეში შესვლაა შესაძლებელი, ათასობით ადამიანი მიდის და ნემსიც კი არ ჩავარდება. როცა ნათლისღების ადგილს მივუახლოვდით, კვლავ წვიმდა, და ძლივს მივაბრძანეთ ხატი მდინარემდე. გარშემო ხალხი იყო. პირველად მე ჩავედი მდინარეში, შემდეგ ზურაბი. როდესაც იორდანეში ხატის ჩაბრძანება გადავწყვიტეთ, ნაპირზე უამრავმა მოიყარა თავი "დედოფლის" სანახავად. ხატი შევაბრძანეთ თუ არა წყალში, უეცრად მზემ გამოანათა და ცა მოიწმინდა. ეს მოხდა წამიერად. არარეალურს ჰგავდა ეს ყველაფერი. საოცრება იყო ისიც, რომ მდინარეში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. როდესაც ნაპირისკენ გავიხედეთ, ყველა უკან მიდიოდა ჩქარი ნაბიჯით, თითქოს რაღაც ძალა მიერეკებოდა ხალხს იმისათვის, რომ ღვთისმშობელი ამ საკრალურ მომენტში მარტო დარჩენილიყო. ჩვენი გამყოლი, რომელიც უკვე მრავალი წელია, ხალხს ატარებს, გაოგნებული ყვიროდა: "შეხედეთ, ხალხო, რა ხდება, გარშემო არავინაა, სიცარიელეა, სიცარიელე, ნუთუ ეს სასწაული არ არის!" სანამ ხატი არ ამოვაბრძანეთ და მდინარის ნაპირი არ დავტოვეთ, იქ ფეხი არავის დაუდგამს.
არ ყოფილა ისეთი მონასტერი ან ტაძარი, სადაც ხატი მიგვებრძანებინოს და ზარებს არ დაეწყოთ რეკვა, ყველგან ზარების რეკვით შევდიოდით.

KARIBCHE

ზურაბი:
- მახსოვს, გამგზავრებამდე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დედა ნინოს პირველად დავურეკე. როგორც კი მან ჩემს ზარს უპასუხა, იმწამსვე ჯვრის მონასტრის ზარებმა დაიწყეს რეკვა, ორივენი ისე დავიბენით, ჩუმად ვუსმენდით ზარებს. მაშინაც კი, როდესაც იღუმენმა კლავდიოსმა "დედოფლის" ასლის იერუსალიმში ჩაბრძანება გვთხოვა, ზარმა შემოკრა. თაბორის მთაზე ტაძარი ხალხით სავსე დაგვხვდა. "დედოფლის" შებრძანებისთანავე ყველა ჩვენკენ მოტრიალდა და უზარმაზარი რიგი დადგა ხატის მოსალოცად, უმალ მთავარ სიწმინდედ "დედოფალი" იქცა თითქოს. ყველანი დიდი სიხარულით მოდიოდნენ თაყვანსაცემად. ტაძარში უამრავი ბერძენი მომლოცველი იყო და "დედოფალი" რომ დაინახეს, ისმოდა შეძახილი "პანაგია პორტაიტისა". პირველ დღეს როდესაც მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მივედით, როგორც უკვე მოგახსენეთ, უამრავი მომლოცველი მოგროვდა, მათ შორის იყო ერთი უკრაინელი ემიგრანტი მამაკაცი, რომელიც უკვე მრავალი წელია თელ-ავივში ცხოვრობდა. ყურადღება იმით მიიპყრო, რომ სულ შორიახლოს გვივლიდა, მერე თითქოს ძალა მოიკრიბა, მოვიდა და ხვეწნით გვითხრა, მამსახურეთ ერთი დღე ღვთისმშობელს და წმინდა ადგილებს მოგალოცინებთო. უარი ვერ ვუთხარით. როდესაც ქალაქში დავდიოდით, თან წმინდა ადგილებზე გვესაუბრებოდა და თან ხატის შესახებ გვეკითხებოდა დაწვრილებით, თითქოს რაღაცაში დარწმუნებას ცდილობდა, ის ხატს აკვირდებოდა მუდმივად, აშკარად რაღაცას ხედავდა, რომლის დაფარვასაც ცდილობდა და თან ისევ რაღაც კითხვებს სვამდა. მერე უეცრად შეჩერდა, ხატის წინ დაიჩოქა და გვითხრა, ღვთისმშობელი ამბობს, რომ სადაც ის გიბრძანებთ, თქვენც მუდამ იქ მიაბრძანებთ მასო. ჩვენი მეგზური ისე ღელავდა, რომ ფეხზე წამოდგომა ძლივს შეძლო, თითქოს რაღაცაში უნდოდა დარწმუნება და ღვთისმშობელმა მას მოულოდნელად გასცა პასუხი. მერე დინჯად წამოდგა და ღვთისმშობლის სიტყვები გაიმეორა, ის მართლა ასე ამბობს, რომ სადაც მისი ნებაა, თქვენც იქ დააბრძანებთ მასო! გამეღიმა და დავეთანხმე, მან კი მიპასუხა, ეს უდიდესი ხატია, ის ცოცხალია და საუბრობს!

გიორგი: - ძნელია, მოყვე ეს ამბავი ორი სიტყვით, ძალიან ბევრი წმინდა ადგილი მოვილოცეთ, წმინდა ნიკოლოზის სახლიც, მწყემსთა ველიც, მოგვთა მღვიმეც, წმინდა გიორგისა და ლაზარეს საფლავიც... ახლა რომ ვუფიქრდები, თითქოს "დედოფალი" ყველას რაღაც მნიშვნელოვანს აუწყებდა წმინდა მიწაზე და ამისთვის ბრძანდებოდა იქ. ის უდიდეს ძალას გვაძლევდა. წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე გზა განვლო, ყოველდღიურად ამხელა ფიზიკური დატვირთვა გქონდეს და არც კი ტრაპეზობდე, ამ ძალის მოცემა მხოლოდ უფალს თუ შეუძლია.
რომ ჩამოვედით, კვლავ ტრადიციულად სამთავროს ტაძარში გავემართეთ, რათა მამა გაბრიელისთვის მადლობა გადაგვეხადა. ლუსკუმასთან რომ მივედით, მაცხოვრის საფლავიდან ჩამოტანილი დიდი კელაპტარი ავანთეთ და თან დედებიც გავაფრთხილეთ, რომ კელაპტარი ბოლომდე ჩამწვარიყო. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვეთ იმ სასწაულის შესახებ, რომელიც დღეს ყველასთვისაა ცნობილი - წმინდა გაბრიელი გამოისახა სამთავროს მონასტერში. უფალი მუდამ გვაძლევს რაღაც ნიშანს, რითაც მის ჩვენ გვერდით ყოფნას გვიდასტურებს და ღმერთმა ქნას, თვალი აგვეხილოს ამ სიკეთის დასანახად. "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" საქართველოში ჩამობრძანდა და ჩამოიტანა უდიდესი მადლი წმინდა მიწისა, რომელსაც კვლავ თავის საყვარელ და წილხვდომილ ერს გაუნაწილებს.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1