ტალღაზე მოლივლივე ხატი
ტალღაზე მოლივლივე ხატი
"ლუდიის" ანდა "რომის" ღვთისმშობელი
წმინდა პეტრე და იოანე, სხვა მოციქულებივით, სახარების ქადაგებით მთელ დედამიწას შემოივლიდნენ, ჯერ იერუსალიმის მახლობელ ქალაქ ლუდიაში იყვნენ. აქვე დააარსეს ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისა. კეთილსასურველი გარემოებები დაემთხვა ტაძრის მშენებლობას... იმ დროს ქრისტეს ეკლესიაში მშვიდობა სუფევდა, პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილის მერე იუდეაში ქრისტიანების დევნა შეწყდა. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა, რომელსაც მრავალი რამ გაეგონა უფალზე, ქრისტიანების დევნა აკრძალა. ლუდიაში ტაძრის აგების შემდეგ მოციქულები გაემგზავრნენ იერუსალიმში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ევედრებოდნენ, მისულიყო ლუდიაში, ენახა მის სახელზე აგებული ტაძარი, ეკურთხებინა თავისი მისვლით, რომ მასში აღვლენილი ლოცვა უფლის საყდრამდე ასულიყო. ღვთისმშობელმა მათ უთხრა: - სიხარულით დაბრუნდით ლუდიაში, მე თქვენთან ერთად ვიქნებიო. უკან დაბრუნებულებს ეკლესიის საყრდენ ერთ ქვის სვეტზე ღვთის განგებულებით დახვდათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთქუმნელი ხატი, სწორედ ისეთი, როგორიც ნახეს, სამოსიც იმდაგვარი ეცვა. მოციქულებმა თაყვანი სცეს ხატს. მერე ლუდიაში ქალწული მარიამი ჩაბრძანდა. ნახა თავისი ხატი, ასევე უამრავი ქრისტიანი, განიხარა სულით, თავისი გამოსახულება აკურთხა და სასწაულმოქმედების მადლი მისცა.

მრავალი წლის მერე რომის ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა და ქრისტიანების დევნა დაიწყო. ლუდიაში ღვთისმშობლის ხატის წასაშლელად ქვისმთლელები გააგზავნა. მაგრამ რაც უფრო თლიდნენ, სვეტის სიღრმეში უფრო ჩადიოდა ხატი. ეს ამბავი მთელ საქრისტიანოში გავრცელდა.

მრავალი წლის შემდეგ სიწმინდეების თაყვანისსაცემად პალესტინაში წმინდა გერმანე ჩავიდა. მან თაყვანი სცა ლუდიის ღვთისმშობელსაც და ერთ ხატმწერს მისი ასლი გადააღებინა. წმინდა გერმანემ ხატი კონსტანტინოპოლში ჩააბრძანა და ამ ფასდაუდებელი საგანძურის წინაშე ყოველდღე პარაკლისს აღავლენდა. იმპერატორ ანასტასის მეფობისას (713-715) წმინდა გერმანე კოსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. ანასტასის მერე ტახტზე ხატმებრძოლი ლევ ისავრიელი ავიდა (716-741). გააძევეს საყდრიდან პატრიარქი გერმანე. მან საპატრიარქო ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატი წააბრძანა. ვიდრე ხომალდზე ავიდოდა და გადასახლების ადგილისკენ გაცურავდა, წერილი მისწერა რომის პაპს, წმინდა გრიგოლს და აუწყა იმპერატორის მიერ ხატთაყვანისმცემელთა დევნის ამბავი. მიაწერა წერილის დაწერის თარიღი, დაბეჭდა და ხატზე გაკეთებულ ღიობში ჩადო. თვალცრემლიანი ეამბორა წმინდა ხატს და შესჩივლა: "მოძღვართ მოძღვარო! გადაირჩინე თავი და გადაგვარჩინე ჩვენცო". ხატი ზღვის ტალღებს მიანდო. ერთ დღე-ღამეში წმინდა ხატმა ძველ რომამდე ჩააღწია. იმავე ღამეს წმინდა გრიგოლს ხილვა ჰქონდა - რომში მალე მაცხოვრის ხატი მობრძანდებაო. ინათა თუ არა, წმინდა გრიგოლი ეკლესიის მსახურებთან ერთად ნავში ჩაჯდა, ანთებული სანთლებითა და საკმევლის კმევით გაჰყვნენ მდინარე ტიბრს ზღვის შესართავამდე. შესართავში დაინახეს მათკენ მომავალი ხატი. სულიერი სიხარულით და კეთილმოკრძალებული თრთოლით აღივსნენ. წმინდა გრიგოლმა მიმართა წმინდა ხატს: "მეუფეო, თუ ჩვენ, უღირსებთან, მოხვედი, მაშინ გევედრებით: როგორც დიდებულებით მობრძანდებოდი წყალზე, ისე ინებე ჩვენს უღირს ხელებში დაბრძანება, რადგან ვერ ვბედავთ შენთან მოახლოებასო". ხატი აიწია, გამოფრინდა და წმინდა გრიგოლის ხელებზე დაეშვა. ფსალმუნთა გალობით შეასვენეს რომში და წმინდა პეტრეს ტაძარში განუჩინეს ბინა. წმინდა გრიგოლმა წმინდა გერასიმეს წერილი წაიკითხა და საოცარი რამ შეიტყვეს, წმინდა ხატს ერთ დღე-ღამეში ჩამოუღწევია რომში.

წმინდა გერასიმე ხედავდა ხატმებრძოლთა უმსგავსობას, იგრძნო სიკვდილის მოახლოება და მეორე წერილი მისწერა რომის პაპს, სადაც თავს გადახდენილი უბედურება დაწვრილებით აღუწერა. მერე კი ღვთისმშობლის ხატის დაფაზე გაკეთებულ ნაპრალში წერილი მოათავსა და ღვთისმშობელს რომისკენ გაცურვა შესთხოვა. ისარივით გავარდა წინ წმინდა ხატი და ისიც ერთ დღე-ღამეში რომში ჩაბრძანდა. იმავე ღამეს წმინდა გრიგოლს ხილვით ეუწყა ზეციური დედოფლის მობრძანება, მაშინდელივით სამწყსოსთან ერთად გავიდა ტიბრისა და ზღვის შესართავთან, ახლა უკვე ღვთისმშობლის ხატის მისარქმელად. ახლაც ხელნი აღაპყრო ზეცისკენ და ღვთისმშობლის ხატიც თავისით დაეშვა მის ხელებში. დიდი ზეიმით მიაბრძანეს წმინდა ხატი წმინდა პეტრეს ტაძარში. პაპმა წაიკითხა წმინდა გერმანეს ეპისტოლე. შეაწუხა მისმა ხვედრმა. ამ ორმა ხატმა მრავალი სასწაული მოახდინა რომში.

გავიდა წლები. ბიზანტიის ტახტზე მცირეწლოვანი იმპერატორი მიხეილი ავიდა, მის მაგივრად ქვეყანას თეოდორა დედოფალი მართავდა, რომლის დროსაც ხატმებრძოლობის ერესი სრულიად ამოიძირკვა და იზეიმა მართლამდიდებლობამ. ამ დროს წმინდა პეტრეს საკურთხეველში დაბრძანებული ლუდიის ღვთისმშობლის ხატმა ყველას თვალწინ მოძრაობა და რყევა დაიწყო. ეს რამდენჯერმე გამეორდა წირვისას, მწუხრისას. რომის მოსახლეობა შიშმა მოიცვა. მაშინ რომის მღვდელმთავარი გახლდათ უწმინდესი სერგი. ერთხელ, წირვისას, ღვთისმშობლის ხატი ატორტმანდა, აფრინდა ზევით, ძალზე მაღლა და ანგელოზთა უხილავი ხელით ტვირთული ეკლესიის კარებისკენ გაემართა. შეძრწუნდა პაპი, ღვთისმსახურნი, მრევლი, შიშით და თრთოლით მიჰყვნენ ხატს, რომელმაც, მიაღწია რა მდინარე ტიბრამდე, ჩაეშვა მასში და გაჰყვა დინებას ზღვისკენ. აცრემლებული რომაელები თვალს არ აშორებდნან ხატს, ვიდრე არ გაუჩინარდა. უწმინდესმა პაპმა ბრძანა ამ სასწაულის აღწერა.

ამასობაში წმინდა ხატმა კონსტანტინოპოლს მიაღწია და სამეფო პალატების სიახლოვეს ყურეში შეჩერდა. ღვთისმოშიშმა ხალხმა ეს ხატი წმინდა თეოდორას მიართვეს. მან იგი ხატმებრძოლების მიერ ზღვაში ჩაძირულ ხატად მიიჩნია.

მალევე იმპერატორმა მიხეილმა და პატრიარქმა მეთოდემ რომში სასულიერო პირები გაგზავნეს და უწმინდეს კაცს ხატმებრძოლობის ერესის დასაგმობად თავიანთი წარმომადგელის გამოგზავნა სთხოვეს. იმპერატორის დესპანებს უამბეს კონსტანტინოპოლიდან ზღვით სასწაულებრივად მობრძანებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატების ამბავი, რომ ღვთისმშობლის ხატმა თავისით დასტოვა აქაურობა და ისევ ზღვით სადღაც გაეშურა. დელეგაციამ ჩაინიშნა წმინდა ხატის მიერ რომის დატოვების თარიღი. როცა უკან დაბრუნდნენ და მეფე-დედოფალსა და პატრიარქს უამბეს ეს ამბავი, მათ გაახსენდათ ზღვის ყურეში ნაპოვნი ხატი და იკითხეს, - ეს ხატი ჩვენთან რომიდან ხომ არ მოცურდაო?

მალევე კონსტანტინოპოლში პაპის ელჩები ჩამოვიდნენ. მათ სანაპიროზე ნაპოვნი ხატი აჩვენეს. რომაელებმა ის ხატი იცნეს, ცოტა ხნის წინ რომი რომ დატოვა. უზომო იყო კონსტანტინოპოლელთა სიხარული. წმინდა ხატი დიდი პატივით ღვთისმშობლის ტაძარში გადაასვენეს. მას შემდეგ წმინდა ხატს რომის ღვთისმშობელს უწოდებენ.
ბეჭდვა
1კ1