მრავალძალის წმინდა გიორგი
მრავალძალის წმინდა გიორგი
მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რაჭაში, სოფელ მრავალძალის ახლოსაა. ტაძარი თავიდანვე წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა.
ხოლო თუ რატომ ეწოდა "მრავალძალი", გვამცნობს 1894 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნებული სტატია: "გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარის მეფობის შემდეგ ოსმალეთის ჯარმა საქართველოზე გაილაშქრა, სოფელ მრავალძალთან მისვლა და მისი ამუსვრა გადაწყვიტა. როდესაც სოფელს ორ ვერსზე მიუახლოვდა, ერთბაშად დაბნელდა, ნისლ-ბურუსის ზეწარი გადაეფარა არემარეს და ჯარი ვეღარაფერს ხედავდა. ოსმალებს აერიათ გზა-კვალი. უგზო-უკვლოდ ხეტიალში მიუახლოვდნენ უზარმაზარ ჭოლევის კლდეს, რომლის ძირში, ერთი ალაგას, ჭაობიანი ტბა არის... ეს კლდე სარტყელივით აკრავს სოფელს. ჭოლევის კლდიდან რამდენიმე ჯარისკაცი გადავარდა და რადგანაც თვალით ვეღარას ხედავდნენ, ბევრი გადაჰყვა ერთიერთმანეთს. შედგნენ და დაუწყეს გზას ფრთხილად სინჯვა; აღმოჩნდა, რომ გადასდგომოდნენ ზემოხსენებულს კლდეს და იღუპებოდნენ. აღარ იცოდენ, საით გაბრუნებულიყვნენ. იფიქრეს, - სწორედ ღვთის განგებააო, აქ წმინდა გიორგის სალოცავი უნდა იყოსო.

ოსმალოს ჯარმა, დაიწყო ლოცვა: - დაგვიხსენ, ამ განსაცდელისაგან, ვევედრებით შენს დიდებას, დავსდებთ აღთქმას, და სადამდინაც შენი ზარის ხმა მიაღწევს, იქ ჩიტსაც არ ავაფრენთო. ამ ლოცვის შემდეგ ერთბაშად გადაიყარა ჯანღმა და მრავალძლის არემარესაც მოეფინა დღის სინათლე. ჯარისკაცებმა გადაიხედეს და როდესაც დაინახეს ცოტა მოშორებით საყდარი, მივიდნენ ეკლესიასთან. ერთი დღე და ღამე ამ ეკლესიის გალავანში დაჰყვეს და შესთხოვეს, -"წმინდა გიორგი ძლიერო, რადგანაც გადაგვარჩინე ამ განსაცდელს, დაგვიხსენი და რადგან ეგრეთი სასწაულთმოქმედი ხარ, ჰქმენ სასწაული და ამ შენს გალავანში მოიყვანე ის ფური და ხარი, რომელიც ზღვის პირზედ დაგვიტოვებია, უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერებაო.

ამავე ლეგენდის თანახმად, იმ ადგილას ამ უზარმაზარი ხარისა და ფურის მოკვლა არავის შეეძლო. გადმოცემით, უფლის ძალით, ორივე ეკლესიასთან გაჩნდა და ადვილად დანებდა ჯარს დასაკლავად. ოსმალებმაც დაკლეს ცხოველები, ხოლო სასწაულის აღსანიშნად მათი მარჯვენა რქები ვერცხლით შეაჭედვინეს და მრავალძლის ეკლესიას შესწირეს. ეს რქები დღესაც ამ ეკლესიაში ინახება ძველის ვერცხლით შეჭედილი.

ამდენი სასწაულის მნახველმა ოსმალეთის ჯარმა უწოდა ამ ეკლესიას მრავალძალი, ანუ მრავალძლიერი. ამის გამო სოფელსაც ეს სახელი დაერქვა. ნახსენებ ყანწებს ხმარობენ ეკლესიაში დღეობისას, აგრეთვე ქორწილში. ყანწები ფერათ წითელის სისხლივით არიან. ბევრს არა სჯერა, რომ ყანწები ბუნებით არის წითელი. ხალხი იმ აზრისაა, რომ როდესაც იმ ყანწებით ღვინოს სვამს ვინმე, უსათუოდ ფეხზედ უნდა წამოდგეს ქუდი მოიხადოს, პირჯვარი დაიწეროს, სამჯერ ემთხვიოს ყანწს, და ისე დალიოს, თუ ასე არ მოიქცა, ვერ გამოცლის."
XIX საუკუნეში, ტაძრის გადიდებისას, დასავლეთ კედელზე, ტაძრის კარიბჭის თავზე, გამოუსახავთ ხარისა და ძროხის თავები.

მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიაში არაერთი ისტორიული ნივთი ინახებოდა. სამწუხაროდ, 1934 წლის გაზაფხულზე ეკლესია გაძარცულა. მკვლევარ გიორგი ბოჭორიძის ცნობით, ყაჩაღებს მთელი ვერცხლეული წაუღიათ. გადარჩენილა ჯალალ-ედ-დინის მუზარადი, გაძარცული შაჰ-აბასის ხმალი და ქარახსები (ყანწები)...
ბეჭდვა
1კ1