იქნებ ბიზანტიიდან მოსულ ხატთმებრძოლებს გაერიდა "პალიასტომის ღვთისმშობლის" ცნობილი ხატი
იქნებ ბიზანტიიდან მოსულ ხატთმებრძოლებს გაერიდა "პალიასტომის ღვთისმშობლის" ცნობილი ხატი
ფაზისის სამიტროპოლიტო ტაძარი შესაძლოა, ის ეკლესია იყოს, რომელსაც აგათია, "ქრისტიანეთა შორის სახელგანთქმულ ტაძარს" უწოდებს, ჩვენ კი იგი პალიასტომთან, ან პალიასტომის ადგილას მდებარე და თეთროსანი ღვთისმშობლის სახელობისად მიგვაჩნია. ვახუშტი ბატონიშვილი პალიასტომის ტბის შესახებ ამბობს: "ამას იტყვიან ნაქალაქევს და შემდგომად მოცულს წყლისაგან". ბატონი გოგიტა ჩიტაიას ავტორობით გამოცემულ წიგნში, "ფოთს ღვთისმშობელი იცავს, ფოთის ეპარქია, 2002 წ.'' ვკითხულობთ:

-გადმოცემით, ადამიანთა ცოდვების გამო აღნიშნული ტაძარი წყალში ჩაძირულა. ამ ტაძრიდან უნდა იყოს ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, რომელსაც ბაგრატის ტაძრის სახელწოდებით ვიცნობთ, "პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი", რომელიც ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ამ ხატთან დაკავშირებულია ივერიის ღვთისმშობლის ხატის მსგავსი ლეგენდა. ეს ხატი ქუთაისში ყოფნისას 1650-1655 წლებში უნახავთ რუს ელჩებს ნიკიფორე ტოლოჩანოვს და ალექსი იევლიევს. მათთვის უამბიათ, რომ "წინათ ეს ღვთისმშობლის ხატი ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იდგაო. საყდრის მთავარხუცესმა სილიბისტრომ ამ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილა, თითქოს სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა, რომ სილიბისტრო მთავარხუცესი საკრებულო ტაძარში შესულიყო, მისი ყოვლადწმიდა ხატი აეღო და იმ ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა მოელისო. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერა, ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადა და იგივე აუწყაო, მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა...ღვთის ნება ასრულდა ამ ციხე-ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგი, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ღვთის ბრძანებით ამ წარღვნისაგან დაცულ იქნა. თავისთავად, უხილავად, ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდაო. როცა მთავარხუცესმა ასეთი სასწაული იხილა, მიირბინა და დაეცა სასწაულებრივი ხატის წინაშე, როცა მიუახლოვდა, შეეხო მისი უწმიდესობის ხატს, ყოვლიწმიდის ხატი მის ხელებში მიესვენა...კიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმიდესი გამოსახულების ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანა. მთავარხუცესმა ღვთისმშობლის ის ხატი ქუთაისში მიასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსაო". როცა რუს ელჩებს მიტროპოლიტ ზაქარიასათვის უკითხავთ ხატთან დაკავშირებული ამბების სისწორის შესახებ, მას დაუდასტურებია და უთქვამს, რომ ძველ წიგნებში ასე წერიაო. სამწუხაროა, რომ ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ამ ლეგენდაში ასახულია დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები. კერძოდ, აფხაზთა მეფეები დასავლეთ საქართველოს აერთიანებენ, ხოლო ქვეყნის დედაქალაქად ქუთაისს ირჩევენ, ეს ის პერიოდია, როდესაც ბიზანტია დასუსტებულია, ქვეყანა წალეკილია ხატთმებრძოლეობის მკრეხელობით, მას საქართველოსთვის არ სცალია. თუმცა, საქართველოში ეს ერესი არ ყოფილა, მაგრამ შესაძლოა, IX საუკუნის შუა ხანებში დამარცხებულმა ხატთმებრძოლების წარმომადგენლებმა ფაზისს შეაფარეს თავი. იქნებ, ადგილობრივი მცხოვრებლები არაფერ შუაში არიან, იქნებ ბიზანტიიდან მოსულ ხატთმებრძოლებს გაერიდა "პალიასტომის ღვთისმშობლის" ცნობილი ხატი.

ბეჭდვა
1კ1