მოულოდნელი სიხარული
მოულოდნელი სიხარული
გიხაროდენ, სახარულევანო!
მოულოდნელი სიხარულის ხატის გამოსახულება ასეთია: ოთახის კედელზე კიდია ღვთისმშობლის ხატი, ქვემოთ კი მის წინაშე მუხლმოყრით მლოცველი ახალგაზრდაა გამოსახული. წიგნში "დამარწყულებელი სასმისი" აღწერილია ამ ხატის მადლმოსილი ძალა: "ეს ხატი იმყოფებოდა ერთი ცოდვილის სახლში. ის არ ღალატობდა ჩვეულებას და ყოველდღიურად მის წინაშე მთავარანგელოზის სიტყვებით ლოცულობდა: "გიხაროდენ, სახარულევანო". ერთხელ საშინელი უსჯულოების ჩასადენად რომ მიდიოდა, ღვთისმშობლის ხატისკენ მიბრუნდა, რათა წასვლამდე მის წინაშე ელოცა და თავზარი დაეცა - ხატი ადგილზე იძვროდა. ღვთისმშობელი და მის ხელში ყრმა გაცოცხლდნენ: ყრმა ღმერთს ხელებზე, ფეხებსა და ფერდზე ჭრილობები გახსნოდა და სისხლი ნაკადულად ჩამოსდიოდა, ისევე როგორც ჯვარზე ვნებისას. როდესაც კაცმა ყოველივე ეს იხილა, შიშით შეჰღაღადა: "ჰოი, დედოფალო, ვინ ჩაიდინა ეს?" ღვთისმშობელმა უპასუხა: "შენ და სხვა ცოდვილები, ვითარცა იუდეველები, ჯვარს აცვამთ ძეს ჩემსას". "შემიწყალე მე, დედაო მოწყალეო", - აღმოხდა ცოდვილს. ღვთისმშობელმა უპასუხა: "მოწყალე დედას მიწოდებ მე და მწუხარებით კი აღმავსებ". მაშინ უბედურმა უთხრა: "არა, დედოფალო, ნუ გარდაემატება ცოდვა ჩემი გულმოწყალებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოველთა ცოდვილთა. ევედრე ძესა შენსა და მამასა ჩემსა". მაშინ უფროსად კურთხეულმა დედამ შეუნდო ყოველივე ბოროტნი საქმენი მისნი". ხილვა ამგვარად დამთავრდა. ღვთაებრივმა ხმამ ცოდვილს სინანული აღუძრა და მას მოულოდნელი სიხარული მიენიჭა ღვთისმშობლის ხატისგან, რომელმაც იგი დაღუპვისაგან იხსნა.

1838 წელს "მაყვალი შეუწველის" ეკლესიაში ამ ხატისგან სიყრმით ტანჯული ქალი განიკურნა. ხატის დღესასწაული ყოველთა წმიდათა კვირას და ახალი სტილით 22 დეკემბერს აღესრულება. თბილისში "მოულოდნელი სიხარულის" ხატის ერთ-ერთი ასლი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ეკლესიაშია დაბრძანებული.
ბეჭდვა
1კ1