ზარზმის ფერისცვალების ხატი
ზარზმის ფერისცვალების ხატი
ზარზმის სიძველეებიდან, რამაც კი ჩვენამდე მოაღწია, "ფერისცვალების" ხატი უადრესია (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). ასომთავრულ წარწერაში აღნიშნულია ზუსტი თარიღი – "… ქორონიკონი იყო რ~ვ", ე.ი. 886 წელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ეს ხატი წარმოადგენს ფუძემდებლურ, ამოსავალ ძეგლს შუა საუკუნეთა ქართულ ჭედურ ხელოვნებაში სკულპტურული ევოლუციის გასაგებად" (გ. ჩუბინაშვილი).

"ფერისცვალების" ხატი არაერთხელ არის მოხსენიებული ბასილი ზარზმელის თხზულებაში – "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", სადაც VI-VII (ზოგი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა VIII) საუკუნეების ამბებია აღწერილი. ერთგან აქ ნათქვამია, რომ ზარზმის წინამძღვარმა "სრულყო ეკლესიაY და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისაY". სწორედ ეს, ზარზმის ამ ახლად აგებულ ეკლესიაში აღმართული ხატი მოჭედეს მოგვიანებით (886 წელს) – ხის დაფაზე მორგებული (131ხ74 სმ) ვერცხლის ფირფიტები ჭედური გამოსახულებებითა და ერთიანად ოქროდაფერილი. თავდაპირველი ფერწერული ფენიდან არაფერი შემორჩა. თავად მოჭედილობაც ძალზე შელახულია. მხოლოდ მაცხოვრის ცენტრალური ფიგურაა რიგიანად შენახული. ყველა დანარჩენი გამოსახულების ამოცნობა ცალკეული ფრაგმენტებისა და სახელების განმმარტავი ასოების წყალობით გახდა შესაძლებელი: ზედა რეგისტრში, მაცხოვრის აქეთ-იქით, ელია და მოსე წინასწარმეტყველნი, ქვემოთ კი მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე. "ფერისცვალების" დაკანონებული და ფართოდ გავრცელებული სქემაა. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდი XI ს-შია დამატებული. ამავე დროისაა ხატის მოჩარჩოებაც – სახარების სცენებითა და მცენარეული ორნამენტით გაწყობილი არშიები. ერთი ნაწილი (ზედა არშია და მარცხენა არშიის ქვედა მონაკვეთი) ხელოვნების მუზეუმში ინახება, თბილისში. ჩარჩოს ამ დეტალებითურთ არის ასახული ზარზმის "ფერისცვალების" ხატი ფოტოზე ნ. კონდაკოვისა და დ. ბაქრაძის ცნობილ წიგნში (Oпись пaмятникoв дрeвнoсти в нeкoтoрыx xрaмax и мoнaстыряx Грузии), რომელიც 1890 წელსაა გამოცემული. მოჩარჩოების დიდი ნაწილი კი, 7 ფირფიტა, დაცულია პეტერბურგის ერმიტაჟში (გამოქვეყნებულია წიგნში – Синaй. Визaнтия. Русь. 2000). ხატის ამ განახლება-აღდგენის მოთავეც ცნობილია. მოჭედილობის თავდაპირველ წარწერას ქვემოთ მოსდევს ორი სტრიქონი, სადაც მოხსენიებულია ზვიად ერისთავი, რომელიც "ღირს იქმნა შემკობად პატიოსნისა ამის ხატისა". ეს ის ზვიად ერისთავია, რომელიც 1023 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართულ ჯარს სარდლობდა.
წყარო: http://www.zarzma.ge/
ბეჭდვა
1კ1