ივერიის მიწაზე ალბათ არ მოიპოვება კუთხე, სადაც არ მიბრძანებულიყოს ივერიის ხატის ასლი
ივერიის მიწაზე ალბათ არ მოიპოვება კუთხე, სადაც არ მიბრძანებულიყოს ივერიის ხატის ასლი
ათონის მთაზე ქალის სილუეტი შეუნიშნავთ
"ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღმრთისთაგანი, - წერდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი , - ორი ათას წელიწადზე მეტი იქნება, რაც დაიწყო ერთ-მეფობა იმ ქვეყანაში, სადაც ახლა ქართველნი სცხოვრობენ. უწინ იგინი იყვნენ წარმართნი, კერპთ-მსახურნი, მსგავსად გარემოსთ მყოფთა მათთა სახელმწიფოთა. მეოთხე საუკუნეში, ესე იგი ათას ხუთასი წელიწადის წინ, ქართველთა მიიღეს ქრისტე იესოს მართლმადიდებელი სჯული. მას უკან მათ გადაემტერნენ, იწყეს მათი დევნა ყოველთა გარემოს ერთა და მეფეთა, ჯერ კერპთ-მსახურთა და მერე მაჰმადიანთა. ყოველი მხრითგან გლეჯდნენ მას, ვითარცა მგელი ცხვართა. განცვიფრდება კაცის გონება, როდესაც წარმოიდგენს, რამდენი შური, მტრობა და რამდენი განსაცდელი ეწვია ჩვენს ქვეყანასა განგრძნობასა შინა ამოდენთა საუკუნეთასა! უმეტესად განცვიფრდება და იკითხავს თავის გულში კაცი: რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ერი ამდენსა ჭირსა, მაშინ როდესაც გარემოს მისსა დაეცნენ და განქარდნენ უმძლავრესნი მეფობანი და ერნი... რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო, არ განქარდა და ჩვენი ერი იყო ყოველთვის ერთგული საღმთოისა სჯულისა და ღმერთიც იფარავდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა, რომელსა წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა. ეს მცირე, ერთი მუჭა ერი გადარჩა, აღორძინდა, განათლდა, ხოლო ურიცხვნი მათნი მტერნი განქარდნენ". ჭეშმარიტად, რომ არა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება და ჩვენი წინაპრების ერთგულება მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, საქართველო არ იქნებოდა მსოფლიო რუკაზე. დღეს საქართველოში ძნელად თუ ნახავთ კეთილმორწმუნე ქრისტიანულ ოჯახს, სადაც არ ინახავდნენ და ეთაყვანებოდნენ ივერიის ღვთისმშობლის ხატს, ივერიის მიწაზე ალბათ არ მოიპოვება კუთხე, სადაც არ მიბრძანებულიყოს ივერიის ხატის ასლი, ვითარცა ლოცვა-კურთხევა საქართველოსთვის. ყოვლად უბიწო ქალწული მათი ძალით სულიერად აერთიანებს საქართველოს კუთხეებს, მის მკვიდრ მართლმადიდებელთ და თავის დედობრივ საფარველქვეშ შემოკრებს მათ, ვითარცა ქრისტეს ეკლესიის ერთ სამწყსოს.

ღვთის იდუმალი განგებით, საქართველოში შემობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირველი ასლი შეიქმნა სრულიად კავკასიის მფარველი. XIII საუკუნეში კეთილმორწმუნე მეფე თამარმა ხატი მიუძღვნა ოსეთის სოფელ მარიამკაუს ახალმოქცეულ ქრისტიანებს. ხატი სამგზის უვნებად გადარჩა ხანძარში და დროთა განმავლობაში მართლმადიდებელ ოსთა სათაყვანებელ სიწმინდედ იქცა. 1768 წელს რუსეთის დედოფალ ეკატერინე II-ის განკარგულებით, ოსები უცხო მხარეში გადაასახლეს. მათ ხატიც თან წაიღეს. მდინარე თერგის ნაპირას, ქალაქ მოზდოკთან, მოხდა სასწაული: ღამის სათევად დაბანაკებული ხალხის თვალწინ ხატი გაბრწყინდა და იქაურობას ნათელი მოჰფინა. ერთ ოსს ძილში ჰქონდა ხილვა - ღვთისმშობელს სურდა, ხატი აქვე დაეტოვებინათ. მართლაც ასე მოხდა. მეორე დღეს, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ხარები, რომლებსაც უნდა ეტარებინათ წმინდა ხატი, ადგილიდან არ დაიძრნენ. მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა სამლოცველო აუშენა ხატს. 1796-1797 წლებში მის ადგილას აიგო ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე. იქვე მალე დედათა მონასტერი დაარსდა. სავანე გაუქმდა ორიოდე წლის შემდეგ მოზდოკის ეპარქიასთან ერთად. XIX საუკუნის მიწურულს მოზდოკელებმა დიდებული ტაძარი ააშენეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად.

თურმე, კავკასიის ომის დროს, როცა შამილი, თავისი ჯარებით, მოზდოკს მიუახლოვდა, მას ხილვაში გამოეცხადა თეთროსანი ქალი და უბრძანა, ქალაქს არ მიჰკარებოდა.

სასწაულმოქმედი ხატის დიდება მთელ კავკასიაში გავრცელდა. ხალხი ღვთისმშობელს აღთქმას აძლევდა და შორეული ადგილებიდან ფეხით მოდიოდა მასთან. ყოველ წელს ხატი თითო თვით გადაჰქონდათ ვლადიკავკაზში. მორწმუნეთა თხოვნით, იგი კავკასიის სოფლებშიც მოგზაურობდა. მისგან უხვად მოედინებოდა საკვირველებანი და მადლმოსილი კურნებანი. მოზდოკის ივერიის ხატის დღესასწაული აღინიშნება ღვთისმშობლის მიძინებისა და სულთმოფენობის განზოგების დღეს. მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მხურვალე ლოცვას და მის მეოხებას შეუძლია მოუტანოს მშვიდობა კავკასიის ხალხებს.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი დიდხანს მცველად ედგა აფხაზეთს. ივერიის ხატის გამოცხადებამდე აფხაზეთის მადლმოსილმა მიწამ მიიღო და გულში ჩაიკრა უფლის მოციქული, სვიმონ კანანელი და მღვდელმთავარი წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც ბიჭვინთას მიმავალი გამოეთხოვა წუთისოფელს და სამოციქულო ეკლესიას უსახსოვრა ღვთისმოსაობის მაგალითი: მას შემდეგ, რაც ყოველგვარი უბედურება გადაიტანა - სნეულებანი, მწუხარება, დევნა, მტრობა, სიძულვილი, წმინდა იოანე ოქროპირმა წარმოთქვა: "დიდება ღმერთს ყველაფრისთვის". წმინდა იოანე კომანში დაკრძალეს, წმინდა მღვდელმოწამე ვასილისკოს წამების ადგილის მახლობლად, ხოლო მოგვიანებით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ასეთ წმინდა ადგილებს ზემოდან დაჰყურებს ივერიის ანუ ანაკოფიის მთა, რომელსაც ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ აქ, გადმოცემით, გამოცხადდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. აქაურები უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ ამ მთას, რომლის მწვერვალზეც XX საუკუნის დასაწყისში აიგო მცირე სამლოცველო საკვირველმოქმედი ხატის პატივსაცემად.

XX საუკუნის დამდეგს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ივერიის ხატის ასლი მომადლა გურიასაც. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს ჯიხეთის დედათა მონასტრისთვის დააწერინა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი. ეს იყო ჟამი, როდესაც გურიაში ეკლესია-მონასტრებს არბევდნენ, ხატებს ანადგურებდნენ, სამღვდელო პირებს შეურაცხყოფდნენ. ასეთ დროს მიღებული დიდი სიწმინდე სულიერად აღადგენდა ერსა და ბერს და განამხნევებდა უფლისადმი ერთგულებაში. ჯიხეთის ივერიის ხატი შემკულია მამა იონას დაკვეთით შესრულებული წარწერით: "განგებითა ღვთისათა და წამისყოფითა დედისა ღვთისათა, მე, მონა მისი, მღვდელმონაზონმა იონამ, ამჟამად მყოფი ათონის მთაწმინდის ქართველთა წ-ა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წ-ა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღ-თისას ივერიის და შევსწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 3 აგვისტოსა".

სამეგრელოში, თეკლათის მთავარანგელოზთა სავანეში, ალექსი ბერის მოღვაწეობისა და დაკრძალვის ადგილას დაბრძანებულია კიდევ ერთი წმინდა ხატი ივერიისა.

ამ ხატის წინ ხომ არ ავედრებდა მამა ალექსი უფლის დედას უღმერთობის წყვდიადში ჩაძირულ სამშობლოს და სთხოვდა, დაეყენებინა იგი სინანულისა და ჭეშმარიტი რწმენის გზაზე?

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მისი წმინდა ხატის მადლი და ძალა პირველად ივერიის უძველეს კუთხეს აჭარას მოეფინა. აქედან შემობრძანდა საქართველოში უფლის დედის ხელთუქმნელი ხატი. იმდროინდელი აჭარის გულში, სოფელ დიდ-აჭარაში შეჩერდა ქრისტეს მოწაფე და "ადგილსა, რომელსაც დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობელისა, აღმოცენდა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი", - გვაუწყებს მემატიანე. ღვთის შეწევნით, მოციქულმა ყოველივე მოაქცია, განაწესა ღვთისმსახურების რიგიც - "დაადგინა მღუდელნი და დიაკონნი და დაუდვა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა". ამ ადგილას წმინდა ანდრიამ ეკლესია აღაშენა ღვთისმშობლის სახელზე, მერე, მოსახლეობის თხოვნით, ფიცარზე გამოსახა სახე ხატისა და მათთან დატოვა. ზეციური დედოფლის საფარველი პირველი საუკუნიდანვე იცავს აჭარასა და სრულიად საქართველოს. 1911 წელს ათონის მთაზე შექმნილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთი ასლი ამკობს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში კი დაბრძანებულია ივერიის ხატის ახალშექმნილი ასლი წარწერით: "ეს ხატი დაიწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოება "მემორიალის" ქველმოქმედებით 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სულთა საცხოვნებლად. ქ. ბათუმი, 1998წ.". ხატის გვერდით წერია: "ეს ხატი, ივერიის ღვთისმშობლის კარიბჭისა, დაიწერა მომავალი ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისთვის, რომელიც ღვთის ნებით აშენდება აჭარაში". ღმერთმა ინებოს!

ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკვირველმოქმედი ასლი განსაკუთრებული სამკაულია კახეთის მიწაზე, ბოდბის დედათა სავანეში დაკრძალული ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საფლავისა. ის ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. გასაბჭოების შემდეგ გაუქმებულ სავანეში საავადმყოფო გაიხსნა. ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმინდა ნინოს საფლავს.

მონასტრის მახლობლად ცხოვრობდა კეთილმორწმუნე ქალი რაისა, დედამისი რენტგენის კაბინეტში სანიტრად მუშაობდა. ერთ-ერთ მონაზონს, რუსეთიდან ჩამოსულ დედა მაგდალინას გაგონილი ჰქონდა, წმინდა ნინო ფეხით ჩავიდა საქართველოშიო და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ხატმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორმე გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე ასეთი რამ მომხდარა: რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი შინ წაუღია და მაგიდად იყენებდა. მალე შვილი მძიმე ავად გახდომია. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოსცხადებია - სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ვერ გაუმხელია. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, - ჩამოვწეროთ, როგორც უვარგისი ინვენტარი და აქაურობას მოვაშოროთო. ასეც მოქცეულან. დედა მაგდალინამ რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.

ზუსტად იმ წელიწადს, როდესაც კეთილმორწმუნე ადამიანებმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის აღდგენა დაიწყეს, ზეციურმა დედოფალმა ივერიის ხატის ასლის მოსვლით აკურთხა საქართველოს დედაქალაქი. ჩვენთან სტუმრად მყოფ ათონელ ბერებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სთხოვა, ჩვენი ქვეყნისთვის გადაეღოთ კარიბჭის ხატის ასლი. ორ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. შემდეგ ხატი ორმოცი დღე მიდებული ჰქონდათ დედა ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატი აკურთხეს ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხებდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის. ივერიის ხატი თბილისში 1989 წლის 9 ოქტომბერს ჩამობრძანდა.

KARIBCHEგვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე.

- საეკლესიო გადმოცემით, დედამიწაზე არსებობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილები. ქრისტეს მოწაფეებმა განიზრახეს, წილი ეყარათ, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. ქალწულმა მარიამმა უთხრა მოციქულთ: - მეც მნებავს, თქვენთან ერთად ვიყარო წილიო. ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია, მაგრამ უფლის ანგელოზმა მას აუწყა: "აწ ნუ განეშორები იერუსალიმს, წილხვდომილი შენი ქვეყანა განათლდების მომავალში, შენი მეუფება განემტკიცების იქ. მცირე ხნის შემდეგ შენ ღვთის სიტყვა უნდა ახარო იმ მიწას, სადაც მიგიყვანს უფალი". ქალწულმა მარიამმა ანდრია მოციქულს გადასცა თავისი ხელთუქმნელი ხატი ივერიის საკურთხებლად.

საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას უწოდებდა ბოლო ჟამის უდიდესი წმინდანი სერაფიმე საროველიც, რომელსაც სიცოცხლეში არაერთხელ გამოეცხადა ზეციური დედოფალი.

ღვთისმშობლის წილხვედრილობა ნებისმიერი ერისთვის უდიდესი მადლია. ჩვენ ვიცით ასეთი ადგილები - საქართველო და ათონის მთა. იმასაც ამბობენ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია კიევ-პეჩორის ლავრაც.

ღვთისმშობელი მართლაც განსაკუთრებულ მეოხებას გვიწევს.

ანდრია სალოსის სულს მეგზურობას სამოთხეში ანგელოზები უწევდნენ. ყველა რომ მოიარა, გაკვირვებულმა ანდრიამ იკითხა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სად არის, ნუთუ ვერ ცხონდაო. მეგზურმა ანგელოზმა უპასუხა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ახლა დედამიწაზე იმყოფება და ვინც მას ლოცვებში მოუწოდებს, მათ განსაკუთრებულ მეოხებას და წყალობას მიანიჭებს.

ეს იმის მაუწყებელია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ნებისმიერი ადამიანის მფარველია. დღეს მართლაც განსაკუთრებულად გვჭირდება მისი მეოხება, რადგან, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყველაზე მეტად ღვთისმშობლის ლოცვას ისმენს იესო ქრისტე. ძველ რომში, როცა ერთ-ერთი მხედართმთავარი სენატმა და რომაელებმა, კეთილი საქმეების მიუხედავად, მოიძულეს და ქვეყნიდან გააგდეს, მან შემოიკრიბა უამრავი წარმართი ჯარისკაცი და რომს გადაწვით დაემუქრა. რომაელები შეძრწუნდნენ და პატიება სთხოვეს. სარდალმა არ დაინდო რომაელები. სენატმა კი გადაწყვიტა, ყველას მის წინაშე მუხლი მოეყარათ და პატიება ეთხოვათ. მავედრებელთა შორის სარდალმა საკუთარი დედა შენიშნა. თვალცრემლიანი შესცქეროდა შვილს. ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ მაშინვე მოულბა გული და რომაელებს აპატია.

წარმართი ასე იქცევა თავისი დედის დანახვისას და რას გააკეთებს უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე? სოლომონ მეფე "ქებათა ქებაში" ამბობს: "მე შენმა მზერამ დამატყვევა". უფალი ამ ლოცვით პირდაპირ მიმართავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ღვთისმშობლის ლოცვით და შეხედვით უფალი დატყვევებულია, რამეთუ ღვთისმშობელში ჩაისახა იესო ქრისტე. მის მიერვე მოევლინა წუთისოფელს. დავით მეფსალმუნე ამბობს: "დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა შემოსილი ოქროქსოვილითა": წმინდა მამების განმარტებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარჯვენით დგას ყოვლადწმინდა სამებისა და განსაკუთრებით ავედრებს ნებისმიერ ადამიანს ყოვლადწმინდა სამებას და თავის ძეს - იესო ქრისტეს.

ძველი აღთქმა, წმინდა მამების თქმით, ანარეკლი იყო ახალი აღთქმისა. როცა სოლომონ მეფეს დედამისი, ბერსაბე სთხოვს იუდეველების წყალობას, წამოდგება და თავის მარჯვნივ დაუდგამს ტახტს მშობელს. ამდენად, ბერსაბე წინასახე იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. დედა ღვთისას მეოხება რომ არ ჰქონდეს ადამიანებს, ალბათ ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება.

მფარველი წმინდანები განსაკუთრებით ლოცულობენ ადამიანისთვის, მაგრამ თუ კაცი უკეთურ ცხოვრებას თავს არ ანებებს, შორდებიან მას და გვერდზე გადგებიან. ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არასოდეს განდგება ადამიანისგან, მუდამ მზადაა წყალობისთვის. ამიტომაც ჰქვია ყოველთა დედა. შეუძლებელია, შვილმა დედას მიმართოს და დედამ არ შეისმინოს მისი ვედრება. ჩვენც არ უნდა დავცხრეთ ზეციური დედოფლის წინაშე, ვევედროთ და ისიც დიდ მეოხებას გაგვიწევს ღვთის წინაშე.

ერთ-ერთი მონაზონი განსაკუთრებით სასოებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ყოველდღე 150-ჯერ ამბობდა ღვთისმშობლის ლოცვას. გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე ამოვიდა ოქროსფოთლებიანი ხე, ზედ კი ღვთისმშობელი ქალწულის ლოცვა ეწერა. გათხარეს მონაზვნის საფლავი - ხეს ფესვები მის გულში გაედგა, თვითონ კი ბაგიდან ამოსულიყო.

დღესაც მრავალი მაგალითია ღვთისმშობლის მეოხებისა. შარშან საოცარი ამბავი მოხდა ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში. მონასტერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "პანტანასას" ხატია დაბრძანებული. ერთხანს მონასტერს გაუჭირდა მომლოცველების მიღება-გასტუმრება. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, შეეზღუდათ მათი მიღება. ერთ-ერთ მომლოცველს, რომელიც ამ დროს ვათოპედის მონასტერში იყო, უთქვამს: მთელი ღამე თეთრად გავათენე. აივანზე გავედი. ანაზდად ქალის სილუეტმა ჩამიარა თვალწინ და ტაძართან გაიარა. ათონის მთაზე ქალის გამოჩენით შეწუხებული ჩუმად უკან დავედევნეო. ამ ადამიანის თქმით, ქალი დაკეტილი სატრაპეზოსკენ წასულა, ყველა მაგიდისთვის ჯვარი გადაუსახავს. ზეთის საცავშიც შესულა და იქაც ჯვარი გამოუსახავს. ყველა ადგილებში ჯვარს სახავდა თურმე. ჩვენების შემდეგ გუშაგი ბერის გასაღვიძებლად გაიქცა. ეს სასწაული იღუმენის ყურამდეც მივიდა. როცა გაჰყვნენ ამ ქალს ნაკვალევს, სასწაული იხილეს. ზეთიც გამრავლებული იყო, მარილიც, ფქვილიც... ყოველგვარი საკვები, რაც კი გათავების პირას იყო მისული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით გამრავლდა. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, ათონის მთაზე არ უნდა შეზღუდულიყო ადამიანების მისვლა, რათა მათ იქ მიეღოთ წყალობა, რომელსაც ღვთისმშობელი განსაკუთრებით უვლენს მონასტერში მყოფ ადამიანებს.

უფალი და ყოვლადწმინდა დედა ადამიანს ცხონების გზაზე დააყენებს და მარადიულ სიხარულს მიანიჭებს. ქართველი ერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განსაკუთრებით უნდა ვსასოებდეთ. მუდამ უნდა ვფიქრობდეთ მარადიულ ცხოვრებაზე, გარდაცვალებაზე. თუ ვართ ჭეშმარიტი ქრისტიანები და ამ ყველაფრისა გვჯერა, უნდა ვევედროთ ღვთისმშობელს შემწეობას.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერშია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი - საქართველოში. ეს საოცარი სიწმინდეები ათონელ ბერებს და ქართველ ერს განსაკუთრებულ მფარველობას ანიჭებს. ყოველივე კი საწინდარი უნდა იყოს, რომ ჩვენმა ერმა სწორი მართლმადიდებლური ცხოვრებით იცხოვროს, თანაც გულისყურით სასოებდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.
ბეჭდვა
1კ1