ანჩისხატო, დაიცევ და დაიფარე საქართველო!
ანჩისხატო, დაიცევ და დაიფარე საქართველო!
სალიტანიო ანჩისხატი საქადაგო მოწოდებით "სიწმიდეები გვიხმობენ" სასულიერო პირთა კურთხევითა და უშუალო მონაწილეობით 2004 წლიდან დაბრძანდება სრულიად საქართველოს დასალოცად.

მარიამობას სალიტანიო ანჩისხატი ტაო-კლარჯეთიდან - სოფელ ანჩიდან (გონიოს, ბათუმის, ბორჯომის, ქვემო ჭალის, აღაიანის, მუხრანისა და მცხეთის ტაძრების მოლოცვის შემდეგ) შემოაბრძანეს ისტორიული გზით ჩვენს დედაქალაქში და დააბრძანეს დღევანდელი სახელმწიფო მუზეუმის წინ - სიწმინდეებთან, სადაც ყოველ საღამოს, 7 სთ-ზე, სასულიერო პირები და მრევლი აღავლენენ სავედრებელ ლოცვებს განსაცდელში მყოფი ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის. მუზეუმთან სალიტანიო ანჩისხატი მოილოცა და გზის მონაწილენი დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

მორწმუნეებს სურთ, სადღეღამისო ლოცვა ხატის ანჩისხატის ტაძარში დაბრუნების შემთხვევაშიც გაგრძელდეს, რათა აღესრულოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხეული სიტყვები: "ანჩისხატის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა", რაც მრავალ სიკეთესთან ერთად ხატის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. ერისა და ბერის ძალისხმევით, ყველანაირი დაცვის პირობების გათვალისწინებით, შექმნილია ხატის ჩასაბრძანებელი სახატის - კიოტის პროექტი ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძრისთვის.

მრავალი წელია, ანჩისხატის თავის ტაძარში დაბრუნებას ევედრება ერი და ბერი ერთობის ლოცვებით და ლიტანიობით უფალს, რომ ეს წმინდა საქმე ისტორიის დაუმახინჯებლად აღსრულდეს.

27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ანჩისხატი ჩაბრძანდა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, და რადგანაც ეს დღე სოხუმის დაცემის დღეცაა, მრევლმა წირვის შემდეგ ხატი ლოცვითი სვლით მიაბრძანა ენგურის ხიდთან, სასულიერო პირებმა აღავლინეს ანჩისხატის სავედრებელი პარაკლისი საქართველოს გამთლიანებისთვის. დაჭრილი კუთხეები თითოეული ჩვენგანის ტკივილია.

ერთობით ვილოცოთ ერთიანი საქართველოს გადარჩენისთვის.

ტაო-კლარჯეთში განცდილი ტკივილი
დაჭრილ კუთხეთა შვილების,
ტაოვ, დედა ხარ მარჩენი,
აკვანი სარწმუნოების,
წმიდა მამათა ნაშენი.
ეტყობა ვერა ფიქრობდი,
ბოროტო, როცა გვართმევდი,
რომ რისხვას ვერ გადურჩები
დიდი ხანძთის და შატბერდის, -
ღვთის დედის წილს ეხებოდი,
როს უღმრთოდ გვსჯიდი, დაგვდევდი...
სხვა წმიდა მიწებს გადასწვდი,
ბოლო ჟამს მთლად გათავხედდი!
ჩვენი ცოდვების მორევში
მრავალი წელი გვათრევდი,
როცა გეგონა, დავეცით,
მით გაგაოცეთ აღფრენით...
ხახულში მოლა გაჰკივის,
ჩუმად ჩაიწვა სანთელი,
დაგვიდგა ჟამი განკითხვის,
სად ბნელია, სად - ნათელი.
გოგი-მაგოგის სამხელი
ქართველთ ბევრი გვაქვს სათქმელი,
მართლისა ლოცვა ვისია,
დროზე გაარჩევს გამჩენი.

ზაზა ნანობაშვილი
დოლისყანა
20.08.08
ბეჭდვა
1კ1