ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
შვიდისრიანი ღვთისმშობელი
ეს ხატი დაბრძანებულია ვოლოგდასთან მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. იგი ერთგვარად ასახავს იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც ჩვილი იესოს მირქმის დროს მართალმა სვიმეონმა ყოვლადწმინდა დედას აუწყა: "თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი". წმინდა წერილში რიცხვი 7 აღნიშნავს რაიმეს სისრულეს. ამ შემთხვევაში კი სისრულეს იმ მწუხარებისა, "სევდისა და გულისტკივილისა", რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ამქვეყნიური ცხოვრების დროს გადაიტანა.

ხატზე გამოსახულია შვიდი ისრით განგმირული ღვთისმშობელი. ამ ხატის პირველ სასწაულზე შემდეგი თქმულებაა შემორჩენილი: ერთ ხეიბარ გლეხს, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ტანჯავდა სისუსტე და მტკივანი ფეხი, ესიზმრა, რომ თუკი იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინაშე ილოცებდა, განიკურნებდა. გლეხი ორჯერ მივიდა ტაძარში, სიზმარს მოჰყვა და ითხოვა, სამრეკლოზე აეშვათ. არ დაუჯერეს და თხოვნაზე უარი უთხრეს. მესამედ, როგორც იქნა, შეიბრალეს და სამრეკლოზე აუშვეს. მან მაშინვე მიაგნო სიზმრად ნანახ წმინდა ხატს. იგი კიბეზე ფიცრის ნაცვლად ჩაესვათ და ჭუჭყითა და ჩიტების ნაფიფქით იყო დაფარული. ხატი გაასუფთავეს. გლეხმა ხატთან პარაკლისის გადახდა ითხოვა და მიიღო კიდეც კურნება.

1830 წელს, როცა ვოლოგდაში ქოლერა გამოჩნდა, შეშინებულმა მოსახლეობამ შველა ისევ ხატს სთხოვა. დედა ღვთისას სახე დიდი პატივით ქალაქის გარშემო შემოატარეს. მალე ქოლერა გაქრა. მას შემდეგ ხატმა სახელი გაითქვა, როგორც "სნეულთა სასწაულებრივმა მკურნალმა". მას "ბოროტ გულთა მომალბობელსაც" უწოდებენ და მოდავეთა შერიგებასაც ევედრებიან.

2002 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ოჯახში დაბრძანებული ამ ხატის ასლს მირონი სდიოდა, რომლის წყალობითაც მრავალი გამოჯანმრთელდა. იმავე წელს ხატი საქართველოშიც ჩამოასვენეს და სხვადასხვა მონასტერშიც იყო დაბრძანებული.
ბეჭდვა
1კ1