ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
იერუსალიმის ღვთისმშობელი
გადმოცემის მიხედვით, იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი მაცხოვრის ამაღლების მე-15 წელს ლუკა მახარებელმა დაწერა. 453 წელს ხატი იერუსალიმიდან საბერძნეთში გადაიტანა ლეონ დიდმა და ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა. როცა ღვთისმშობლის შეწევნით სკვითები დამარცხდნენ, ის კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძარში გადაასვენეს. 988 წელს ხერსონესში რუსთა შემოსვლისას ლეონ VI ფილოსოფოსმა ხატი წმინდა მთავარ ვლადიმირს გადასცა, როცა მან კორსუნი დაიპყრო და იქვე მოინათლა. წმინდა ვლადიმირმა ეს სიწმინდე ახალმოქცეულ ნოვგოროდელთ აჩუქა. ის სოფიის ტაძარში იმყოფებოდა, სანამ ქალაქს მეფე იოანე IV დაიპყრობდა. მან ხატი მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაიტანა. 1812 წელს, ნაპოლეონის შემოსევის დროს, ხატი დაიკარგა და მის ადგილას დააბრძანეს მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესიიდან გადმოტანილი ძველი ზუსტი ასლი. ხატის კიდეებზე გამოსახული არიან მოციქულები: პეტრე და პავლე, იოანე, სვიმონი, ფილიპე, მაკარი, იაკობი, თომა, ბართლომე, ასევე წმინდა მოწამეები: პროკოფი, გიორგი და მერკური.

სოფელ ონიშკოვეცის ეკლესიაში დაცულია ხატი იერუსალიმის ღვთისმშობლისა, რომელსაც ყრმა მარცხენა ხელში უპყრია. გადმოცემით, თათარ-თურქებმა გაანადგურეს პოჩაევოს სავანე და მისი შემოგარენი, მათ შორის მონასტრიდან მოშორებული სოფელი ონიშკოვეცი, გადაწვეს ეკლესია, სახლები. მტრის წასვლის შემდეგ სოფელში დაბრუნებულებმა ფერფლისა და ნახშირის გარდა ვეღარაფერი ნახეს. დაიწყეს იმ ადგილის გათხრა, სადაც ადრე ეკლესია იდგა და იპოვეს პირქვე მდებარე ღვთისმშობლის ხატი. იატაკი დანახშირებული იყო. ცაცხვის დაფაზე დაწერილი ხატის ზურგიც ცეცხლს შეერუჯა, მაგრამ ღვთისმშობლის გამოსახულება უვნებლად დარჩენილიყო. ხატი 1670 წელს ახალაგებულ ეკლესიაში დააბრძანეს. 1868 წელს კი მისთვის კიოტი და ვერცხლის პერანგი გაკეთდა.

ონიშკოვეცის მრევლი განსაკუთრებულ სიწმინდედ მიიჩნევს ღვთისმშობლის კიდევ ერთ ხატს, რომელიც ადგილობრივ სასაფლაოზე, სამლოცველოშია მოთავსებული. ეს სამლოცველო წყაროსთან დგას. ხატზე გამოსახულია მლოცველი ყმაწვილი ღვთისმშობელი. გულმკერდზე ხელებდაკრეფილი მაცდური გველის თავს თრგუნავს.

"ღვთისმოყვარე"
ღვთისმშობლის ამ ხატს ევედრებიან ჭირის, ქოლერის და ეპიდემიის დროს. 1157 წელს დიდი მთავარი ანდრია ბოგოლუბსკი სუზდალისკენ გაემართა. მას ვლადიმირის ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ხატი ვლადიმირში დაებრძანებინა, ხოლო გამოცხადების ადგილას მისი შობის სახელზე ტაძარი აეგო. მთავარი ასეც მოიქცა. შემდეგ ხატმწერს დააწერინა ახალი ხატი, რომელზეც ღვთისმშობლის ეს გამოცხადება აისახა. ამ ხატს ბოგოლუბოვის ანუ ღვთისმოყვარე უწოდეს.
ბეჭდვა
1კ1