ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
აწყურის ღვთისმშობელი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება დღეს საქართველოში, მრავალი სასწაულმოქმედი ხატის ასლიც ჩამობრძანდა, მაგრამ რატომღაც მივივიწყეთ ჩვენი წინაპრებისგან განდიდებული ხატები. ასეთია აწყურის ღვთისმშობლის ხატიც - ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულება, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში.

გადმოცემით, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად საქართველო ხვდა. რადგან მოახლოებული იყო მისი მიძინება, ღვთისმშობელს მაცხოვარი გამოეცხადა და აუწყა, საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოეგზავნა. მაშინ ღვთისმშობელმა ფიცარი მიიდო სახეზე, რომელზეც მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. მისცა ანდრია მოციქულს და დალოცა: "სადაც არ უნდა წახვიდე, მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თან გდევდეს. მეც შეგეწევიო ქადაგებაში".

წმინდა ანდრია პირველად ტრაპიზონში შემოსულა, შემდეგ გადასულა "ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდება". ღვთისა და წმინდა ხატის შეწევნით მრავალი მოაქცია სარწმუნოებაზე. იქ, სადაც ხატი დაბრძანა, მაკურნებელი წყარო აღმოცენდა. შემდეგ იქ, წმინდა ანდრიას კურთხევით, ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია ააშენეს. დიდი თხოვნის შემდეგ მოციქულმა იქაურებს ღვთისმშობლის ხატის ასლი დაუტოვა. იმავე ზომის ფიცარი დააფარა წმინდა ხატს და დედა ღვთისას სახე გამოისახა მასზე.

წმინდა ანდრიამ გადმოვლო მთა, იქ ჯვარი აღმართა. ოძრახეს და სამცხის საზღვართან, ერთ სოფელში გაჩერდა, რომელსაც ზადენ-გორა ერქვა. აქ წარმართული კერპები ყოფილა აღმართული. ულოცია წმინდანს ღვთისმშობლის ხატთან და ყველა კერპი დამხობილა. შემდეგ კი მიადგა სოსანგეთს (ახლანდელი აწყური). იმ მხარეს ერთი ქვრივი, სახელად სამძივარი, განაგებდა. ქვრივს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და ისიც წმინდა ანდრიას მისვლისას მოკვდენია. სოსანგეთელებმა საღამო ხანს ციხიდან გამოსული დიდი ნათელი იხილეს და სამძივარს აუწყეს, ციხეში უცხოტომელები გაჩერებულან და უცხო ღმერთს ქადაგებენ, შემოქმედსა და დამბადებელს, კაცთა სიცოცხლის მიმნიჭებელს და მკვდართა აღმადგინებელს. აქვთ მშვენიერი ხატი, რომელსაც ეთაყვანებიანო. ამის გაგონებაზე სამძივარმა მონებს წმინდა ანდრია მოაყვანინა. როცა გაიგეს ჭეშმარიტების შესახებ, ერთხმად დაიწყეს ღვთის დიდება.

წმინდა ანდრიამ მოციქულებრივი სვლა განაგრძო, ხოლო წმინდა ხატი ივერიაში დაემკვიდრა. მესხებს ის მცირე ეკვდერში დაუბრძანებიათ...

სპარსელებმა დაარბიეს სამცხე და აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანეს. შეიქმნა დიდი გლოვა და მწუხარება. მესხები ქართლში გადასახლდნენ. სპარსეთს კი ღვთის რისხვა დაატყდა თავს. გამოიძიეს მიზეზი და - ის ხატი აღმოჩნდა. ზოგმა ისიც თქვა, მგზავრობის დროს ვნახეთ სასწაული - საღამოს ბარგის სიღრმეში რომ ჩავდებდით, დილით მაღლა გვხვდებოდა და მზესავით ბრწყინავდაო. გადაწყვიტეს ხატის დაბრუნება - გაუხედნავ რაშზე დააბრძანეს და სამცხისკენ გამოუშვეს. ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს...

აწყურის ღვთისმშობლის ხატის წარწერა გვაუწყებს: "ჩვენ, მეფეთ-მეფემან, პატრონმან გიორგი და თანამეცხედრემან ჩვენმან დედუფალთ-დედუფალმან თამარ და ძეთა ჩვენთა პირმშოთა ალექსანდრე და მამია მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლადწმიდისა წარსამართებლად მეფობისა ჩვენისათვის და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად. ამინ". წმინდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის ვერცხლის კუბოში, რომელიც შესრულებულია, როგორც წარწერიდან ჩანს, იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით.

ჟამთა სვლამ ჩვენი სიწმინდეები მიმოფანტა. აწყურის ღვთისმშობელი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაბრძანებული.
ბეჭდვა
1კ1