პორტაიტისა
პორტაიტისა
საბერძნეთში, ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე მდებარე ქართული სულიერების სავანე ივერონი - ათონის ივერთა მონასტერი გამორჩეულად მადლიანი და მოსაფერებელია მართლმადიდებელ ქართველთათვის და არა მარტო ჩვენთვის.

IX საუკუნეში მწვალებელთაგან დასაცავად ზღვაში ჩაშვებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი XI საუკუნეში ათონის მთას მიადგა. მისი ზღვიდან ამობრძანება ღვთისმშობელს ტომით ქართველი გაბრიელისთვის მიუნდია. იმ ადგილას კი, სადაც წმინდა გაბრიელმა ხატი დააასვენა, მაკურნებელი წყარო აღმოცენებულა. ხატი, თავისივე სურვილისამებრ, მონასტრის კარიბჭესთან დააბრძანეს, ამის გამო მას კარიბჭის მცველი - "პორტაიტისა" ეწოდება. დღესდღეობით სიწმინდე საგანგებოდ მისთვის აგებულ ტაძარშია დასვენებული.

იოანე მთაწმინდელისა და თორნიკე ერისთავის თაოსნობით X საუკუნეში დაარსებული მონასტერი სულიერების მძლავრ კერად იქცა. მაგრამ, სამწუხაროდ, XIV საუკუნიდან ქართველები თანდათანობით ვკარგავთ სამონასტრო კომპლექსის ფლობის უფლებას და XIX საუკუნისთვის მას მთლიანად ბერძნები განაგებენ. თუმცა ქართველი ბერები იქ მაინც რჩებიან (უკანასკნელი 1956 წელს გარდაიცვალა).

მეორე ათასწლეულის მიწურულს, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისა და საქართველოს მღვდელმთავრების ძალისხმევით, კვლავ ბრუნდებიან ქართველები ათონზე.

გვესაუბრება ატენის დედათა მონასტრის მოძღვარი მამა დავითი (კუჭავა):

- ქართული სიწმინდეების მოსალოცად მრევლთან ერთად ავტობუსით გავემგზავრე. შემდეგ კი ათონამდე ბორნით მივედით.

პატარა ეკლესია, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, დაკეტილი დაგვხვდა. ამ ტაძარში, ტიპიკონის მიხედვით, ყოველ საღამოს პარაკლისს იხდიან და სანამ მსახურების დრო არ მოვიდა, შესვლა ვერ მოვახერხეთ. ამის შემდეგ მოგვეცა საშუალება, ღვთისმშობლის ხატი მოგველოცა. საოცარი, ამაღლებული გრძნობაა!

ჩავედით ივერიის ღვთისმშობლის წყაროსთან. ჩავატარეთ პარაკლისი და წმინდა წყაროში განვიბანეთ.

ეს ჩემი მეორე, ასე ვთქვათ, არაოფიციალური მოგზაურობა იყო ათონზე. პირველად 2004 წელს მამა საბას (კუჭავა, თბილისის მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის წინამძღვარი) ბერებთან ერთად ვესტუმრე წმინდა მთას. მაშინ ივერონს სხვა წინამძღვარი ჰყავდა. დიდი მოწიწებით გვეპყრობოდნენ. უფლებაც კი მოგვცეს, ღამისთევით ქართულად აღგვევლინა წირვა-ლოცვა და დაუჯდომელიც წაგვეკითხა.

- ქართველ ბერებს თუ აქვთ უფლება, ქართულად ილოცონ?

- თუ პატივსაცემი პიროვნება ეწვევათ, პატივისცემის ნიშნად, წირვისას შეიძლება "მამაო ჩვენო", ასამაღლებელი ან სხვა ლოცვა ათქმევინონ ქართულად. ჩვენი იქ ყოფნისას მართლაც დიდი პატივი იყო, წირვა ჩვენ თვითონ რომ ჩავატარეთ.

- მამაო, ქართველ ბერებს თუ შეხვდით? როგორ ეგებებიან თანამემამულეებს?

- ამბობენ, 15 ქართველი ბერი მაინც არის მონასტრებში გაფანტულიო. გავიცანი წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მოღვაწე ზუგდიდელი ქართველი ბერი, მამა ერმოლაოსი, რომელმაც უდიდესი სიწმინდეები მოგვალოცინა.

უნდა ითქვას, რომ ათონზე იქ მცხოვრები ქართველი მამების მიმართ სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა. ეს ჩვენი უწმინდესისა და მღვდელმთავრების დამსახურებაცაა.

KARIBCHEერთ საინტერესო შემთხვევას გავიხსენებ. ივერთა მონასტრის მაღაზიაში ივერიის ღვთისმშობლის სურნელოვანი საკმეველი ვიყიდეთ. საღამოს მოსასვენებლად ოთახი გამოგვიყვეს. იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. უკვე გვიანი იყო, ყველას ჩაეძინა. გადავწყვიტე, ხატის წინ მეკმია. თურმე ხანძრის საწინააღმდეგო მოწყობილობა ყოფილა დამონტაჟებული. ისეთი ხმაური ატყდა, მთელმა ათონმა გაიგო, ყველა ჩვენკენ გამორბოდა. ხანძრის ძალიან ეშინიათ, რადგან ხილანდარის მონასტრის მთელი საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა.

ერთი სიტყვით, ქართველებმა ეს წყნარი მონასტერი ავახმაურეთ...

- ხატის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, ბევრ საინტერესო ფაქტსა და სასწაულს აღმოვაჩენთ. ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება ერთ-ერთი პირველი სასწაულის გახსენება, რომელიც ივერიის ღვთისმშობელს უკავშირდება...

- წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით ჭრილობა მიაყენა ივერიის ღვთისმშობლის ხატს, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანა დანაშაული ღვთისმშობლის წინაშე, იწამა მისი ძე და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. მთელი სიცოცხლე ტირილით ევედრებოდა მამებს, მისთვის ბერობის სახელად დამასკინოსი კი არა, "ბარბაროსი" ეწოდებინათ. დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია და ახლა წმინდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული - შავი, როგორც მოსე ეთიოპიელი. ხელთ მახვილი, ისარი და მშვილდი უპყრია.

- მამაო, რომელიმე ახალმომხდარი სასწაულის შესახებ ხომ არ გსმენიათ?

- თუ უხერხული არ იქნება, საკუთარი ცხოვრებიდან მოგითხრობთ...

მართალია, სამი შვილი უკვე გვყავდა, მაგრამ მეოთხესაც ვნატრობდით. დიდხანს ველოდით, მაგრამ არ გვეძლეოდა. ივერონში ჩასულმა მონასტერს მცირედი შესაწირი შევწირე, ვილოცე და გულით ვთხოვდი ღმერთს კიდევ ერთ შვილს. რომ ჩამოვედი, მეუღლე ორსულად დამხვდა... ეს ჩემთვის სასწაული იყო - ვფიქრობ, ეს სწორედ ივერიის ღვთისმშობლის მადლით მოხდა...

დიახ, ეს ღვთისმშობლის მადლია, მისი სიყვარულია, არა მხოლოდ ერთ ოჯახს, მთელ საქართველოს რომ გვდევს თან, გვმფარველობს, გვაძლიერებს და გვაიმედებს საუკუნეთა განმავლობაში. რა გასაკვირია, დედა ღვთისას მიერ თავისი ნების აღმსრულებლად ამორჩეულ ერს განსაკუთრებულად იზიდავდეს ღვთისმშობლის ხატის სასწაულებრივი ძალა და ტკივილამდე განაცდევინებდეს მის სიყვარულს.

ესაუბრა
დემეტრე ტლაშაძე
ბეჭდვა
1კ1