კურთხევისას ხატზე სულიწმინდის მადლი გადმოედინება და ის ღვთიური მადლის მატარებელი ხდება
კურთხევისას ხატზე სულიწმინდის მადლი გადმოედინება და ის ღვთიური მადლის მატარებელი ხდება
ხატი უფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ანგელოზების, წმინდანების ან წმინდა მოვლენების ფერწერული ან რელიეფური გამოსახულებაა. ხატთა თაყვანისცემა უფლის მიერ არის დადგენილი. ამაზე ცხადად მიანიშნებს ძველი აღთქმა, სადაც ღმერთი ავალებს მოსე წინასწარმეტყველს, გამოაქანდაკოს ორი ოქროს ქერუბიმი და მის მიერვე აგებულ მოძრავ ტაძარში სანაწილის მფარველად დადგას. უფლის მინიშნებით, ქერუბიმთა ხატები კარვის კრეტსაბმელზეც ამოქარგეს და ტაძრის ირგვლივაც გამოსახეს. ანგელოზთა გამოსახულებები იერუსალიმის ტაძარსაც ამშვენებდა - სოლომონმა საკურთხეველი კვიპაროსის ხეზე ამოქანდაკებული ორი ოქროს ქერუბიმით შეამკო და ტაძრის კედლებიც ქერუბიმთა გამოსახულებებით დაამშვენა. როდესაც იერუსალიმის ტაძარი დაინგრა და ბაბილონის ტყვეობიდან თავდახსნილმა ებრაელებმა კვლავ ააგეს ტაძარი, ისიც ანგელოზთა გამოსახულებებით გაამშვენეს.

რატომ იქმნებოდა ძველი აღთქმის ეპოქაში მხოლოდ ანგელოზთა გამოსახულებები? როდის შეიქმნა პირველი ქრისტიანული ხატი? რა მნიშვნელობა აქვს ხატთაყვანისცემას? აუცილებელია თუ არა ხატების კურთხევა? რომელი ხატები უნდა ვიქონიოთ შინ აუცილებლად? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ღვთისმსახურს, მამა დავით აბულაძეს ვთხოვეთ.

- რატომ არ იყო მიღებული ძველი აღთქმის ეპოქაში ღმერთისა და ღვთის წინაშე მართალი და წმინდა ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანთა, ანუ წმინდანთა გამოსახულებების შექმნა?

- როგორც ვიცით, ძველი აღთქმის ეპოქაში ღვთის წინაშე მართალი და წმინდა ცხოვრებით მცხოვრები ადამიანებიც - წინასწარმეტყველნი და მართალნიც - გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ და მათთვის განკუთვნილ აბრაამის წიაღში იმყოფებოდნენ, ვიდრე არ მოხდა უფლის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდა მაცხოვარი ჯოჯოხეთში, ამოიყვანა იქიდან მართალთა სულები და სასუფეველში დაამკვიდრა, მანამდე კი დახშული იყო სასუფევლის კარი და არც ღვთივსათნო ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანებს ეძლეოდათ საშუალება, დაევანათ სამოთხეში, ყოფილიყვნენ ღმერთთან ახლოს. ამიტომაც არ იყო მიღებული მათი გამოსახულებების შექმნა. რაც შეეხება უფლის ხატს, ვინაიდან ძველი აღთქმის ეპოქაში ღმერთი არავის უხილავს, არც მისი გამოსახულება იქმნებოდა. მამა ღმერთი არც ახალი აღთქმის ეპოქაში უხილავს ვინმეს, ამიტომ მისი გამოსახვა არც ამჟამად გახლავთ მიღებული, მაგრამ გვაქვს ძე ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს გამოსახულებები, რადგან იგი ხორციელად მოვიდა დედამიწაზე და ხალხს საშუალება მიეცა, ეხილა უფლის ხატება, მისი შობა, მირქმა, ნათლისღება თუ მაცხოვრის მიწიერი ყოფის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. შეიქმნა კიდეც ამ მოვლენათა ამსახველი ხატები. ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, სულიწმინდა კი ხატებზე მტრედის ან ცეცხლის ენებად გამოისახება, რადგან სწორედ ამ სახით მოხდა მისი გამოცხადება.

KARIBCHE- როდის შეიქმნა პირველი ქრისტიანული ხატი?

- პირველი ქრისტიანული ხატი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს შეიქმნა. ეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გახლდათ. მძიმედ დასნეულებულმა ავგაროზ მეფემ მხატვარი ანანია იერუსალიმში მყოფ მაცხოვართან მიავლინა, თან მისწერა, რომ იცოდა მის სასწაულებრივ კურნებათა შესახებ, ღმერთად აღიარებდა და სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და სნეულებისგან დაეხსნა. ავგაროზმა ანანიას ისიც დააბარა, თუკი ქრისტე თავად არ ინებებს წამოსვლას, მისი ღვთაებრივი სახე დახატე, რათა სურათი მაინც მქონდესო. მაცხოვარი ედესში არ წასულა, მაგრამ ანანიას მისი დახატვის ნება დართო. მხატვარმა ვერასგზით ვერ მოახერხა უფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახის ტილოზე გადატანა. მაშინ იესო ქრისტემ სახეზე მიიფარა ტილო და მასზე სასწაულებრივად აღიბეჭდა მაცხოვრის სახე. ამ გამოსახულებას უფლის ხელთუქმნელი ხატი უწოდეს. ხელთუქმნელმა ხატმა დასაბამი მისცა ხატთაყვანისცემას ქრისტეს მოძღვრების მიმდევრებს შორის.

ამგვარად, უფალმა თავად აკურთხა წმინდა გამოსახულებების - ხატების თაყვანისცემა.

გარდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა, პირველ ქრისტიანულ ხატებად ითვლება ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი. ამრიგად, ხატთა თაყვანისცემა მოციქულთა ეპოქიდან მომდინარეობს. მათ თაყვანს მიაგებდნენ ქრისტიანობის მომდევნო საუკუნეებშიც, მაგრამ იმ ხანებში, წარმართთაგან ქრისტეს მიმდევართა დევნის გამო, ქრისტიანებს წმინდა გამოსახულებათა წინაშე ლოცვა მალულად, კატაკომბებში - მიწისქვეშა ტაძრებსა თუ სხვა უსაფრთხო ადგილებში უხდებოდათ. IV საუკუნიდან კი, კონსტანტინე დიდის მიერ გამოცემული საგანგებო ედიქტით, ქრისტიანთა დევნა შეწყდა და მათ აღმსარებლობის სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამის შემდეგ ქრისტეს მიმდევრებს ნებისმიერი ქრისტიანული ქმედება, მათ შორის - ხატების წინაშე ლოცვა და სათანადო თაყვანისცემა, თავისუფლად და დაუფარავად შეეძლოთ, თუმცა ხატთაყვანისცემა საბოლოოდ ქალაქ ნიკეაში 787 წელს გამართულ მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაამტკიცეს და დააკანონეს.

- რამ განაპირობა ამის აუცილებლობა, როდესაც ქრისტიანთა შორის ხატთაყვანისცემა ისედაც მიღებული იყო?

- ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ არაერთი ბრძოლა გადაიტანა მწვალებლებთან, რომლებიც ცდილობდნენ, თავიანთი ცდომილი აზრების შეტანით დაერღვიათ წმინდა ეკლესიის დოგმატიკა. ერთ-ერთი ასეთი მწვალებლური მიმდინარეობა, ხატმებრძოლთა ერესი, VII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა. ხატმებრძოლებმა ეჭვქვეშ დააყენეს წმინდა ხატების საჭიროება. ამტკიცებდნენ, რომ ხატების თაყვანისცემას არავითარი საღმრთო საფუძველი არ გააჩნდა, რომ სამოციქულო სწავლება ამას არ მოითხოვდა. მათ არ ესმოდათ განსხვავება სურათსა და ხატს შორის, ხატებს მხოლოდ ზეციური სამყაროს პორტრეტულ ასახვად მიიჩნევდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სულიერ სამყაროში მყოფთა (უფლის, ანგელოზების, წმინდანების) ამგვარად გამოსახვა დაუშვებელი იყო. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის - კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმინდა გერმანე და წმინდა იოანე დამასკელი, შეაჩვენა. ამის შემდეგ წმინდა ხატები გადაყარეს, ზოგი დაწვეს კიდეც. ტაძრებიდან ფრესკები და მოზაიკა ჩამოფხიკეს და კირით შელესეს.

საჭირო გახდა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა, სადაც წმინდა მამებმა საღმრთო წერილიდან შესაბამისი ადგილებისა და წმინდა ხატების ძალით აღსრულებული სასწაულების დამოწმებით ხატთაყვანისცემის აუცილებლობა დაადასტურეს და საბოლოოდ განამტკიცეს და დააკანონეს კიდეც.

- საზოგადოდ, რა მნიშვნელობა აქვს ხატთაყვანისცემას?

- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ხატი სარკმელია, რომლის მეშვეობითაც მორწმუნე ზეციურ სამყაროს, იქ დავანებულ უფალს, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებს უკავშირდება. გამოდის, რომ ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ცათა სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას ზეციურ, ღვთაებრივ წიაღში დამკვიდრებულ ყოვლადწმინდა სამებასა და წმინდანებთან, მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება.

KARIBCHEნებისმიერ ჩვენგანს სურს იქონიოს საყვარელი ადამიანის სურათი, მასთან განშორებისას კი, დროებითი იქნება ეს თუ სამუდამო, მათ სურათს ვეამბორებით, მაგრამ ჩვენ ქაღალდს ან საღებავს კი არ ვკოცნით, არამედ მას, ვინც სურათზეა გამოსახული. ასევე, ხატის თაყვანისცემისას თაყვანს ვცემთ არა ხესა და საღებავს, არამედ მასზე გამოსახულ პირველსახეს - ანგელოზებს, ღმერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდანებს და წმინდა მოვლენებს.

- როგორც თქვენც ბრძანეთ, ადამიანს ხატის წინაშე ლოცვის სანაცვლოდ მადლი და შეწევნა მიეცემა, მაგრამ ისეც ხომ ხდება, რომ მლოცველი ხატისგან მადლსა და შეწევნას ვერ იღებს...

- თუ ჩვენი ლოცვა გულწრფელი, ჭეშმარიტად გულიდან ამოსული არ არის, თან არ ახლავს რწმენა, ცოდვილი მდგომარეობის განცდა და თავმდაბლობა, ჩვენი თხოვნა და ვედრება ზეციურ სასუფევლამდე არ ამაღლდება და არც უფლისა და მისი წმინდანებისგან მოგვეცემა მადლი და შეწევნა. ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი თხოვნა ყოველთვის არ არის ღვთივსათნო, ღვთისთვის მისაღები - შესაძლოა ლოცვის დროს მაწყინართათვის სამაგიეროს გადახდა ან სხვა არაქრისტიანული სურვილის შესრულება ვითხოვოთ, რაც, ბუნებრივია, არ შეგვისრულდება.

- რატომ არის აუცილებელი ხატის კურთხევა?

- კურთხევისას ხატზე სულიწმინდის მადლი გადმოედინება და ის ღვთიური მადლის მატარებელი ხდება, მასზე დავანებული მადლი კი მლოცველს ვედრების სწრაფად აღსრულებაში ეხმარება. ამიტომაც ხატების კურთხევა აუცილებელია.

- რომელი ხატები უნდა ვიქონიოთ შინ უპირველესად?

- უთუოდ უნდა ვიქონიოთ ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს, საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული მფარველის - წმინდა ნიკოლოზის ხატები. ასევე, სასურველია გვქონდეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის, ანგელოზთა დასის, წმინდა გიორგის, საუფლო დღესასწაულთა აღმნიშვნელი და ოჯახის წევრთა მოსახელე წმინდანთა ხატები. ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია იქონიოს იმდენი ხატი, რამდენის შეძენის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს.

ცხადია, მხოლოდ შეძენის სანაცვლოდ ხატისგან მადლი და შეწევნა არ მოგვეცემა; საჭიროა მათ წინაშე გამუდმებით ლოცვა.

- კიდევ როგორ გამოვხატოთ წმინდა ხატების მიმართ მოკრძალება და პატივისცემა?

- წმინდა ხატების მიმართ პატივისცემა და მოკრძალება გამოიხატება მათ წინაშე სანთლისა და კანდელის დანთებით, საკმევლის კმევით, ამბორყოფით, მათ სახელზე შექმნილი ტროპარებისა და დაუჯდომელი ლოცვების წარმოთქმით, რომლებიც სულიერ მოძღვართან შეთანხმებით, მისი კურთხევით უნდა ვიკითხოთ. წმინდა გამოსახულებათა მიმართ მოკრძალება გამოიხატება მათ წინაშე მეტანიების აღსრულებითა და პირჯვრის გადასახვითაც.

KARIBCHE KARIBCHE

- საჭიროა თუ არა ხატების ყველა ოთახში დაბრძანება?

- ეს სასურველი არ არის, ვინაიდან ჩვენში სულიერება სათანადო დონეზე არ დგას და ადამიანებს, განსაკუთრებით - ოჯახის არაეკლესიურ წევრებს, ნებით თუ უნებლიეთ მაინც უხდებათ ხატების წინ არაღვთივსათნო ქმედებათა ჩადენა: კამათი, უხამსი სიტყვების წარმოთქმა, აზარტული თამაში და ა.შ., ეს კი წმინდა გამოსახულებათა უპატივცემულობაა, ამიტომ უმჯობესია გამოვყოთ ცალკე ოთახი, თუნდაც ძალზე პატარა, სადაც წმინდა ხატებსა და სხვა სიწმინდეებს მოვათავსებთ. სამზარეულოში შეიძლება დავაბრძანოთ საიდუმლო სერობის ხატი.

- ეკლესიური მოძღვრებით, არამართლმადიდებლური კანონიკით შესრულებულ ხატს ლოცვითი ღირებულება არ გააჩნია, ამიტომ ხატები, რომელთა წინაშეც ვლოცულობთ, მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვით უნდა იყოს შესრულებული. შეიძლება თუ არა, ადამიანმა დამოუკიდებლად გაარკვიოს, მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვით არის თუ არა შესრულებული ხატი?

- მართლმადიდებლურ ხატში ფიგურა გათავისუფლებულია ყოველივე მიწიერისგან, სანაცვლოდ ხაზგასმულია მისი სულიერება. ეს უმთავრესი კანონიკური ნიშანია. საერთოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხატს უამრავი დეტალი აქვს და თითოეულს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია.

მაცხოვარს, მისი ღვთაებრივი ბუნების ნიშნად, შარავანდედში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯვარი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვიათად გამოისახება მარტო, თითქმის ყველა ხატზე მას ღვთაებრივი ყრმა უჭირავს ხელში. ამასთანავე, შუბლსა და მხრებზე სამი ვარსკვლავი აქვს გამოსახული, ნიშნად იმისა, რომ ღვთისმშობელი ქალწული იყო შობამდეც, შობის დროსაც და შობის შემდეგაც. მათთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ წმინდანთა ხატებსაც: მოციქულებსა და ღვთის სიტყვის მქადაგებლებს ხელთ სახარება ან ქარტია უპყრიათ, წმინდა მოწამეებს - ჯვარი, მკურნალ წმინდანებს - წამლის ყუთი და ა.შ. რაც შეეხება ცალკეულ დეტალებს, გრძელი თითები წმინდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, მაღალი შუბლი - სიბრძნეს, დიდი თვალები - სულიერ ხედვას და სხვა.

მნიშვნელობა აქვს ფერებსაც: თეთრი სიწმინდეს აღნიშნავს, მწვანე - ცხოვრებას, ლურჯი - საიდუმლოს, ცისფერი - უმანკოებას, ოქროსფერი - მარადიულობას, ყვითელი - სითბოსა და სიყვარულს, წითელი - მსხვერპლად შეწირვას.

ცხადია, ყველა დეტალზე საუბარი აქ შეუძლებელია, ამიტომ თუკი ეჭვი გვეპარება, რომ ხატი მართლმადიდებლურია, უმჯობესია ღვთისმსახურს ან კანონიკის მცოდნე ადამიანს ვაჩვენოთ.

- ზოგჯერ ადამიანს ხატის დახატვის ან ამოქარგვის სურვილი უჩნდება. აქვს თუ არა მას ამის უფლება?

- დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით ხატის შექმნის უფლება არც ერთ ადამიანს არ აქვს. ამისთვის საჭიროა სულიერი მზადყოფნა და ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევა, რომელიც დაუნიშნავს ლოცვით კანონს, მარხვას და მისცემს სხვა საჭირო მითითებებს, რათა ხატის შექმნის დროს მორწმუნე დაცული იყოს ბოროტი სულის ზემოქმედებისგან, რომელიც აუცილებლად შეეცდება, ხელი შეუშალოს ამ ღვთივსათნო საქმის შესრულებაში.

- როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მირონმდინარი ხატების მიმართ?

- მირონმდინარი ხატები მართლაც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას, მათ წინაშე გაძლიერებულ ლოცვას და სხვა საეკლესიო წესების აღსრულებას, მაგრამ ეს აუცილებლად ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევით უნდა მოხდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ხიბლში ჩავარდნა - არ მივიჩნიოთ, რომ ხატიდან მირონდენით უფალმა სხვებისგან გამოგვარჩია. საერთოდ, ხატის წინაშე ლოცვის დროს არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხდება თუ არა რაიმე გამოცხადება, იცვლის თუ არა ხატი სახეს და ა.შ. თუკი რაიმე მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, ღვთის ნებითა და განგებით, აუცილებლად გაცხადდება.

ცნობილია, რომ ხატიდან გადმოდინებულ მირონს, თუკი მას რწმენითა და სასოებით - ღვთის შემწეობის იმედით - ვიცხებთ, სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან განკურნების ძალა შესწევს. ხატიდან გადმოსული მირონი შინაც შეიძლება ვიქონიოთ და სნეულებათა დროს ვიცხოთ. მას ადგილი უნდა მივუჩინოთ სამლოცველო კუთხეში, სხვა სიწმინდეების გვერდით.

- რომელ ხატს უნდა მივეახლოთ უპირველესად ტაძარში შესვლისას?

- პირველ რიგში უნდა მივეახლოთ ამბიონის წინ, ანალოღიაზე დაბრძანებულ ხატს. თუ ღვთისმსახურება აღესრულება, დაველოდოთ მის დასრულებას, რათა მსახურებაში ჩართულ მორწმუნეებს ხელი არ შევუშალოთ, ყურადღება არ გავუფანტოთ. ანალოღიაზე დაბრძანებული ხატის მოლოცვის შემდეგ სასურველია მივეახლოთ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს, შემდეგ კი ტაძარში დაბრძანებულ ნებისმიერ ხატს, გარდა კანკელზე განთავსებული ხატებისა.

- არსებობს სასწაულმოქმედი ხატების ტაძრიდან ოჯახში მიბრძანების ტრადიცია. რა დანიშნულება აქვს ამას?

- როდესაც ამა თუ იმ სასწაულმოქმედ ხატს რამდენიმე ხნით ოჯახში მიაბრძანებენ, მას თან ღვთისმსახური მიჰყვება გალობითა და კმევით. ასევე დააბრძანებენ მას მორწმუნის ოჯახში, რათა საცხოვრისი, კერა ხატს განწმენდილი დახვდეს იმ მადლის მისაღებად, რომელიც სასწაულმოქმედ ხატს მოჰყვება თან, სასწაულმოქმედი ხატისგან მომდინარე მადლითა და მისი ძალით კი განსაკუთრებულად იქნება კურთხეული და დალოცვილი საცხოვრისიც და იქ მცხოვრებთა მიწიერი ყოფაც. ოჯახს ღვთის წყალობა და ბარაქა არ მოაკლდება.

- როგორ მოვეპყროთ დაზიანებულ ხატებს?

- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაზიანებული ხატის საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად მოთავსება და გადაგდება. ის უნდა მივიტანოთ ტაძარში, სადაც საგანგებოდ საეკლესიო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ღუმელში დაწვავენ. მათი დაწვა შინაც შეიძლება, მაგრამ ნამწვავები აუცილებლად სუფთა ადგილას, მაგალითად, ყვავილების ბაღში უნდა დავმარხოთ.

- რელიგიურ თუ საერო ჟურნალებში მოთავსებულ ხატებს ბევრი გაუცნობიერებლად თუ უყურადღებობის გამო სათანადო კრძალვით ვერ ეპყრობა. ჟურნალ-გაზეთების იმ გვერდს, სადაც ხატია გამოსახული, სხვადასხვა ყოფითი საჭიროებისთვის იყენებს. სჩადის თუ არა ადამიანი ასეთ შემთხვევაში სიწმინდისადმი უკრძალველობის ცოდვას?

- ცხადია, საეკლესიო სიწმინდეების მიმართ დაუდევრობა, მათი მოუფრთხილებლობა ადამიანს ცოდვად ეთვლება. ჟურნალ-გაზეთებში, სადაც ხატები იბეჭდება, საგანგებოდ მიუთითებენ, რომ მათ მიმართ სათანადო მოპყრობა არ დაგვავიწყდეს. ეს უფრო არაეკლესიურ ხალხს სჭირდება, რადგან მორწმუნე, ეკლესიურად მცხოვრებმა ადამიანმა იცის, რომ რელიგიურ ჟურნალ-გაზეთებსა თუ საერო პრესაში განთავსებულ რელიგიურ გვერდს კრძალვით უნდა მოეპყროს. თუკი ასეთი ჟურნალი ან გაზეთი არაეკლესიური ადამიანის ხელში მოხვდება და ის მათ მიმართ სათანადო ყურადღების გამოჩენას ვერ მოახერხებს, უმჯობესია, დაწვას და ფერფლი სუფთა ადგილას ჩამარხოს ან მორწმუნეს აჩუქოს, რომელიც კრძალვით მოეპყრობა.
ბეჭდვა
1კ1