სუჯუნის წმინდა გიორგი.
სუჯუნის წმინდა გიორგი.
სოფელი სუჯუნა მდებარეობს ოდიშის დაბლობზე ქ. აბაშის ცენტრიდან დაშორებულია 7კმ-ით. უდიდეს სიწმინდეს და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით, მისი მსგავსი მე-18, მე-19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება. "სუჯუნის წმ. გიორგი" ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. სუჯუნის ეკლესია მდიდარი იყო, ჰყავდა მრავალი ყმა და შემოსავალიც დიდი ჰქონდა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები.

სუჯუნაში ინახება წმ. გიორგის ნაწილები. ეკლესიაში დაბრძანებულია, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი (სავარაუდოდ. XVII-XIX საუკუნის ჭედური ხელობა).

1914 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის სიწმინდეები. მის დროს იქ დაცული ყოფილა:

"წმიდა გიორგის დიდი ხატი - (ზომები 67X46 სანტიმეტრი) ვერცხლის, ნაჭედი. ხატზე წმ. გიორგი წარმოდგენილია ფეხზედ მდგომარე, რომაულ სამხედრო ტანისამოსში. მარჯვენა ხელში გრძელი შუბი აქვს, მარცხენა უძევს ფარზე. თავის ირგვლივ ნიმბი აქვს, ნიმბს თავში უზის ლალის დიდი ქვა. ხატის აშია მემკობილია ყვავილების მსგავსი გრეხილებით და აშიებზე მედალიონებში წარმოდგენილია მახარობლები, მარცხნივ წმ. იოვანე, წმ. მარკოზ, წმ. მათე; ზემოთ - მთავარანგელოზი მიქაელი, ქვემოთ - დედა ღვთისა ჩვილით და ღვთისმშობლის მიძინება, მარჯვენაზე - სამი ანგელოზი. აშიები და მათზე წარმოდგენილი წმინდანები გვიანდელია და თაყაიშვილის დაკვირვებით, თვით ხატის მშვენიერ ხელობას არა გავს. აქეთ - იქით თავისკენ სურათს ასომთავრულით აწერია "წ~ა გ-ი" და შემდეგ ბერძნული ასომთავრულით . თაყაიშვილის აზრით ხატი "ძრიელ ძველი უნდა იყოს".

წმიდა გიორგის დიდი ხატი - (ზომები 48X34 სანტიმეტრი) ვერცხლის, ნაჭედი, ქართულის ხელობისა. სურათი გიორგისა ფეხზე მდგომარეა, რომაულ საომარ ტანისამოსით. მარჯვენა ხელში უჭირავს გრძელ ტარიანი შუბი. მარცხენა უძევს ფარზედ. ხატის შუა ნაწილი ძველია, ხოლო აშია გვიანდელია - ლევან დადიანის გაკეთებული XVII საუკუნეში, როგორც მხედრული წარწერიდან ვიგებთ. ხატზე დაცულია ასევე ძველი ხუცური წარწერაც - "წ~ი გ~ი", და შემდეგ ფარზე ლამაზი ასომთავრულით: "ქრისტე შეიწყალე იოანე ცაიშელი ფოლაგისძე"

წმიდა გიორგის ხატი - (ზომები 26X22 სანტიმეტრი) ვერცხლისა, ნაჭედი. წმიდა გიორგი ცხენით არის წარმოდგენილი და გმირავს ვეშაპს. აშია ყვავილებით არის შემკობილი. ხატი ქართული ხელობის არის, მაგრამ ეკუთვნის არა უადრეს XVIII საუკუნეს. ზემოთ ასომთავრული წარწერა აქვს: "სუჯუნის წმიდაო გიორგი, შეიწყალე და გაუმარჯვე ბატონს გიორგის რომელმან მოვაჭე [დინე] ხატი შენი, ამინ".

წმიდა გიორგის ხატი - (ზომები 28,5X 24 სანტიმეტრი) ნაჭედი, ქართულის ხელობის, დაზიანებული. წმიდა გიორგი ფეხზედ დგას. მარჯვენა ხელში უჭირავს შუბი, მარცხენა მახვილზე უძევს. მარცხენა მკლავზე მოგდებული აქვს თასმით ფარი. მახვილის ტარის თავი ფრინველის თავის გამოხატულებას წარმოადგენს. ხატი შემკობილია ყვავილების მსგავსი ჩუქურთმებით. ზემოთ უწერია ასომთავრულით: "წ~ი გ~ი". ზურგზე, ვერცხლის ფიცარზე მხედრული წარწერებია.

წმიდა გიორგის დიდი ხატი - ვერცხლის, ნაჭედი, ქართულის ხელობის. ზემოთ უზის ერთი თვალი. წმიდა გიორგი ცხენით არის წარმოდგენილი, შუბით გმირავს ვეშაპს. წარწერა ხუცური "წ~ გ~ი". აშიებზე ბალახის მსგავსი გრეხილებია, ლამაზი, გრეხილებში ანგელოზები ჩანან, ქვემოთ აშია და ნაწილი მარჯვენა აშიისა დაზიანებულია, სრულად არ არის დაცული. აგრეთვე მხედრული წარწერაა ქვემოთ აშიაზე: "ქ. ღ თ დადადიანის ძე ბატონი ჭყონდიდელ მ(იტროპო)ლიტი გრიგოლის ბრძანებით შევამკეთ ხ(ატი ესე მე) ხოშტარია თევდორემა ვინც წაიკი(თხოთ) (შენდობა ბრძანეთ)". ხატს ძეწკვი აქვს.

წმიდა გიორგის ხატი - (ზომები 29X23,5 სანტიმეტრი). წმიდა გიორგი ზის თეთრ ცხენზე და გმირავს ვეშაპს, თავზე ანგელოზი გვირგვინს ადგამს. წინ მეფის ასული დგას და უცქერის. ზემოთ ტაძარი მოსჩანს. აშია ხატისა ვერცხლისაა, მოჭედილი, ბაბილოვანი ჩუქურთმებით შემკობილი. ხატს ასომთავრულად აწერია: "წ~ი გ~ი".

როგორც უკვე ვთქვით აქ ესვენა "სასწაულმოქმედი" სუჯუნის წმ. გიორგის ხატი, რომლის ხატობა იმართებოდა 23 აპრილს. ამ დღეს იქ დიდძალი მლოცველი მოდიოდა.

ვისაც შეპირებული ჰქონდა, ისინი ღამეს ათევდნენ, საკლავს ხოცავდნენ, მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ. გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.

ადრე, სუჯუნის ეკლესიას მრავალი ყმა ჰყოლია და შემოსავალიც დიდი ჰქონია. აქ ესვენა სუჯუნის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი. ცნობილია ამ ხატთან დაკავშირებული დავა ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მმართველობის წლებში. მას სურდა მეუღლის დავით დადიანის ანდერძი შეესრულებინა და სასწაულმოქმედი ხატი მარტვილის მონასტერში გადაებრძანებინა, რადგან ამით დიდი შემოსავალი მიეცემოდა სასახლეს. სუჯუნის მრევლმა ამაზე უარი განაცხადა. მდგომარეობა გამწვავდა. როგორც მემაიანე აღნიშნავს: "ატყდა აჯანყება, შეიქნა ზარის რეკვა და ბუკის ცემა დაუცხრომელი ხალხისგან". მაშინ ეკატერინე დედოფალმა სუჯუნაში შეიარაღებული ძალა გაგზავნა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. ამ ინციდენტში ჩაერია მეფისნაცვალი მურავიოვი, რომელმაც ხალხი გაამართლა და დედოფალს ურჩია ხელი აეღო განზრახვაზე.

წმიდაო მთავარმოწამეო და ღვაწლით შემოსილო გიორგი, გვედრებთ, დაგვიფარე!
ბეჭდვა
1კ1