ისააკოვ-პოშეხონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი
ისააკოვ-პოშეხონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას ამ სოფლის მკვიდრებმა ტირიფის ტოტებში შენიშნეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ნათელს ჰფენდა ყოველივეს. გლეხებმა ამის შესახებ ღვთისმსახურს უამბეს. მღვდელი შეიმოსა და კრებულის, ხალხისა და საეკლესიო ბაირაღების თანხლებით ხატის გამოჩინების ადგილისაკენ გაემართა. იქ ყველამ ნახა სინათლე, რომელიც მზის შუქს ჰგავდა. სინათლის შუაგულში კი ხატი დაინახეს. მღვდელმა მის წინაშე პარაკლისი აღასრულა, შემდეგ აიღო და სოფელ ისააკოვის ეკლესიაში წამოაბრძანა, როცა ხატი აქ მოათავსეს, კვლავ პარაკლისი აღსრულდა, რის შემდეგაც მღვდელმა ეკლესია დაკეტა. მეორე დღეს ხატი ეკლესიაში აღარ იყო, თუმცა კარისა და სარკმლების ყველა საკეტი დაკეტილი გახლდათ. ხატი ტყეში, ტირიფზე, მისი გამოჩინების ადგილზე იმყოფებოდა. მღვდელმა ლიტანიით ხატი კვლვ ტაძარში გადმოიტანა. ახალგამოჩინებული ხატის სასწაულების შესახებ ამბავი სწრაფად გავრცელდა და მის მოსალოცად უამრავი ადამიანი მოდიოდა. ღამით კარი დაკეტილი იყო და დარაჯობდნენ, მაგრამ მეორე დილისთვის უხილავი ძალით ხატი კვლავ გამოჩინების ადგილზე ბრუნდებოდა. ღვთისმშობელმა თავისი ხატის სამყოფელად ადგილი თავად აირჩია. ხალხმა აქ ერთ დღეში სამლოცველო ააგო, მეორე დღეს კი აკურთხეს და სასწაულთმოქმედი ხატი მასში გადააბრძანეს. შვიდი წლის შემდეგ აქ დაარსდა სავანე, რომელსაც წმ. ისააკისა ეწოდა.

1900 წლის ივნისში მონასტერი დედათა სავანედ გადაკეთდა, იქ 107 მონაზონი ცხოვრობდა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში სავანე დაიხურა, მის მთავარ ტაძარში კი საბჭოთა მეურნეობის კანტორა და კლუბი იყო განთავსებული.

ამჟამად მონასტერი ფუნქციონირებს, როგორც ისაკოვის ღვთისმშობლის შობის უდაბნოს საეპისკოპოსო მეტოქიონი, სადაც იმყოფება კიდეც სასწაულმოქმედი ხატი.

ბეჭდვა
1კ1