სიამის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.
სიამის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.
ვოლოგდას გუბერნიაში, კუბენის ტბის ახლოს, გადაჭიმულია სიამის თემი, რომლის მიწები ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ეკუთვნოდა მდიდარ მოსკოველ ბოიარს თევდორე ანდრეის ძე სვიბლოს, რომელიც ემსახურებოდა დიდ მთავარს დიმიტრი დონელს.

სწორედ ამ ადგილს უკავშირდება სიამის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის განდიდების ამბავი. უძველესი გადმოცემის თანახმად, ვინმე ივანე როდიონოვი, სოფელ ოტვოდნის მოსახლე ორი წლის მანძილზე დაუძლურებული იწვა. 1524 წელს მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, სიამის თემში საფარველის ეკლესიაში წასულიყო და მრევლისთვის განეცხადებინა მისი ნება: აქ დოლგის ველზე, ამ თემთან ახლოს, მდინარე კრუტცის ნაპირას, ღვთისმშობლის შობის ეკლესია დაეარსებინათ. ამ ბრძანების აღსრულების შემდეგ კი გამოჯანსაღება აღუთქვა და მართლაც მალე განკურნა. ეს ამბავი თემის მოსახლეობამ მისი სიტყვების დასტურად აღიქვა. იმავე წელს ღვთისმშობლის შობის სახელზე მონასტერი დააარსეს, იმ დროიდან ღვთისმშობლის ხატი გახდა სატაძრო – კანკელისა და სიამის სახელით განითქვა. მონასტრის მატიანე ინახავს მოწმობას მრავალი სასწაულის შესახებ, რომელიც აღსრულდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მიერ, როდესაც მას სარწმუნოებით და სასოებით მიმართავდნენ.

1542 წელს სიამის მონასტერი მთლიანად დაიწვა, მხოლოდ სასწაულთმოქმედი ხატი გადარჩა და მონასტრის შენობები ხელახლა ააგეს.

1544 წელს, კირილო-ბელოზეროს მონასტრისკენ სალოცავად მიმავალ გზაზე, მომავალი მეფე ივანე მრისხანე ეწვია სიამის მონასტერს და უხვად გაიღო წყალობა.

1770 წელს ქვის დიდებული, ორსართულიანი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აღმართეს.

მონასტერი 1924 წლამდე მოქმედებდა, რის შემდეგაც მან ის მძიმე ხვედრი გაიზიარა, რაც იმ მშფოთვარე დროში ტაძრებისა და მონასტრების უმეტესობას დაატყდა თავს - დიდებული ტაძარი, გალავნის მნიშვნელოვანი ნაწილი, კოშკები აგურებად დაშალეს, დანარჩენი ნაგებობები ნანგრევებად იქცა, სიამის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სასწაულთმოქმედი ხატის კვალი დაიკარგა.

ბეჭდვა
1კ1