გლინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხატი.
გლინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხატი.
ეს ხატი მე-16 საუკუნის დასაწყისში სასწაულებრივად გამოუჩნდა მეფუტკრეებს, რომლებიც უღრან ტყეში ხეებში გამოკვეთილი სკების დასახედად მივიდნენ და დიდ ბებერ ფიჭვზე ნახეს ნათლით მოსილი ღვთისმშობლის შობის ხატი. 1648 წელს ხატის გამოჩენის ადგილას დაარსდა გლინის უდაბნო, რომელმაც სახელწოდება მონასტრის შემომწირველთა გვარის მიხედვით მიიღო, რომლებიც უახლოეს სამფლობელოს განაგებდნენ. ღვთისმშობლის ხატი მრავალი კურნებით განდიდდა. ფიჭვის ძირიდან, რომელზეც ეს საოცარი ნიშანი გამოჩნდა, წყარო მოდიოდა, ვინც მას დალევდა და რწმენით ილოცებდა, გამოჯანსაღდებოდა. ხატი სიმაღლით 5, სიგანით 4 გოჯი იყო, პერანგი ჭედური ოქროსი ჰქონდა, ის ვერცხლის მოოქროვილ, წრიულ კიოტში იყო მოთავსებული, რომელიც 36 ქვით იყო შემკული.

ამჟამად, სამწუხაროდ, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი დაკარგულია. ღვთისმშობლის უძველეს ხატზე სამი გამოსახულებაა განთავსებული, რომლებიც ერთმანეთისგან საგანგებო მოხაზულობითაა გამოყოფილი: მართალი, იოაკიმე, მართალი ანა და მოახლე, რომელსაც ხელში ჩვილი მარიამი უპყრია. თანამედროვე ასლებში ეს გამოსახულებები გამოყოფილი არ არის, მაგრამ გლინის ყველა ტიპის ხატის გამორჩეული თვისებაა ზემოთ გამოსახული საბაოთ უფალი.

გლინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხატი ათწლეულების მანძილზე მივიწყებისა და ნგრევის შემდეგ, 1994 წელს ეკლესიას დაუბრუნდა. დღეს იმყოფება უკრაინაში (კონოტოპის ეპარქია): სოფელი სოსნოვკა, გლუხოვოს რაიონი (უკრაინა-რუსეთის საზღვართან ), სუმის ოლქი.

სამწუხაროდ, 1922 წელს, ბოლშევიკების მიერ გლინის უდაბნოს დახურვის შემდეგ, ორიგინალი დაიკარგა, მაგრამ ხატის უძველესი ასლი შემორჩა. იგი იმყოფება გლინის უდაბნოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, განახლებულ სავანეში.

ბეჭდვა
1კ1