სიონის ღვთისმშობლის ხატი
სიონის ღვთისმშობლის ხატი
სიონის ტაძარში მრავალი ხატი თუ წმინდა ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი, ესაა სიონის ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი ძვირფასი პერანგით ვახტანგ VI-ის ძის, ბატონიშვილ გიორგის და მისი მეუღლის მარიამ იაკობის ასულ დოლგორუკოვას დაკვეთით 1762 წელს დამზადდა და შემოსწირეს რუსეთიდან სიონის კათედრალს. იგი წარმოადგენს ასლს (პირს) სიონის ღვთისმშობლის ნამდვილი ხატისა. 1522 წელს შაჰ-ისმაილმა გაძარცვა ტაძარი, სიონის ღვთისმშობელს მოხსნა ძვირფასეულობა და გადააგდო მტკვარში. ჩაგდების ადგილიდან 4,5 კილომეტრის ქვემოთ, ეს ხატი მტკვრის მარცხენა ნაპირზე იპოვა კახელმა მწყემსმა და მიართვა კახეთის მეფეს ლეონ I-ს (1520-1574), რომელმაც შეამკო ძვირფასად და კვლავ დაასვენა სიონის ტაძარში. 1724 წელს ხატი გაძარცვა და მტკვარში ჩააგდო კახეთის მეფე კონსტანტინემ — მაჰმად ყული-ხანმა, რის შემდეგაც ხატი დაიკარგა. ამ ამბის გაგების შემდეგ, გიორ¬გი ვახტანგის ძემ და მისმა მეუღლემ, მათ ხელთ არსებული ხატის ნამდვილი პირის მიხედვით დაამზადებინეს ეს ხატი და ძვირფასი პერანგით შემოსილი გამოუგზავნეს სიონის ტაძარს. 1795 წელს აღა მაჰმად-ხანის შემოსევისას ხატი დაღუპვას გადაარჩინა და თბილისიდან ზურგით გახიზნა სიონის ტაძრის ცნობილმა დეკანოზმა, მწიგნობარმა და კალიგრაფმა — იოანე ოსეშვილმა. ვინაიდან ხატი დიდძალი ძვირფასეულობით იყო შემკული, საბჭოთა პერიოდში ძვირფასი პერანგი მოხსნეს და გაიტაცეს. ხატი კვლავ ვერცხლის პერანგით შეიმკო კათოლოკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

ბეჭდვა
1კ1