ვლადიმირ-როსტოვის ღმრთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი
ვლადიმირ-როსტოვის ღმრთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი
ამ ხელთუქმნელი ხატის ისტორია, რომელსაც ვლადიმირისა ეწოდება, ღირსი ალიპი პეჩორელის ცხოვრებაშია მოთხრობილი.

ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა კიევის ფერდობზე ეკლესია დააარსა და სურდა, რომ ის შვიდი ხატით შეემკო. ამისთვის პეჩორის მონასტერში ორ ნაცნობ ბერთან მივიდა, საკმაოდ ვერცხლი და ხატისთვის საჭირო დაფები მიიტანა და სთხოვა, რომ ცნობილ ხატწმერ ალიპის მოთათბირებოდნენ. ღირსი ალიპი მეტად გამოცდილი ხატმწერი იყო და იღუმენისა და ძმებისთვის მრავალი ხატი ჰქონდა შესრულებული. თუ ეკლესიებში ძველ ხატებს შეხვდებოდა, მათ უსასყიდლოდ განაახლებდა ხოლმე. მხოლოდ ღვთისმსახურება განაშორებდა ხატწერას, ხოლო უმეტეს დროს ლოცვასა და გალობაში ატარებდა. ღვთიური მადლი მასში სასწაულთმოქმედებით გამოვლინდა, თავის საღებავებს, როგორც წამალს, ისე სცხებდა სნეულებს და ისინი განიკურნებოდნენ. შემკვეთის ნაცნობებმა, თითქოსდა ალიპის ბრძანებით, რამდენჯერმე აიღეს ფული, მაგრამ თავისთვის ინახავდნენ და მას არაფერს ეუბნებოდნენ. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ალიპის ხატების დაწერა არ სურდა. მის წინააღმდეგ ღირსი იღუმენის ნიკონის წინაშე საჩივარი შეიტანეს. ალიპი ამბობდა, რომ ხატების შეკვეთის შესახებ არაფერი იცოდა. მის სამხილებლად შემოიტანეს დაფები, რომელიც წინა დღეს სრულიად სუფთა იყო და გაოცებულმა დამსწრეებმა მათზე წმიდა სახეები იხილეს. ერთ მათგანზე გამოსახული იყო მაცხოვარი, მეორეზე – ღვთისმშობელი ყრმა ღმერთთან ერთად, ხოლო დანარჩენებზე – წმინდათა გამოსახულებები. ფულის ამღები ბერები, როგორც ცილისმწამებლები, მონასტრიდან გააძევეს, ხოლო ხატები იმ მონასტერში მოათავსეს, რომლისთვისაც იყო განკუთვნილი. ღვთიურმა მადლმა განადიდა ისინი. მალე ხანძარმა მთელი ფერდობი მოიცვა და ეს ეკლესიაც განადგურდა. დამწვარი ტაძრის ფერფლში სრულიად უვნებელი სასწაულთმოქმედი ხატები იპოვეს. დიდმა მთავარმა ვლადიმერ მონომახმა სასწაული საკუთარი თვალით იხილა და ერთ-ერთი ხატი, რომელზედაც ღვთისმშობელი ყრმა ღმერთთან იყო გამოსახული, გადაიტანა როსტოვში, სადაც ის მრავალი სასწაულით განდიდდა. ვლადიმერ მონომახის ბრძანებით, ხატი ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კანკელზე მოათავსეს. ტაძრის თაღები დაინგრა, მაგრამ ხატი გადარჩა და ის მუხის ეკლესიაში გადაიტანეს. 1160 წელს ხანძარმა ეს ეკლესიაც გადაწვა, მაგრამ ხატს ცეცხლი არ შეხებია. 1213 წელს მიძინების ქვის ეკლესია ააგეს. 1408 წელს როსტოვში კვლავ საშინელი ხანძარი გაჩნდა. საკათედრო ეკლესიის სახურავი დაიწვა. თაღები და გუმბათი შენობაში ჩაიქცა. ალი ხატებსა და საეკლესიო ნივთებს მოედო, მაგრამ წმინდა ხატი ცეცხლს ამჯერადაც გადაურჩა.

***

ამჟამად, როსტოვის მიძინების ტაძარში ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლები იმყოფება. თავად ვლადიმირ-როსტოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი დღეს როსტოვის მუზეუმის ექსპონატია.

წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
(დამატებული პირველი და ბოლო აბზაცი).


ბეჭდვა
1კ1