სურდეგის ღვთისმშობლის ხატი.
სურდეგის ღვთისმშობლის  ხატი.
ვოლკომირსკის ოლქში, კოვენსკის გუბერნიაში, ქალაქ პონევეჟიდან 30 ვერსის დაშორებით სულიწმინდის მამათა მონასტერში სურდეგის ღვთისმშობლის ხატი იმყოფებოდა.

სურდეგის მონასტრის შესახებ პირველი ისტორიული ცნობები 1510 წლიდან არსებობს, როდესაც მართლმადიდებელმა მემამულემ ბოგდან შიშ-სტავესკიმ სურდეგში სამრევლო ეკლესია ააშენა. 20 წლის შემდეგ 1530 წელს, უკვე მოძველებული ეკლესიის ახლოს, წყაროსთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გამოჩნდა. ადგილობრივმა მემამულემ ალექსეი ვლადიკამ წყაროს თავთან წმინდა სამების სახელზე ეკლესია ააგო. ხოლო 1550 წელს აქ მემამულე ქალის, ანნა შიშანკო-სტავეტსკის მიერ მონასტერი დაარსდა.

მან ამ მონასტრის არსებობა დიდი ადგილ-მამულების შეწირვით უზრუნველყო. მიუხედავად მრავალი დევნისა და მტრის მცდელობისა, რომ ამ რუსულ სიწმინდესაც დაჰპატრონებოდნენ, სურდეგის მონასტერი მართლმადიდებლურად დარჩა. ლათინელებმა არაერთხელ დაიპყრეს მონასტრის მამულები, ბერები განდევნეს და ისიც კი გაბედეს, რომ სურდეგიდან ბერნარდინოს მონასტერში გაიტაცეს სასწაულთმოქმედი ხატი. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როგორც კი ხატი ლათინელთა ეკლესიაში შეიტანეს, ზეციური დედოფლის სახის დანახვა ხალხმა ვეღარ შეძლო, ხოლო გამტაცებლებს ყბები მოექცათ. ბერნარდინელი ბერები შეშინდნენ და ხატი დაუყოვნებლივ დააბრუნეს სურდეგის მონასტერში. მსვლელობის დროს ერთმა განრისხებულმა ურწმუნომ ღვთისმშობლის ხატს მკრეხელური სიტყვები შეჰკადრა, მაგრამ ის მაშინათვე ისეთმა სიცოფემ მოიცვა, რომ იძულებული გახდნენ, მხეცივით ჯაჭვებით დაებათ. ამ დროს ღარიბი ბრმა ქალი ხატს მიუახლოვდა, კეთილმორწმუნეობით და ლოცვით თაყვანი სცა მას და მხედველობა დაუბრუნდა.

ამიერიდან ხატისადმი თაყვანისცემა და მონასტრის მნიშვნელობა მარტო მართლმადიდებელთა შორის კი არა, სხვა სარწმუნოების ხალხში, სტაროობრიადებსა და კათოლიკეებშიც გაიზარდა. ლიტვაში, კურლანდიასა და ბეკორუსიაში სურდეგის ღვთისმშობლის ხატი მლოცველთა თაყვანისცემითაა განდიდებული. მას განსაკუთრებით 15 აგვისტოს მიაგებენ პატივს, როდესაც მონასტრის ამ სიწმინდის ხსენება აღესრულება.


1915 წელს, გერმანელთა ჯარების მიერ ლიტვის ოკუპაციამდე, მოხდა სურდეგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ევაკუაცია იაროსლავში და მხოლოდ 1921 წელს დაუბრუნდა ლიტვას. ამჟამად წმინდა ხატი კაუნასის ხარების საკათედრო ტაძარში იმყოფება და დღემდე სასწაულებს აღასრულებს.

წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
(დამატებული ბოლო აბზაცი).
ბეჭდვა
1კ1