პიუხტიცის ღვთისმშობლის მიძინების ხატი.
პიუხტიცის ღვთისმშობლის მიძინების ხატი.
ბალტიის რკინიგზის სადგურიდან 25 ვერსის დაშორებით, ესტლიანდის გუბერნიაში არის მაღალი მთა, რომელზეც სამი ბექობია განლაგებული და პიუხტიცი, ესტონურად წმინდა ადგილი, ეწოდება. ამ მთის ძირში დასავლეთის მხრიდან შესანიშნავი სამკურნალო წყარო ამოდის მიწიდან. აქ XVI საუკუნეში ღვთისმშობლის მიძინების ხატი გამოჩნდა.

იმ შორეულ დროში, როცა გერმანელმა რაინდებმა ესტონელი და რუსი ხალხი შეავიწროვეს. აიძულებდნენ ლუთერანული სარწმუნოება მიეღოთ და ამასთან მონებად ქცეულიყვნენ, ესტონელ მწყემსებს რამდენჯერმე გამოეცხადათ ნათლით მოსილი ქალი, რომელიც მიახლოებისთანავე ქრებოდა. მალევე მწყემსებმა წყაროსთან, სწორედ იმ ადგილას, სადაც გამოცხადება ხდებოდა, ხატი იპოვეს. მწყემსები ლუთერანები იყვნენ და ამიტომ ხატი გზად მიმავალ რუს გლეხებს გადასცეს. მართლმადიდებლები ხატს მიეგებნენ გულრწფელი რწმენით, რომ დედა ღვთისა ნუგეშისა და შემწეობის გარეშეE არ დატოვებდა მათ. მთაზე სამლოცველო დაარსეს, ხატი იქ მოათავსეს და დააწესეს, რომ ყოველწლიურად 15 აგვისტოს ამოსულიყვნენ და ნარველ რუს ღვთისმსახურებთან ერთად პარაკლისი აღესრულებინათ.

ჩვენი ასწლეულის დასაწყისში მდინარე ნარვის სათავესთან, სოფელ სირენცში მართლმადიდებელი სამრევლო დაარსდა და პიუხტიცის სასწაულთმოქმედი ხატი ეკლესიაში გადმოაბრძანეს, ხოლო მართლმადიდებლები, გერმანელი ბარონების თავდასხმების მიუხედავად, წმინდა მთაზე ლიტანიას ყოველ 15 აგვისტოს მაინც აღასრულებდნენ. ბოლოს ხელისუფლების დადგენილებით მთელი წმინდა მთა მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში გადავიდა. 1891 წელს აქ მართლმადიდებელთა გასახარად დედათა მონასტერი დაარსდა. პიუხტიცისკენ მლოცველების დიდი ჯგუფები მიდიან, რათა იქ ღვთსმშობელის მიძინების ხატის წინაშე ილოცონ და ბევრი მათგანი სარწმუნოების თანახმად იღებს კურნებას. უამრავი სასწაულის შესახებ ამბავი ჯერ კიდევ შესაძლოა მოისმინოთ ადგილობრივი მოსახლეობისგან, ხოლო მორწმუნენი მათ შესახებ ცნობას შორეულ ადგილებში ავრცელებენ. ამ სასწაულებრივი განკურნების ზოგიერთი ამბავი საეკლესიო მატიანეშიც არის ჩაწერილი.

აღსანიშნავია ერთ-ერთი მათგანი. ნესტეროვი, ერთი ვაიზენბერგელი ვაჭარი, დიდი ხნის განმავლობაში მძიმე სენით იტანჯებოდა. მან დახმარებისთვის ზეციურ დედოფალს მიმართა და სთხოვა, რომ მიძინების მისი ხატის წინაშე თავისთვის პარაკლისი აღესრულებინა. ამის შემდეგ მას სიზმარში ღვთისმშობელი გამოეცხადა და სამლოცველოს სიძველეზე მიანიშნა. ნესტეროვი მალე გამოჯანმრთელდა და გაწეული ზეგარდამო დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად სამლოცველო აღადგინა, ხოლო ღვთისმშობლის ხატი კი ძვირფასი ვერცხლის მოოქროვილი პერანგით შეამკო.

მრავალი სასწაულმოქმედი კურნება ხდება ასევე წყაროდან, რომელიც ღვთისმშობლის მთის ძირში, მისი დასავლეთი მხრიდან მოედინება, სადაც სასწაულმოქმედი ხატი გამოჩინდა.

დღეს ხატი შემკულია ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ვერცხლის მოოქროვილი პერანგით, და მონასტრის მიძინების საკათედრო ტაძრის ცენტრალური ნეფის მარჯვენა პილონზეა მოთავსებული. წყარო და ძველი გიგანტური მუხა იმ ადგილას, სადაც წმინდა ხატი გამოჩინდა, დღემდეა შემორჩენილი და თაყვანს სცემენ, როგორც სიწმინდეს; ისტორიულ ადგილას დაარსდა სამლოცველო.

პიუხტიცის ღვთისმშობლის მიძინების ხატი შედარებით მცირე ზომისაა: სიმაღლით 12, ხოლო სიგანით - 10 გოჯი. ჩასასვენებელში ღვთისმშობლის გამოსახულების ქვეშ სუდარის სახით ვერცხლისგან დამზადებული გამჭვირვალე ბადეა დადებული.

წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
(დამატებულია ბოლო 4 აბზაცი აზბყკა.რუ-დან).

ბეჭდვა
1კ1