ნოვგოროდის ხატი – სოფია – სიბრძნე ღვთისა
ნოვგოროდის ხატი – სოფია – სიბრძნე ღვთისა
ხატი "სოფია - სიბრძნე ღვთისა" ნოვგოროდში ცნობილია მე-15 საუკუნიდან, როგორც ნოვგოროდის სოფიას ტაძრის სატაძრო ხატი. ამავდროულად, პოსელიანინის წიგნში მითითებულია, რომ ხატი ნოვგოროდის ტაძრის თანამედროვეა და "კონსტანტინოპოლის იუსტინიანეს ტაძრიდან სოფიას უძველესი ხატის ასლს წარმოადგენს". ხატი ასევე მოხსენიებულია ღირსი ლაზარე მურმანსკელის ცხოვრებაშიც, რომელიც XIV საუკუნეში ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში, XV-XVI საუკუნიდან სიუჟეტი ფართოდ იყო გავრცელებული რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ ბერძნულ ტრადიციაში ეს იკონოგრაფიული ტიპი უცნობი რჩება. ამ ხელწერის უძველესი ხატი XXI საუკუნის დასაწყისში შემორჩენილ ხატთაგან არის ხატი მოსკოვის კრემლის ხარების საკათედრო ტაძრიდან, რომელიც XV საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება.

ნოვგოროდის ხატი – სოფია – სიბრძნე ღვთისა – საკათედრო ტაძარში იმყოფება. ამ ხატის შუაგულში გამოსახულა ცეცხლოვანი სვეტის მსგავსი ფრთიანი ანგელოსის სახის მქონე უფალი – ყოვლისა მპყრობელი, მას ჰხურავს სამეფო გვირგვინი, რომელიც ჯვარით ბოლოვდება. სამეფოდ შემოსილი, ოლარით ის ზის ოქროს საყდარზე, რომელიც შვიდ სვეტს ეყრდნობა. მარჯვენა ხელში ჯვრიანი სკიპტრა უპყრია, ხოლო მარცხენაში – გრაგნილი. ორივე მხრიდან უდგანან მეწამულით მოსილი დედა ღვთისა, - მკერდზე მაკურთხებელი ყრმა-ღმერთის ხატით და იოანე წინასწარმეტყველი, რომელსაც მარცხენა ხელით უპყრია გრაგნილი წარწერით: "ესე არს ტარიგი ღვთისა" და ა.შ. ფრთიანი ანგელოსის თავზე გამოსახულია მეწამული სამოსლითა და ცისფერი ქლამინდით მოსილი მაცხოვარი, რომელიც ორივე მხარეს აკურთხებს. მაცხოვრის თავიდან ორმხრივ გადადის ცისარტყელისმაგვარი ზოლი, ხოლო მის თავზე ვარსკვლავიანი ცაა, რომელზედაც, ზუსტად მაცხოვრის თავს ზემოთ, დგას ოქროს ოთხფეხიანი ტახტი – მასზედ გაშლილი წიგნით. ორივე მხრიდან მისკენ სამ-სამი ანგელოსი მიისწრაფის. ეს უძველესი ხატი იმპერატორ იუსტინიანეს დროს დაწერილ კონსტანტინეპოლის სოფიის ხატის ასლს წარმოადგენს. ხატი 1843 წელს ვერცხლის მოოქროვილი პერანგით შეიმკო და სასწაულებით განდიდდა. სხვა სასწაულთა შორის აღსანიშნავია 1542 წელს თვალებით დაავადებული ქალის განკურნება. როგორც ნოვგოროდის მატიანეში წერია: "სიბრძნე ღვთისა შეეწია დედაკაცს, რომელსაც თვალები სტკიოდა". წმინდა სოფიის ხატი სიბრძნე ღვთისა – წარმოადგენს ღვთის სიბრძნის ძალისა და მოქმედების გამოვლინებას, ამიტომაცაა ის გამოსახული ცეცხლის სახით.

სოფიის მრავალრიცხოვანი ასლების პირველსახედ უნდა მივიჩნიოთ კიევის ან ნოვგოროდის ორიგინალები. კიევის ხატი მოიხსენიება 8 სექტემბერს, ნოვგოროდისა – 15 აგვისტოს.

წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
(დამატებულია პირველი აბზაცი).

ბეჭდვა
1კ1