ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი
ღვთისმშობლის სარტყლისა და ვლაქერნის ხატის ისტორიის შესწავლას დიდი ამაგი დასდო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულმა ამბროსი ხელაიამ 1921 წელს დაწერილ გამოუქვეყნებელ შრომაში "ბედიის ტაძარი". ამბროსი ხელაია დაწვრილებით გვაცნობს ღვთისმშობლის სარტყლის შესახებ საეკლესიო გადმოცემას. ამ გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მისი სარტყელი თომა მოციქულის კუთვნილება გამხდარა. ნიკიფორე კალისტას მონათხრობით, თომა მოციქულის შემდეგ სარტყელი, როგორც დიდი სიწმინდე, მორწმუნეებს მემკვიდრეობით გადაეცემოდათ. მთავარეპისკოპოს სერგის ცნობით, იმპერატორ არკადის (395-408) დროს ღვთისმშობლის სარტყელი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, ხოლო იმპერატორმა თეოდოსიმ (408-430) ოქროს კიდობანში ჩასვენებული სამეფო ბეჭდით დალუქული სიწმინდე მოათავსა არკადი იმპერატორის ქალიშვილის პულქერიას მიერ კონსტანტინოპოლის ჩრდილო განაპირა მხარეში, ვლაქერნად წოდებულ ადგილას აშენებულ ჰალკოპრატიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. შემდგომში ამ ტაძარს ადგილობრივი ტოპონიმიკის მიხედვით ვლაქერნის სახელი ეწოდა. დიდი არეულობის დროს, VI საუკუნეში, ვლაქერნის ტაძრის სიწმინდეები, მათ შორის ღვთისმშობლის სარტყელი, გადამალეს კაპადოკიის ქალაქ ზილაში, საიდანაც VII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში იმპერატორ იუსტინიანეს ისევ კონსტანტინოპოლში დაუბრუნებია.

ქართული საეკლესიო ტრადიციით, რომელიც გვიანი ხანის, კერძოდ კი XIX საუკუნის უცხოურ წერილობით წყაროებში აისახა, ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი საქართველოში ჩამოუტანია იმავე სარტყლის სასწაულმოქმედი ძალით განკურნებულ ბიზანტიის იმპერატორის ძმისწულს, ელენეს, რომელიც მეფე ბაგრატ IV-ისთვის (1027-1072) მიუთხოვებიათ.

გადმოცემით, ელენე დედოფალს ღვთისმშობლის სარტყელთან ერთად საქართველოში უნდა მოესვენებინა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატიც, რადგან წერილობითი წყაროების მიხედვით ღვთისმშობლის სარტყელი ამ სახელწოდების ხატზე იყო მიმაგრებული. ამის გამო ორივე სიწმინდე ერთად მოიხსენიება. ამბროსი ხელაიას აზრით, "ღვთისმშობლის სარტყლის ისტორია მჭიდროდაა შეკავშირებული ვლაქერნის ხატის ისტორიასთან".

ბოლოდროინდელ მკვლევართა აზრით, მართალია, ვლაქერნის ხატმა ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ ღვთისმშობლის სარტყელი დაკარგულად ითვლება. მკვლევართა ასეთი განცხადება უნდა მომდინარეობდეს წმინდა ამბროსი ხელაიას მიერ გამოთქმული მოსაზრებიდან. 1920 წელს იგი ზუგდიდიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადმოტანილ სიწმინდეთა შესახებ აღნიშნავდა: "როგორც გადმომცეს, ეს ღვთისმშობლის სარტყელი ახლა ხატთან არაა და ვის ხელში გადავიდა და ან სად ინახება ეს ძვირფასი სარწმუნოებრივი რელიკვია, არ არის ცნობილი".

1920 წლის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი ზუგდიდიდან თბილისში ჩამოტანილ სიძველეთა შორის ღვთისმშობლის სარტყელს არ იხსენიებს. ნუთუ ექვთიმე თაყაიშვილმა, როცა ზუგდიდში აღწერა და თბილისში ჩამოიტანა დადიანის სასახლეთა სიძველეები, არ მიუთითა ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული ქსოვილის შესახებ?!

უეჭველია, იგი მაშინაც იქნებოდა, ან კიდევ, ამ ქსოვილის შესახებ არაფერია ნათქვამი იმ ოქმებში, როცა ვლაქერნის ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად 1921 წელს საზღვარგარეთ გაიტანეს, ხოლო 1945 წელს საფრანგეთიდან დააბრუნეს საქართველოში.

"სიძველეთა აღწერის ოქმებში, გარკვეული თვალსაზრისით, არ დაფიქსირებულა ღვთისმშობლის სარტყელი. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ექვთიმე თაყაიშვილს შეგნებულად არ გაუმახვილებია ყურადღება ამ სიწმინდეზე. როცა მან 1920 წლის დასაწყისში ზუგდიდში ინახულა ვლაქერნის ხატი, ამ დროისთვის მასზე სარტყელი რომ არ ყოფილიყო, უეჭველია, იგი ამ ფაქტს აუცილებლად აღნიშნავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დროისთვის სარტყელი ხატზე იყო მიმაგრებული, თუმცა მკვლევარმა განგებ არ აღნიშნა მისი არსებობა იმ მიზეზის გამო, რომ იმდროინდელ ხელისუფლებასა და ახლად ავტოკეფალიაგამოცხადებულ ეკლესიას შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის ძალით, სახელმწიფოს მუზეუმებში ის სიძველეები უნდა მოთავსებულიყო, რომლებიც ეკლესიისთვის რაიმე ღირებულებას არ წარმოადგენდა. თუკი ექვთიმე აღნიშნავდა, რომ ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული იყო ღვთისმშობლის სარტყელი, მაშინ იგი, როგორც უდიდესი სიწმინდე, შეთანხმების ძალით ისევ ტაძარში უნდა დარჩენილიყო, რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას სახელმწიფო ვერ იძლეოდა. არადა, დაუცველობის გამო, ამ დროს ბევრი საეკლესიო სიწმინდე დაიკარგა. ვლაქერნის ხატი შემკული იყო უძვირფასესი თვლებით, რაც ზრდიდა მისი გაქურდვის საშიშროებას. შესაძლებელია ამავე მიზეზით არ დაფიქსირდა ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული ღვთისმშობლის სარტყელი სიძველეთა აღწერის ოქმებში. ჯერ ერთი, 1921 წელს, დევნილობის გამო, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სრულყოფილად აღსაწერად არავის სცხელოდა, ხოლო როცა განძეულობა 1945 წელს საქართველოში დააბრუნეს, ათეისტური ხელისუფლების პი¬რობებში ამ სიწმინდის დაფიქსირებას აზრიც არ ჰქონდა", - ბრძანებს მკვლევარი ელდარ ბუბულაშვილი, - ამგვარად პატივცემული მეცნიერის აზრით, ღვთისმშობლის სარტყელი დღესაც ვლაქერნის ხატზეა მიმაგრებული.

სამეგრელოში დაცული ვლაქერნის ხატი ერთ დროს ბიზანტიაში, ვლაქერნის მონასტრის კუთვნილი სიწმინდეა, რომელმაც დაიცვა და დაიფარა კონსტანტინოპოლი განადგურებისგან. საეკლესიო გადმოცემით, XI საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში საქართველოში შემოსვენებული ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი ამავე სახელწოდების ხატთან ერთად დაუსვენებიათ სამურზაყანოში, ზღვის მახლობლად, ახალაგებულ ბედიის მონასტერში, რომელიც ვლაქერნის სახელობისა ყოფილა. ოსმალების გამოჩენის გამო ღვთისმშობლის სარტყელი, ვლაქერნის ხატთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით, გადაუსვენებიათ ჯერ მარტვილში, ხოლო ლევან I დადიანის დროს - ზუგდიდში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. XVIII საუკუნის დასაწყისში კი სიწმინდე სამეგრელოს მთავრების რეზიდენციაში ინახებოდა. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი იყო დადიანების საგვარეულო სიწმინდე და ხალხსაც დიდი სასოება ჰქონდა მისი. სამეგრელოს მთავრები დიდი მზრუნველობით ეკიდებოდნენ მას. არავის ანდობდნენ და სასახლეში ინახავდნენ.

სამეგრელოს გარდა, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ასლები ამშვენებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებს. ვლაქერნის რამდენიმე ხატი გვქონდა, კერძოდ, ბედიაში, რომელიც თავხატად იწოდებოდა. ამავე ტიპის ხატი დავანებული იყო ქუთაისის საკათედრო ეკლესიასა და ქვათახევშიც. ქუთაისის ხატი დაიკარგა. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ის ქუთაისის საკათედრო ტაძარში იყო, არის ცნობა, რომ XVIII საუკუნეშიც იქ ბრძანდებოდა, შემდეგ კი მისი ადგილსამყოფელი არ ჩანს. ქვათახევის ვლაქერნის ხატი, ისევე, როგორც ბედიისა, დღეს ხელოვნების მუზეუმშია.

ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის შენება დაუწყიათ 1825 წელს და დაუმთავრებიათ 1830 წელს. სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის დაკვეთით, რუსეთში ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ჩასასვენებელი სანაწილე გაუკეთებიათ.

პირველი მსოფლიო ომის დროს, თურქთა შემოსევებისგან თავდაცვის მიზნით, სამეგრელოს მთავრის მოურავს სასახლის ძვირფასეულობა, რომელთა შორის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატიც იყო, ოთხ ყუთში ჩაუწყვიათ და სარდაფში, საყინულეში შეუნახავს. შემდეგ იგი გადაუტანიათ ამავე სართულის კუთხის განჯინაში, სადაც შესანიღბავად აგურით ამოუქოლავთ და კედლისფრად შეუღებავთ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დევნილმა მთავრობამ ვლაქერნის ხატი, განძეულთან ერთად, საფრანგეთში გაიტანა, საიდანაც იგი 1945 წელს მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი ხელოვნების მუზეუმის ფონდშია დაცული.

გამოყენებული ლიტერატურა: ბუბულაშვილი, ე. - საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები. - თბ.,2006წ.

ბეჭდვა
1კ1