ნუგეში ანუ ნუგეშისმცემელი
ნუგეში ანუ ნუგეშისმცემელი
ვატოპედის ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება, დაბრძანებულია ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდნილა უფლისწული არკადიოსი - თეოდოსი დიდის ძე. ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ყველა საშინელების მოლოდინში იყო, ფიქრობდნენ, რომ იგი დაიღუპა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნისგან დაუძლურებული არკადიოსის თანამგზავრები შემთხვევით ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ და მის ჩრდილში ერთიანად სველ, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწულს წაადგნენ თავს. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონვე უამბო მათ, როგორ იხსნა სასწაულებრივად უკანასკნელ წამს ღვთისმშობელმა. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი - "ყმაწვილის ბუჩქი". იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. მის კურთხევაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნექტარიოსთან ერთად თვით არკადიოსი მოვიდა.

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი" მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია დაბრძანებული, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს, ღვთაებრივი ყრმის მზერა კი სავსეა სიმკაცრით და ულმობელი მსჯავრით. ამ ხატზე შემდეგი გადმოცემა შემოგვრჩა:

807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ჯგუფმა მიაღწია ათონის მთას. განზრახული ჰქონდათ, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვივნილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყაჩაღები, რომლებიც ნაპირზე საღამოს გამოვიდნენ, დილამდე მონასტრის მიმდებარე ბუჩქნარში დაიმალნენ, მაგრამ წმინდა მთის მეთვალყურემ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, არ დაუშვა, რომ უღმერთოთა ბოროტი ჩანაფიქრი აღსრულებულიყო. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის შემდეგ, როცა ძმები დროებითი მოსვენებისთვის საკუთარ სენაკებში დაბრუნდნენ, ამ მონასტრის წინამძღვარი თავის მორჩილებას აღასრულებდა. უცებ მას ღვთისმშობლის ხატიდან შემოესმა: "დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ". იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის ხატს თვალები მიაპყრო. უცებ მან საოცარი სასწაული იხილა: დაინახა, რომ ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა.

ყრმამ ხელი თავისი ღვთაებრივი დედის ბაგეს ააფარა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა: "არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას: დაე, დაისაჯონ". მაგრამ ღვთისმშობელი შეეცადა, თავისი ძის და უფლის ხელი შეეჩერებინა, სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და კვლავ ორგზის წარმოთქვა სიტყვები: "დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ".

საშინელი ხილვით შეძრწუნებულმა იღუმენმა მაშინვე შეკრიბა მთელი საძმო, ღვთისმშობლის გაფრთხილება და უფალ იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები გადასცა. ყველამ განცვიფრებით შენიშნა, რომ ყოვლადწმიდისა და უფლის სახე და საერთოდ მთელი დაწერილობა ხატისა, წინანდელთან შედარებით, სრულიად შეცვლილიყო და ღვთისმშობლის მფარველობა განადიდეს. მათ მონასტრის გალავნისკენ ისწრაფეს და ყაჩაღთა გუნდის თავდასხმა აიცდინეს.

ამის შემდეგ დღევანდლამდე ვატოპედის ღვთისმშლობლის ხატს ეწოდება ნუგეში (ანუ მანუგეშებელი), ხოლო ღვთისმშობლის და მაცხოვრის გამომეტყველება დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც მან მიიღო ხმის აღმოტევების შემდეგ - ღვთაებრივი დედა მარჯვენა მხარეს არიდებს თავს ყრმის გაწვდილ ხელს, ცდილობს, ის თავის ბაგეს ააცილოს, რათა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ თავისუფლად გააფრთხილოს თავისი რჩეული.

ამ სასწაულებრივი დაცვის მოსახსენებლად ვატოპედის ხატის წინაშე უქრობი კანდელი და კელაპტარი ანთია. უძველესი დროიდან ვატოპედში ძმების ბერად აღკვეცა მხოლოდ აქ ხდება და ყოველდღიური პარაკლისიც აქვე აღესრულება.
ბეჭდვა
1კ1