პოჩაევოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
პოჩაევოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
600-ზე მეტი წლის წინ, პოჩაევოს მთაზე  ორი მონაზონი ცხოვრობდა. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი ლოცულობდა და ლოცვის შემდეგ მოინდომა მთის წვერზე ასვლა. ავიდა მთაზე და მოულოდნელად  მთის წვერზე მდგარი ღვთისმშობელი დაინახა. მას   ცეცხლის ალი ჰქონდა გარშემორტყმული, მონაზონმა დაუძახა მეორე მონაზონს. ამ სასწაულს ასევე უმზერდა მწყემსი სახელად იოანე ბოსოი. მწყემსი მთაზე ავიდა, სადაც ორი მონაზონი იდგა. ამის მხილველებმა ადიდეს უფალი.  


მას შემდეგ იმ ადგილს, სადაც ღვთისმშობელი იდგა  სამუდამოდ აღიბეჭდა დედა ღვთისას მარჯვენა  ფეხის  ფეხისგული.  ეს  1340 წელს მოხდა. 1559 წელს, კონსტანტინეპოლიდან მოდიოდა მიტროპოლიტი ნეოფიტე, მან ვოლინის ოლქი გაიარა. მას პოჩაევოს ახლოს მცხოვრები ანა გოისკაია მოინახულა და მისი თხოვნით ცოტა ხანს იქ გაჩერდა. გამგზავრებისას ბერძენმა მღვდელთმთავარმა ლოცვა-კურთხევის ნიშნად ანას კონსტანტინეპოლიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი დაუტოვა.


ხატმა სასწაულის აღსრულება დაიწყო. მას გაბრწყინებულს ხედავდნენ. ანამ მას ჩაუქრობელი კანდელი აუნთო. ამ ხატმა მისი კოჭლი ძმა ფილიპე განკურნა. ანამ ხატი პოჩაევოს მონაზვნებს გადასცა. ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე, კლდეზე ტაძარი აღაშენეს და მასთან მონასტერიც დააარსეს.  საარსებო თანხა ანა გოისკაიამ გამოუყო. სწორედ იმ დროიდან იწოდება ეს ხატი პოჩაევოს ღმრთისმშობლის ხატად. ანას გარდაცვალების შემდეგ პოჩაევოს მთა მის ძმისწულს ერგო, ის მართლმადიდებლობის მოძულე იყო. მან მონასტერი გაძარცვა და დაეპატრონა ხატს, 20 წელიწადი სახლში ჰყავდა დატყვევებული.




ერთხელ მან მართლმადიდებლური სიწმინდის აბუჩად აგდება განიზრახა. მოიწვია სტუმრები, საკუთარი მეუღლე, მართლმადიდებელი მღვდლის სამოსში შემოსა, მან კი ღმრთისმშობლისა და მისი ხატის გმობა დაიწყო. მკრეხელს არაწმინდა სული ეკვეთა და მხოლოდ მას შემდეგ განიკურნა, როცა ხატი ტაძარში დააბრუნეს. ეს  1644 წელს მოხდა.  5 წლის შემდეგ ხატი ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაასვენეს, რომელიც ცოლ-ქმარმა დომაშევსკებმა ააგეს სავანეში. ხატმა კვლავ სასწაულთმოქმედება დაიწყო. მან იმდენი სასწაული აღასრულა თითქოს იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დღეები დაბრუნდაო.




ბეჭდვა
1კ1