ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის მოსკოვში ჩაბრძანება (+1648) - 13 (26) ოქტომბერი
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის მოსკოვში ჩაბრძანება (+1648) - 13 (26) ოქტომბერი
ალექსი მიხეილის ძის მმართველობისას, პატრიარქ ნიკონის დროს, 1648 წლის 13 ოქტომბერს მოსკოვში ივერიის ღვთისმშობლისსასწაულმოქმედი ხატის ასლი ჩამოაბრძანეს. ის არაფრით განსხვავდებოდა დედნისაგან, არც სიმაღლით, არც სიგანით, არც სახით. ივერიის მონასტრის დოკუმენტებში დაწვრილებითაა მოთხრობილი ღვთისმოსავი მამების მიერ ამ ხატის დაწერის შესახებ.

ხატის დაწერის ისტორია

როდესაც არქიმანდრიტი პახუმი ივერიის მონასტერში დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც ათონისათვის შეწირულობების შესაგროვებლად იყო ჩასული, მთელი საძმო - 363 ადამიანი შეკრიბა და საღამოდან დილამდე დიდი პარაკლისი გადაიხადეს, წყალი წმინდა ნაწილებით აკურთხეს და ძველ კარიბჭისმცველ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს აპკურეს, შემდეგ დიდ ჭურჭელში შეგროვილი ასხურეს კიპაროსის ხისგან გამოთლილ დიდ დაფას და წყალი კვლავ ჭურჭელში მოაგროვეს. დიდი რწმენითა და გულმოდგინებით საღვთო ლიტურღია აღასრულეს. ლიტურღიის შემდეგ წყალი ღვთისმოსავ ხატმწერს, ღირს განდეგილსა და სულიერ მამას იამბლიხე რომანოვს მისცეს, რათა მასში გახსნილი საღებავებით წმინდა ხატი დაეწერა. იმ ხნის მანძილზე, რაც მას წერდა, ხატმწერი საზრდელს მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა, ხოლო ძმები მისი შემწეობისათვის კვირაში ორჯერ, ღამისთევის ლოცვას და ლიტურღიას აღასრულებდნენ.

ხატის მოსკოვში ჩაბრძანება

წმინდა ხატის მოსკოვში ჩაბრძანებისას, 1648 წლის 13 ოქტომბერს, მეფე ალექსი მიხეილის ძემ თავისი ოჯახით, პატრიარქი იოსები, სამღვდელოება, ბოიარები და სხვადასხვა წოდების ხალხი ქალაქის აღდგომის კარიბჭესთან ღვთისმშობლის ხატს მიეგება. თავდაპირველად იგი დააბრძანეს მონასტერში.

ღვთისმოსავმა მეფემ იმის მოსახსენებლად, რომ სასწაულმოქმედმა ხატმა ათონის სავანეში სამყოფელად მონასტრის კარიბჭე ისურვა, ბრძანა, რომ ათონიდან გამოგზავნილი ხატი მისთვის სპეციალურად მოწყობილ სამლოცველოში დაებრძანებინათ, რომელიც აღდგომის კარიბჭესთან იყო აგებული. მას იმედი ჰქონდა, რომ ღვთაებრივი კარიბჭისმცველი სატახტო ქალაქს მუდამ მცველად და მფარველად ეყოლებოდა.

სასწაულმოქმედი ხატი

სამლოცველოში დაცულია ჩანაწერების წიგნი, სადაც აღწერილია ყველა ის სასწაული, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოუხდენია იმ ადამინთა მიმართ, ვისაც მისთვის რწმენით და მხურვალე ლოცვით მიუმართავთ. "მოსკოვის ივერიის ღვთისმშობელი მრავალი სასწაულით განდიდდა. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მისი დიდი იმედი და სიყვარული აქვს. 1812 წელს, ფრანგების თავდასხმის დროს, ღვთის ბრძანებით, ხატი მოსკოვიდან ვლადიმირში გადაიტანეს, ხოლო მტრის განდევნის შემდეგ, კვლავ მოსკოვში დააბრუნეს და დააბრძანეს სამლოცველოში, საითკენაც ყოველდღიურად მიილტვის მორწმუნეთა დიდი ჯგუფები. მართლმადიდებელი მეფეები ძველი დედაქალაქის მონახულებისას სამლოცველოსთან ჩერდებიან, რათა თაყვანი სცენ წმინდა სასწაულმოქმედ ხატს. წმინდა ხატი ხშირად მიბრძანდება სნეულთა ოჯახებში. როდესაც ქუჩაში სპეციალური ბალდახინით მიყავთ, ყველა პირჯვარს იწერს და თაყვანს სცემს მას. სამლოცველო რომ სიწმინდის გარეშე არ დარჩეს, დაწერილია სხვა მსგავსი ხატი, რომელიც მუდამ იქ იმყოფება".

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შედეგად მონასტერი დაინგრა, ხატის ადგილმდებარეობა კი დღემდე გაურკვეველია. რუსეთის პატრიარქის ალექსი II კურთხევით დაიწერა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ახალი ასლი, რომელიც 1995 წ. დააბრძანეს კრემლთან, ივერიის სამრეკლოში.

წყარო: "ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია". გვ.115-117. თბილისი 2001 წ.

ბეჭდვა
1კ1