მარადისობის სარკმელი
მარადისობის სარკმელი
ხატი არის მარადისობის სარკმელი და იგი, უპირველეს ყოვლისა, სულიერ რეალობას ასახავსDდა ამავდროულად, წარმოგვიდგენს იმ ისტორიულ მოვლენას, რომელიც ოდესღაც მოხდა მატერიალურ სინამდვილეში.

უფლის ამაღლება შესანიშნავად აქვს მოთხრობილი ლუკა მახარებელს (საქმე მოციქულთა):

საქმე წმიდათა მოციქულთაი (აღწერილი ლუკა მახარებელისაი)

თავი I

1. პირველი ესე სიტყუაი ვყავ ყოველთათვის, ჰოი, ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად.

2. ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა,

3. რომელთაცა წარუდგინა თავი თვისი ცხოველი შემდგომად ვნებისა თვისისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათვის ღმრთისა,

4. და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალიმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.

5. რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად.

6. ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსაი

7. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელნი-იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა,

8. არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალიმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

9. და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაი იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა.

10. და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,

11. და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.

მაცხოვრის ამაღლების ხატი სწორედ ელეონის მთაზე ოდესღაც მომხდარ რეალობას ასახავს. მასზე გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი (ცენტრალური ფიგურა) და მის გვერდიგვერდ მდგომი, თეთრად მოსილი ორი ანგელოზი. ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

მამა გაბრიელ ეპისკოპოსი საოცარ შედარებას ახდენს, რომ მაცხოვრის ამაღლებამ მოციქულებში გამოიწვია განსხვავებული და უსაზღვრო სიყვარული მაცხოვრის მიმართ. მაცხოვარი მოციქულების გვერდით რომ დაბერებულიყო და აღსრულებულიყო ამ ქვეყნიური ცხოვრებით, შეიძლება ამხელა რწმენა და სიყვარული არ ყოფილიყო მათ შორისო.

როდესაც მაცხოვარი თვალს მიეფარა და ამაღლდა, ამ დროს მოციქულებში გაჩნდა საოცარი მონატრება, საოცარი სწავლის გაორმაგება ანუ მაცხოვრის სწავლებამ უფრო მეტი ნაყოფი გამოიღო. და ამაღლდა, რათა ისინი მიეზიდა სიყვარულით თავისთან. ამიტომაც იყვნენ თავდადებულნი მოციქულები.

ბეჭდვა
1კ1