ხსენება პოჩაევოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა (+1675) – 23 ივლისი (5 აგვისტო)
ხსენება პოჩაევოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა (+1675) – 23 ივლისი (5 აგვისტო)
1675 წელს თურქებმა უკრაინაში, ტერნოპილის რაიონში მდებარე პოჩაევოს ლავრას ალყა შემოარტყეს. მონასტერი ხის იყო, რაც აძნელებდა დაცვას. სავანის დედებს მთელი იმედი დედა ღვთისაზე ჰქონდათ დამყარებული. მონასტერში დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. იღუმენმა ბრძანა ხატის წინ ღვთისმშობლის დაუჯდომელი ეგალობათ, როდესაც დაიწყეს გალობა: "ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა", ამ დროს ტაძრის თავზე თვით თურქებმა შეამჩნიეს საკვირველი ჩვენება, ღვთისმშობელი მოკაშკაშე ნათებით, პოჩაევოსთვის თავისი ომოფორი გადაეფარებინა, ღვთისმშობლის გარშემო უამრავი ანგელოზი გამოჩნდა საომარი აღჭურვილობით, ხელთ მოელვარე მახვილები ეპყრათ. თურქებმა უწესრიგოდ იწყეს გაქცევა, ხოლო პოჩაევოს დამცველები გარეთ გამოცვივდნენ და მტრებს გამოდევნებულებმა საბოლოოდ დაამარცხეს ისინი. სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მიერ ამ აღვლენილ სასწაულს იხსენიებს ეკლესია ძველი სტილით 23 ივლისს (5 აგვისტოს). ამ ხატის ისტორია კი ასეთია:

600-ზე მეტი წლის წინ, პოჩაევოს მთაზე ცხოვრობდა ორი მონაზონი. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი ლოცულობდა და ლოცვის შემდეგ მოინდომა მთის წვერზე ასვლა. ავიდა მთაზე და მოულოდნელად დაინახა მთის წვერზე მდგარი ღვთისმშობელი. იგი ცეცხლის ალით იყო გარშემორტყმული, მონაზონმა დაუძახა მეორე მონაზონს. ამ სასწაულს ასევე უმზერდა მწყემსი, სახელად იოანე ბოსოი, რომელიც ასევე ავიდა მთაზე, სადაც ორი მონაზონი იდგა. ამის მხილველებმა ადიდეს უფალი. მას შემდეგ იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობელი იდგა, სამუდამოდ აღიბეჭდა დედა ღვთისას მარჯვენა ფეხის ფეხისგული. ეს მოხდა 1340 წელს.

1559 წელს კონსტანტინოპოლიდან მოდიოდა მიტროპოლიტი ნეოფიტე, მან ვოლინის ოლქი გაიარა. გზად პოჩაევოს ახლოს მცხოვრები ანა გოისკაია მოინახულა და მისი თხოვნით ცოტა ხანს იქ გაჩერდა. გამგზავრებისას ბერძენმა მღვდელმთავარმა ლოცვა-კურთხევის ნიშნად ანას კონსტანტინოპოლიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი დაუტოვა.

ხატმა სასწაულის აღსრულება დაიწყო. მას გაბრწყინებულს ხედავდნენ. ანამ ხატთან ჩაუქრობელი კანდელი აანთო. ამ ხატმა ანას კოჭლი ძმა ფილიპე განკურნა. ანამ ხატი პოჩაევოს მონაზვნებს გადასცა. ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე კლდეზე ტაძარი აღაშენეს და მასთან მონასტერიც დააარსეს. საარსებო თანხა ანა გოისკაიამ გამოუყო. სწორედ იმ დროიდან იწოდება ეს ხატი პოჩაევოს ღმრთისმშობლის ხატად. ანას გარდაცვალების შემდეგ პოჩაევოს მთა მის ძმისწულს ერგო, ის მართლმადიდებლობის მოძულე იყო. მონასტერი გაძარცვა და დაეპატრონა ხატს, 20 წელიწადი შინ ჰყავდა დატყვევებული. ერთხელ მართლმადიდებლური სიწმინდის აბუჩად აგდება განიზრახა. მოიწვია სტუმრები, საკუთარი მეუღლე, მართლმადიდებელი მღვდლის სამოსით შემოსა, მან კი ღმრთისმშობლისა და მისი ხატის გმობა დაიწყო. მკრეხელს არაწმინდა სული ეკვეთა და მხოლოდ მას შემდეგ განიკურნა, როცა ხატი ტაძარში დააბრუნეს. ეს მოხდა 1644 წელს.

5 წლის შემდეგ ხატი ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაასვენეს, რომელიც ცოლ-ქმარმა დომაშევსკებმა ააგეს სავანეში. ხატმა კვლავ სასწაულმოქმედება დაიწყო. მან იმდენი სასწაული აღასრულა, თითქოს იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დღეები დაბრუნდაო.

ერთი პოჩაევოელი მონაზონი დაატყვევეს, იტანჯებოდა საპყრობილეში, იგონებდა პოჩაევოს მისი საკვირველი ეკლესიებითა და სიწმინდეებით, ღმრთისმსახურებითა და საგალობლებით. განსაკუთრებით წუხდა, რომ ახლოვდებოდა მარიამობის დღესასწაული, ის კი ტყვეობაში რჩებოდა და თვალცრემლიანი ევედრებოდა ღვთისმშობელს, დაეხსნა ტყვეობისაგან. მოხდა სასწაული: ამ დროს უეცრად გაქრა საპყრობილის კედლები და თავისდა გასაკვირად აღმოჩნდა ხალხით სავსე მონასტრის კედლებთან.

პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს: 08 სექტემბერს, 11 აპრილს, 23 ივლისს და პრწყინვალე შვიდეულის პარასკევს. 

ლოცვა პოჩაევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისადმი

ევედრებიან ერესისა და სქიზმისგან დასაცავად, უცხოტომელთა შემოსევისას, სულიერი და ხორციელი სიბრმავის განსაკურნებლად, ტყვეობისაგან დახსნისათვის.

ტროპარი, ხმა 5

მლოცველნი წინაშე წმინდისა ხატისა შენისასა, დედუფალო, კურნებასა მოიღებენ, ჭეშმარიტისა სარწმუნოებისას ცნობასა მიემთხვევიან და განაგდებენ აგარიანთა ზედმოსლვათა. ეგრეთვე ყოველთა, შენდა მოლტოლვილთათვის ცოდვათა მოტევებაჲ ითხოვე, განანათლენ გულნი ჩუენნი ღმრთეებრივითა ზრახვითა, აღამაღლენ ლოცვანი ჩუენნი წინაშე ძისა შენისასა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა
შენდამი, ჰოჲ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ლოცვითა მოვილტვით ცოდვილნი ესე, პოჩაევისა ლავრასა შინა აღსრულებულთა სასწაულთა შენთა მომხსენებელნი და ცოდვათა ჩუენთა ზედა მტირალნი, უწყი, დედუფალო, უწყი, რამეთუ არა მაქუს ჩუენ ცოდვილთა კადნიერებაჲ დატევებულთა მართლისა მსაჯულისა მიერ უსჯულოებათა ჩუენთა¬თვის. განმრავლდეს ყოველნი განსაცდელნი ცხოვრებისა ჩუენისანი, - მწუხარებაჲ და სიგლახაკეჲ და სნეულებაჲ, - ნაყოფნი დაცემისა ჩუენისანი, გარდამოვლენილნი ღვთისა მიერ ჩუენ ზედა - განსწავლისა ჩუენთათვის. მითვე ჭეშმარიტითა მსჯავრითა თვისითა მოიხილოს უფალმან ცოდვათა მონათა თვისთა რამეთუ მწუხარებითა ჩუენთა შინა მოვილტვით მეოხებისა შენისა მომართ, ყოვლადწმინდაო და მოწყალითა გულითა შენდა ვხმობთ ესრეთ: ნუ სადა მოიხსენებ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა, სახიერო, არამედ ყოვლადპატიოსანისა ხელისა შენისა განპყრობითა წარგვადგინე წინაშე ძისა და ღვთისა შენისა, რაჲთა ყოველნივე ქმნულნი ჩუენნი მოგვიტეოს ჩუენ და გარდასვლისათვის მრავალთა აღთქმათა ჩუენთასა ნუ გარე მიიქცევ პირსა თვისსა მონათა თვისთაგან და მადლი თვისი - ხსნისა ჩუენისა მიზეზი არა მოიღოს სულთა ჩუენთაგან. ჰოჲ, დედუფალო, მეოხ მეყავ ცხორებისა ჩუენისათვის და ნუ უგულებელს-მყოფ სულმოკლეობათა ჩუენთათვის, მოხედენ სულთქუმათა ჩუენთა, რომელთა მწუხარებათა და ჭირთა შინა მყოფნი აღვავლენთ წინაშე სასწაულმოქმედისა ხატისა შენისა, მოწყალებითა განანათლენ ზრახვანი გონებათა ჩეუნთანი, სარწმუნოებასა შინა განმაძლიერენ, სასოებაჲ განმიმტკიცე, ტკბილსა ნაყოფსა სიყუარულისასა მოღებად ღირს მყვენ, რაჲთა მადლითა და არა სნეულებითა და ჭირითა მაცხოვნნეს და სასოწარკვეთილებათაგან და მწუხარებათაგან გარეშეზღუდნეს სულნი ჩუენნი. მიხსენ ჩუენ უძლურნი ყოველთა ჭირთაგან და კრულებათაგან კაცთასა, მოუთმენელთა სენთაგან, კეთილდღეობაჲ მიჰმადლე ერსა ქრის-ტეანეთასა შუამდგომელობითა შენითა, დედუფალო, განამტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოებაჲ შორის ერისა ჩუენისა და ყოველსა ქუეყანასა ზედა განარინე ყოვლისაგან დამცრობისა წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაჲ, მოძუღვრებანი წმინდათა მამათანი საუკუნითგან უკუნისამდე შეურყეველად დაიცვენ და წარწყმედელისა უფსკრულისაგან მიხსენ ყოველნი შენდა მოლტოლვილნი და მასთან ერეს¬თაგან შეცთომილნი ძმანი ჩუენნი და წარწყმედელთა ვნებათაგან მოწყლულნი ჭეშმარიტისა მაცხოვნებელისა სარწმუნოებისა მომართ მოიყვანენ, რაჲთა აღიარებდენ შუამდგომელობასა შენსა და თაყუანის-ცემდენ სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა. ღირს მყვნენ ჩუენცა, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მსგავსად აგარიანთა, რომელთა განმმარჯვებელად და განმანათლებლად გამოუჩნდი, რაჲთა მადლობისა გულითა ანგელოზთა, წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა თანა განმადიდებელნი შენისა გულმოწყალებისანი, დიდებასა, პატივსა და თაყუანისცემასა აღვავლენთ წინაშე სამებით საგალობელისა ღვთისა: მამისა და ძისა წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
.........................

აქვე წაიკითხეთ:

პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება!

პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება!

პოჩაევოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება პოჩაევოში და მის მიერ დატოვებული ნატერფალი (+1340) - 11 (24) აპრილი



ბეჭდვა
1კ1