მეტეხის ღვთისმშობელი
მეტეხის ღვთისმშობელი
მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია ერთ-ერთი უძველესთაგანია თბილისში აშენებულ ეკლესიათა შორის. ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში — "მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში" მეტეხის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: "ავლაბარსა შინა არის ეკკლესია დიდშენი სახელსა ზედა ღვთის მშობელისასა აკათისტოსად წოდებული, მეხუთესა კვირიაკესა დიდმარხვის შაბათის დღეს ზედა. მაღალსა კლდესა ზედა გუმბათიანი ქვითკირისა და თლილისა ქვით ნარევად აღშენებული ვახტანგ გურგასლანისაგან 480-სა წელსა. ამა ეკლესიისა კლდის მთისა ძირსა ქვეშე ხიდსა თანა ტფილისისასა არს ნიში მოსალოცველი წმინდისა მოწამისა აბო სპარსისა, რომელიცა ეწამა ქრისტეთვის ადგილსა მას ამის სპარსისაგან 791-სა წელსა და დღესასწაულსა მისსა დღესასწაულობს ქართველთა ეკკლესია იანურის თთვის 8-დღესა. იტყვიან კუალად რომელ ამას ეკკლესიასა შინა იყოს მისვენებული და დაფლული ქრისტეთვის წამებით მოკლული წმინდა მოწამე დედოფალი შუშანიკ, რომელიცა ეწამა წელსა 432- სა ახლად გაკერპმსახურებულისა ქრმისა მისისა ვარქსგენისაგან"...

ტაძრის აშენებას VI საუკუნეში ასევე ადასტურებენ ვახუშტი, პლატონ იოსელიანი და სხვა მკვლევრები. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: "იტყვიან ამას აღშენებად გორგასლისაო". მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია, ციხე¬სიმაგრე და სასახლე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ტაძარი სიმბოლურად იერუსალიმის გეთსიმანიის ბაღში ღვთისმშობლის საფლავზე აგებულ ტაძარს მიედრებოდა.

ადრე ტაძარს ჰქონდა XVII საუკუნეში მოჭედილი თავისი ხატიც - ჩვილედი ღვთისმშობლისა. მაჯდ-ოს-სალტანე მასთან დაკავშირებით წერს: "1795 წელს, ყიზილბაშების შემოსევის ჟამს დაიკარგა ტაძრის ხატი, რომლის სამაგიერო გამოგზავნა პეტერბურღიდან ბატონიშვილმა სალომემ, იულონის მეუღლემ".

მეტეხის ღვთისმშობლის ხატის სასწაული.

მაჰმადიანთა ურიცხვი ლაშქარი დაიძრა საქართველოსკენ. თამარმაც გასცა ბრძანება და ათ დღეში ყოველი მხრიდან შავარდნებივით მოფრინდნენ ქართველი მხედრები. თამარმა რამდენიმე დღე დაჰყო ლაშქართან. მეომრებთან ერთად ლოცულობდა, ამხნევებდა, ძალას მატებდა. ბოლოს დალოცა, "წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონ ჭყონდიდელი", თვითონ კი ფეხსაცმელი გაიხადა, ფეხშიშველი გაემართა მეტეხის ტაძრისკენ, ღვთისმშობლის წმინდა ხატის წინაშე დაემხო და ცრემლით ევედრა, "ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოვნელი მისი". ურიცხვი იყო მტერი, მაგრამ მეტეხის ღვთისმშობლისა და წმინდა თამარის ლოცვით ძალამიცემულმა ქართველებმა მაინც გაიმარჯვეს. "ვითარცა თაგვთა, მოსრვიდეს და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს" მტერს... ქართველები განძაშიც შევიდნენ, სულთნის ტახტზე დავითი დასვეს და დიდი პურობა გადაიხადეს.


ბეჭდვა
1კ1