თამარ მეფის ფრესკები
თამარ მეფის ფრესკები
"მიხარის - გიმზერ, ვჰსწუხვარ - და გიმზერ"
ცნობილია თამარის სულ ოთხი პორტრეტული გამოსახულება (ფრესკა): ვარძიის, ბეთანიის, ბერთუბნისა და ყინწვისის.

ბეთანიის მონასტრის მთავარ (ღვთისმშობლის სახელობის) ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი-ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. თამარის ფრესკის გამოჩენა მხატვარ გ. გაგარინის სახელს უკავშირდება, მან ტაძრის ჩამონგრეული ქვების გასუფთავებისას გამოაჩინა მეფის ფრესკა.

ოთხმოც წელს მიტანებული გრიგოლ ორბელიანი კრძალვით შეჰყურებდა ბეთანიის ეკლესიაში თამარის მშვენებით აღსავსე სახეს და ცრემლმორეული წარმოთქვამდა: "მიხარის - გიმზერ, ვჰსწუხვარ - და გიმზერ"; მზად იყო, სათაყვანო ხატებას ფერხთ მთხვეოდა. სურდა, გაეხანგრძლივებინა ნეტარი წუთები, აღარ გამოფხიზლებულიყო ამ ნეტარებისაგან, აღარ დაბრუნებოდა პირქუშ სინამდვილეს, გადავიწყებოდა "სამშობლოს სულით დაცემა". პოეტი ევედრება სახელოვან წინაპარს, მოხედოს ბედკრულ მამულს, ისევ აკურთხოს ჯვრით, როგორც სალაშქროდ შეყრილ ჯარს აკურთხებდა ხოლმე. შეეწიოს საქართველოს ძლიერების აღდგენას, რათა მისი ხალხიც "დადგეს ერად სხვა ერთა შორის", გამოიღვიძოს, სული განუახლდეს და "განქრეს ბნელი უმეცრებისა". გრიგოლ ორბელიანის ამ ბრწყინვალე ლექსში არაა დავიწყებული არც ტრადიციული საყვედური დაუნდობელი წუთისოფლისადმი და ბოლოს, თვალში გვხვდება საკმაოდ გამჭვირვალე მეტაფორები, ერთიმეორეს რომ მიჯრიან მთავარი სათქმელის აღმოსახდენად: "ნუთუ ესღა გვაქვს. ვჰხედავ რასაცა?Dდაყრუებულსა, გზა შეუვალსა, უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს, სად სახე მეფის, დიდის თამარის, სჩანს ძველ კედელზე გამოხატულად!" ამ სტრიქონებში მკაფიოდ აღბეჭდილია სასოწარკვეთილება და უიმედობა...

ცნობილია ასევე თამარის ფრესკა ვარძიაში.

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მხატვრობა ფართოდ არის ცნობილი არა მხოლოდ შესრულების მაღალმხატვრული დონით. პოპულარობას იგი განსაკუთრებით ცნობილი ისტორიული პირების პორტრეტების არსებობას უნდა უმადლოდეს. აქ გამოსახულნი არიან მეფე გიორგი III, მისი სახელოვანი ასული - თამარ მეფე, ერისთავი რატი სურამელი, რომელიც, აწ დაკარგული წარწერის თანახმად, მხატვრობის დამკვეთი ყოფილა.

გიორგი III და თამარი ქართველ მეფეთათვის მიღებულ ბიზანტიელ იმპერატორთა საზეიმო სამოსში არიან, რატი სურამელი კი - ფეოდალთათვის ჩვეულ სამოსში. საერო პირთა პორტრეტები, გამოირჩევიან რა სიდიდით, კონქის კომპოზიციის შემდეგ უმთავრეს აქცენტებად აღიქმებიან. მოხატულობაში ისტორიული პორტრეტების მნიშვნელობა ხაზგასმულია იმითაც, რომ ისინი განლაგებულია ჩრდილოეთ კედელზე, შესასვლელის პირდაპირ, როგორც ყევლაზე კარგად განათებულ და ადვილად აღსაქმელ ადგილას. მეფის პორტრეტი კი მეტად არის გამოყოფილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საკურთხეველთან ახლოს მდებარე ადგილით.

ისტორიულ პირთა პორტრეტების წყალობით მთავარი ტაძრის მხატვრობა ზუსტად თარიღდება 1184-1186 წლებით.

გიორგი III-ის გვერდით წარწერის - "მრავალჟამეულობისმცა" უქონლობა (რაც თამარის პორტრეტს ახლავს), მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მხატვრობა გიორგის გარდაცვალების შემდეგ შესრულებულა. ამით აიხსნება ისიც, თუ რატომ წარსდგება ღვთისმშობლის წინაშე ეკლესიის მოდელით არა გიორგი III - ვარძიის პირველი მაშენებელი, არამედ თამარი, რომლის დროსაც კლდეში გამოიკვეთა და მოიხატა ეს ეკლესია.

ის ფაქტი, რომ თამარის თავსაბურავსა და ვარცხნილობაში გვირგვინის არსებობისას არ არის გათხოვილი ქალისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები (ქსოვილი, რომელიც ნიკაპს ქვემოდან კრავს, გრძელი, საფეთქლებიდან ჩამოშვებული კავები), მოწმობს, რომ ეკლესია მოიხატა თამარის გათხოვებამდე, ანუ 1186 წლამდე.

ცნობილია ასევე თამარ მეფის ფრესკა ბერთუბნის მონასტერში (დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერი), რომელიც დაარსებულია XII საუკუნეში. ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიის კედლები შემკულია XIII საუკუნის დასაწყისის მხატვრობით: გამოსახული არიან თამარ მეფე და ლაშა-გიორგი.

ყინწვისის მონასტრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი, ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ბრწყინვალე ეპოქას, "ოქროს ხანად" წოდებულ თამარის მეფობას (1184-1212) უკავშირდება. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია XIII ს-ის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის, ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. ტაძრის ორივე მკლავის ქვედა რეგისტრებში წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები: ჩრდილოეთით - გიორგი III, თამარი და მეფისწული გიორგი-ლაშა, სამხრეთით - მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე ეკლესიის მოდელით ხელში. აქვეა შემორჩენილი ვრცელი ისტორიული წარწერის ნაშთები. ქტიტორის გვერდით გამოსახულია სამი მეომარი (უშუალოდ მის გვერდით წმინდა გიორგია). ისტორიულ პირთა გამოსახულებებს შუა საუკუნეების ქართული ტრადიციის მიხედვით ყველაზე თვალსაჩინო ადგილი აქვთ დათმობილი (შესასვლელის მოპირდაპირე მხარე, ქვედა რეგისტრი).

ასე რომ, თამარ მეფის სახე, საუკუნეთა მანძილზე, მისივე დროიდან დღემდე, უბადლო მუზად ევლინება პოეტების კალამსა და მხატვრების ფუნჯს. ყველას გვახსოვს: "თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა-ნარნარი, პირმცინარი"... "თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული"... "თამარ, გოდებავ უნაპირო და უსასრულო, თამარ, ღვთაებავ, თამარ მზეო, მზეო, ჩასულო!"...

შთამომავლობის დამოკიდებულება თამარ მეფისადმი, ვგონებ, ყველაზე მოხდენილად გამოხატა ვაჟა-ფშაველამ, მისთვის დამახასიათებელი მოკრძალებითა და თავმდაბლობით რომ მიმართავს "რუსთველის ქებას ჩვეულ" მეფეს: მეც ქებას გაგიბედავო Dდა მაინც შიშობს, "სათნოების საუნჯეს", ვაითუ არ ეჭაშნიკოს "მონად აღზრდილი მოლექსისა და საწყალი ფშაველის" მიერ წარმოთქმული სალამი, მაგრამ მოკვდავი ადამიანის უფლება ღვთაების წინაშე ლოცვა-ვედრებისა ათამამებს და მხნეობას უნერგავს სულში. პოეტი თითქოს წყდება მიწიერ განცდებს, გარემოს უკუღმართობით გამოწვეულ საყოველთაო ვარამსა თუ საკუთარ ტკივილს, და მთელი ქართველი ხალხის სახელით ესაუბრება შვიდი საუკუნის წინათ გარდაცვლილ მეფეს: "ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო".

1915 წლის მაისია. ორი თვეღა დარჩენილა ვაჟა-ფშაველას სიკვდილამდე, რომელიც უკვდავების ხელშეუხებელ ბილიკს გაუკვალავს პოეტს, ამქვეყნიურმა ცხოვრებამ შხამი და ნაღველი უხვად რომ შეასვა. ხოლო უკვდავება თავს ერთად უყრის ყველა ღირსეულს, მეფე იქნება თუ მდაბიორი, ბედისგან უზომოდ განებივრებული თუ სასტიკად დაჩაგრული. იწყება უკვდავება და უკვე მომავალ თაობათა, მომავალ საუკუნეთა პირით ევედრება პოეტი თამარს: "მოწყალე გვექმენ ქართველთა, ჩვენო ლამაზო დედაო!"

ეს სიტყვები, ერთდროულად მარტივიც და გენიალურიც, ბიბლიურ სიღრმე-სისადავეს რომ გაგვახსენებს, ესტაფეტასავით მოსულა ჩვენამდე და ასევე გააგრძელებს მსვლელობას ხვალ და მარადჟამს.

ბეჭდვა
1კ1