წმინდა ნიკოლოზის სტრიდისის სასწაულმოქმედი ხატი
წმინდა ნიკოლოზის სტრიდისის  სასწაულმოქმედი ხატი

გადმოცემა წმინდა ნიკოლოზის სტრიდისის (რაც ბერძნულად „ხამანწკას'' ნიშნავს) სასწაულმოქმედი ხატის გამოცხადების შესახებ, სტავრონიკიტას სავანის დაარსებას უკავშირდება.

იმ ადგილას, სადაც დღეს ეს ხატია დაბრძანებული, ძველი დროიდან, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საყდარი ყოფილა აღმართული. სავანე არაბ დამპყრობლებს დაუნგრევიათ და გაუძარცვავთ. მონასტერი დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული ყოფილა კაცთაგან. მოგვიანებით, ათონის წმინდა მთაზე მცხოვრებ, უკვე ტახტიდან გადამდგარ კონსტანტინოპოლის პატრიარქ იერემიას განუზრახავს აქ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ახალი სავანის დაარსება.

ღვთის განგებულებით, პატრიარქი სავანეში, სწორედ იმ დროს მისულა, როცა მეთევზეებმა ზღვაში ბადე ისროლეს, ბადეს, თევზის ნაცვლად წმინდა ნიკოლოზის ხატი ამოჰყვა. ყველანი გაოცებით შეჰყურებდნენ მოზაიკურ ხატს, რომელსაც შუბლზე, მარცხენა თვალის გუგასთან სადაფის ნიჟარა შეზრდოდა. მეთევზეებმა ფრთხილად სცადეს ნიჟარის მოცილება, მაგრამ წმინდანის სახეზე, ღრმა იარა წარმოიქმნა და ხატი მაინც დაზიანდა, თუმცა სასწაულმაც არ დააყოვნა და ხატს ჭრილობიდან სისხლი წამოუვიდა.

ამ ხილული სასწაულის შემდეგ პატრიარქმა 1553 წელს აშენებული მონასტერი წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხა. ხატი, რომელსაც ისევ ატყვია ჭრილობისა და სისხლის ნაკვალები, დღემდე მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. სადაფის ნიჟარის ერთი ნატეხით უწმინდესმა იერემიამ პანაღეა გააკეთებინა, რომლითაც რუსეთის პირველი პატრიარქი იობი აკურთხა. ეს პანაღეა დღეს, რუსეთის საპატრიარქო მუზეუმში ინახება. მეორე ნაწილისგან ლამბაქი გააკეთებინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სეფისკვერისათვის. ამ პანაღეარს ტრაპეზობის წესის აღსრულებისას შეაბრძანებენ ხოლმე მონასტერში.

 

 

ბეჭდვა
1კ1