ხსენება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა "დაღუპულთა მომძიებელი" - 05 (18) თებერვალი
ხსენება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა "დაღუპულთა მომძიებელი" - 05 (18) თებერვალი
გადმოცემის თანახმად, ეს ხატი VI საუკუნეში, კონსტანტინოპოლში განდიდდა, როდესაც სასოწარკვეთილი მონაზონი, თეოფილე (ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული) მომაკვდინებელი ცოდვისა და საუკუნო დაღუპვისაგან იხსნა.

ამ ხატის "რუსული ისტორია" კი ასეთი გახლავთ:

XVIII საუკუნის შუა წლებში, სბორში ღვთისმოსავი გლეხი, თეოდოტე ალექსეევ-ობუხოვი ცხოვრობდა, რომელსაც, როგორც შეეძლო, ისე შეეწეოდა სოფლის ტაძარს.

ნათლისღება დღეს, ქალაქ ბოლხოვიდან მომავალს ქარიშხალი და ქარბუქი წამოეწია, რასაც ყინვაც დაერთო. ობუხოვი საშინლად გაითოშა, ცხენი გამოუშვა, თავად კი შეიფუთა, მარხილში ჩაწვა და დაძინება სცადა.

შიკვდილ-სიცოცხლეს შორის მყოფმა შემწედ ღვთისმშობელს უხმო და აღუთქვა, რომ დაწერდა ხატს, დაღუპულთა მომძიებელს.

ღვთისმშობელმა მისი ლოცვა შეისმინა, მეზობელ სოფელში ერთმა გლეხმა ხმა გაიგონა: - "მიიღეთ", გარეთ გავიდა და მარხილში ნახევრად გაყინული ფედოტი ალექსეევი დაინახა.

გამოჯანმრთელებისთანავე ობუხოვმა ხატმწერს აღთქმული ხატი შეუკვეთა. სიწმინდე ჯერ სახლში მიაბრძანა, შემდეგ კი საკუთარი ხელით გადააბრძანა სოფლის ტაძარში. ამის შემდეგ ბორის ხატი სასწაულებით განდიდდა.

ხატის ვერცხლის მოოქრული სამოსელი 1 ფუტზე მეტს იწონის და იგი ძველი ხის ეკლესიიდან ქვის ტაძარში 1780 წელს გადაიტანეს.

* * *

ეს სიწმინდე ნეტარ მატრონა მოსკოველსაც უკავშირდება: - XX საუკუნეში იგი ნეტარი მატრონას კურთხევით და თხოვნით დაიწერა.

XX საუკუნისMII ათწლეული კარს იყო მომდგარი, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რაოდენი უბედურებები ელოდა ქვეყანას.

- დედა, - უთხრა ერთ დღეს მატრონამ მშობელს, - ბოლო დროს ძალიან ხშირად მესიზმრება ხატი, სახელად ,,დაღუპულთა მომძიებელი", როგორც ჩანს, შავი დრო მოგველის, ადამიანები დაიღუპებიან, ამიტომ ითხოვს იგი ჩვენს ტაძარში მობრძანებას.

პირველი მსოფლიო ომი, როგორც იტყვიან, ზღურბლზე იყო, ცოტა გვიან კი რევოლუცია და სამოქალაქოც... დედა თავიდან ვერ მუხვდა შვილს და, ახსოვდა რა მამა ვასილის სიტყვა, - გოგონას, რასაც ითხოვს, ყველაფერი შეუსრულეთო, - ასეც მოიქცა და მღვდელს მისი დანაბარები გადასცა: - ,,ამა და ამ თაროზე, ამა და ამ წიგნში ღვთისმშობლის ძალზე იშვიათი ხატი, ,,დაღუპულთა მომძიებელი" დევს, იპოვეთ, შემდეგ ხატმწერი ნახეთ, რომელიც ამ დედნით ახალ ხატს დაწერსო".

მღვდელმა მითითებულ ადგილას მართლაც ნახა ხსენებული ხატი, მაგრამ სად უნდა ეპოვათ ხატმწერი, ან მის დასაწერად თანხა როგორ მოეძიებინათ, არავინ უწყოდა. მაშინ მატრონამ მეზობელ ქალებს სთხოვა, მეზობელი სოფლები მოიარეთ და შემწეობა ითხოვეთო. როდესაც მატრონას შეგროვილი ფული მიუტანეს, გადათვალა და განზე მხოლოდ მანეთიანი და კაპიკიანი გადადო. როგორც გაირკვა, მანეთიანი იმ კაცს ეკუთვნოდა, რომელსაც მისი შეწირვა არ სურდა, კაპიკიანი კი - ამ ძუნწის ძმას მიეგდო ქალებისთვის აბუჩად ასაგდებად...

მალე ხატმწერიც იპოვეს, რომელსაც მატრონა დაეჭვებით დაეკითხა:
- შეძლებ კი ამ ხატის დაწერას?

- განა ერთი და ორი ხატი შემიქმნია, - მედიდურად მიუგო ხატმწერმა, თუმცა, მატრონამ გააფრთხილა: - ამ სიწმინდის შექმნას მანამ ვერ შეძლებ, სანამ აღსარებას არ იტყვი და ეზიარებიო.

შეჰპირდა ხატმწერი, - ვეზიარებიო და თავის გზას დაადგა...

გავიდა ხანი და დაბნეული ოსტატი ნეტარს მიადგა: - არაფერი გამომდის, ხატს ვერა და ვერ ვწერო.

- იმიტომ, რომ შენს სულს მოუნანიებელი ცოდვა აწევს, აღსარებაზე რომ დამალე, - და ის ცოდვა დაუსახელა, რომლის შესახებაც მხოლოდ მხატვარმა იცოდა...

რა გაეწყობოდა, მოძღვარს მიაკითხა და როგორც კი შეინანა, ხატის დაწერაც თავისუფლად შეძლო.

მატრონას თანასოფლელი, ზინაიდა ჟდანოვა იმ უამრავი სასწაულის მომსწრე შეიქმნა, ამ ხატმა რომ აღასრულა. სიწმინდე ლიტანიობით მიაბრძანეს სებინოს ტაძარში, პროცესია გზად მდინარის ციცაბო ნაპირთან შეჩერდა და იქ განაგრძო ლოცვა. ზინაიდას, რომელიც იმ დროისათვის შვიდიოდე წლის თუ იყო, ფეხი დაუსხლტა და დიდი სიმაღლიდან მდინარისკენ გადაექანა... საშინელების მოლოდინში ყველა გახევდა... მაგრამ რაღაც ძალამ ბავშვი ზედ მდინარის პირას შეაჩერა, გოგონა სასწაულებრივად გადარჩა, ლოცვა გაგრძელდა და როდესაც ხატი ტაძარში შეაბრძანეს, დიდი ხნის ნანატრი წვიმაც მოჟუჟუნდა...

ამ უძლიერეს ხატს შესთხოვდნენ განსაცდელისა და უბედურებისაგან თავდახსნას, გვალვისას - წვიმას და მოსავლიანობას და შემწეობაც არ აყოვნებდა.

............................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1